Belive

რონალდინიოს რჩეული თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ბრაზილიელმა ჯადოქარმა რონალდინიომ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტი ფეხბურთელი შეარჩია თავისი ჩემპიონთა ლიგის გუნდისთვის. თავად რონალდინიომ, რომელიც ახლა უკვე 40 წლისაა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 2005-06 წლების სეზონში მოიგო "ბარსელონასთან" ერთად, სადაც არსენ ვენგერის "არსენალი" დაამარცხეს ანგარიშით 2:1. საინტერესო ფაქტია, რომ ბრაზილიელის რჩეულ თერთმეტეულში ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი, თუ არა საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ. არადა პორტუგალიელმა უეფას ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო. ერთხელ "მანჩესტერ იუნატედთან" და 4-ჯერ "მადრიდის რეალთან'' ერთად, ამასთან კრიშტიანუ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 130 გატანილი გოლით. თუმცა 2015 წლისთვის პორტუგალიელს მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგებული, ალბათ სწორედ ამიტომ დარჩა ბრაზილიელი ჯადოქრის თერთმეტეულს მიღმა, რადგან რონალდინიომ რჩეულები 2015 წელს დაასახელა. "ბარსელონას" ყოფილი სუპერვარსკვლავის მიერ შერჩეულ ფეხბურთელებში ასევე ვერ მოხვდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები: ხავი, ანდრეს ინიესტა, კარლეს პუიოლი. გთავაზობთ რონალდინიოს რჩეულ თერთმეტეულს : მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი კარგი არჩევანია, თუმცა ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგა დღემდე არ აქვს მოგებული. მარჯვენა მცველი - კაფუ ბრაზილიელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია ფეხბურთის ისტორიაში. მან ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ ერთხელ მოიგო "მილანთან" ერთად 2007 წელს. ცენტრალური მცველი - პაულო მალდინი  მალდინი შესაძლოა საერთოდ საუკეთესო მცველი იყო ფეხბურთის ისტორიაში, ამაზე კამათი ძალიან რთულია, მალდინიმ ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო მილანთან ერთად. ცენტრალური მცველი - ჯონ ტერი ტერიმ ჩემპიონთა ლიგა 2012 წელს "ჩელსისთან" ერთად მოიგო, მანამდე კი იყო ის ფეხის დაცდენა, რომელმაც 2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედს" გამარჯვების საშუალება მისცა. მარცხენა მცველი - რობერტო კარლოსი კარლოსმა ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო "რეალთან" ერთად, ბრაზილიელი ნამდვილად იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავის პოზიციაზე. ცენტრალური ნახევარმცველი - კლოდ მაკელელე ფრანგმა მოთამაშემ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი "მადრიდის რეალთან" ერთად 2002 წელს მოიგო. ცენტრალური ნახევარმცველი - ფრენკ ლამპარდი ჯონ ტერის მსგავსად ჩემპიონთა ლიგა ლამპარდმაც 2012 წელს მოიგო "ჩელსისთან" ერთად. ინგლისელმა 102 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, მათ შორის იყო 2008 წლის ფინალში გატანილი გოლი "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ. მარჯვენა შემტევი - ლიონელ მესი ლეომ რჩეულებს შორის ყოფნა უდავოდ დაიმსახურა, მან ტურნირი 4-ჯერ მოიგო და 117 გოლი გაიტანა. გამთამაშებელი - კაკა "მილანში" თამაშის დროს ბრაზილიელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მან ჩემპიონთა ლიგა 2007 წელს "მილანთან" ერთად მოიგო. მარცხენა შემტევი - ტიერი ანრი ფრანგმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა 2009 წლის სეზონში "ბარსელონაში" ასპარეზობის დროს მოიგო, მან ჩემპიონთა ლიგის 112 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა. ცენტრალური თავდამსხმელი - რონალდო მიუხედავად იმისა, რომ "ფენომენი" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, ბუფონის მსგავსად ჩემპიონთა ლიგა არც მას აქვს მოგებული.

სხვა სტატიები