Belive

რონალდინიომ ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც მესიზე უკეთესად მიიჩნევს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
40 წლის ბრაზილიელმა ლეგენდამ 3 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც მესიზე უკეთესად თვლის.  "ბარსელონას" ყოფილმა სუპერვარსკვლავმა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის როლზე სამი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის ლეო მესი ვერ მოხვდა. როგორც იცით, 33 წლის მესიმ გასული წლის დეკემბერში მე-6 ოქროს ბურთი მოიგო და კრიშტიანუ რონალდუს ერთით გაასწრო. France Football - ის სასურველი პრიზის მოგება არგენტინელ სუპერვარსკვლავს რონალდინიომაც მიულოცა, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონის სიტყვებით, მისთვის რთულია იმის თქმა, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ესპანურ გაზეთ Marca - თან ინტერვიუში რონალდინიომ აღნიშნა : "მიხარია, რომ მესიმ ოქროს ბურთი მოიგო. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით ბარსელონაში გატარებული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არ მიყვარს მოთამაშეების შედარება და ჩემთვის ძნელი სათქმელია, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა". ბრაზილიელის აზრით, მესიზე უკეთეს მოთამაშეებად შეიძლება ჩაითვალონ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: დიეგო მარადონა, პელე და რონალდო. " იყო მარადონა, პელე, რონალდო... რთული სათქმელია, რომ ფეხბურთის ისტორიაში მესი საუკეთესოა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მესი თავის ეპოქაში ნამდვილად საუკეთესოა",- განაცხადა რონალდინიომ. ლეო მესი, თავის მხრივ, ბრაზილიელს ძალიან კარგად აფასებს და "ბარსელონაში" მნიშვნელოვან სასიკეთო ცვილილებებს სწორედ მას უკავშირებს. "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა აღნიშნა: "რონალდინიო "ბარსელონაში" რთულ დროს მივიდა და მის მისვლასთან ერთად გუნდმა გასაოცარი ცვლილებები განიცადა". "პირველ წელს მან ვერაფერი მოიგო, თუმცა ხალხს ის შეუყვარდა, შემდეგ დაიწყო ტიტულების მოგება  და ამან ხალხი გააბედნიერა. ბარსა მუდამ მადლობელი უნდა იყოს იმისთვის, რაც რონალდინიომ კლუბისთვის გააკეთა",- ამბობს ლეო მესი. რონალდინიომ თავის დროზე არა მხოლოდ "ბარსელონას" ქომაგებს შეაყვარა თავი, მისი განუმეორებელი სათამაშო სტილი გულგრილს არავის ტოვებდა. ის და მესი "ბარსელონას" ისტორიაში ნამდვილად გამორჩეულები არიან, თუმცა არგენტინელს არცთუ კარგი პერიოდი უდგას ისევე, როგორც მთლიანად "ბარსელონას", მესის გუნდის დატოვება სურს, ბარსას კი მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს.      

სხვა სტატიები