Belive

"რონალდინიოსავით თამაშობს, ამტკიცებს, რომ გუნდის ლიდერია" - რუსული გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რუსულმა გამოცემა kazanreporter.ru-მ ქვეყნის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, "რუბინსა" და "როსტოვს" შორის უგოლოდ დასრულებული მატჩი განიხილა და სტატიის მთავარ გმირად ხვიჩა კვარაცხელია გამოიყვანა. რუსმა ჟურნალისტებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და ის ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდინიოსაც კი შეადარეს. გთავაზობთ ამონარიდებს მასალიდან. "მას მერე, რაც კარანტინი დასრულდა, ყაზანური გუნდის მეტოქეები მათ შეჩერებას თამაშის წესის დარღვევით ცდილობენ და ბევრ ყვითელ ბარათსაც იღებენ, ამაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელიც მოწინააღმდეგეებს რონალდინიოს მსგავსად ეთამაშება"; "პირველ ტაიმში, "რუბინის" ყველაზე სახიფათო მომენტიც ხვიჩამ შექმნა. ქართველმა კვლავ გამოავლინა თავისი ინდივიდუალური უნარები, გაჭრა ფლანგი, აჯობა ბაირამიანს, შემოტრიალდა კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთი ჩარჩოს ააცილა"; "მეორე ნახევრის სტარტზე, "რუბინმა" ინიციატივა ხელში აიღო და მომენტების შექმნა დაიწყო. კვარაცხელია კვლავაც მთავარი მოქმედი პირი იყო"; "89-ე წუთზე, ყურადღების ცენტრში ისევ და ისევ ხვიჩა კვარაცხელია მოექცა, რომელმაც მეტოქეებს ბურთი ფეხებში გაუტარა, 4 მცველი ჩამოიტოვა და დაარტყა, მაგრამ მეკარე პესიაკოვმა ქართველს საფეხბურთო სასწაულის გოლად გარდაქმნაში ხელი შეუშალა". 19 წლის ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში ამ სეზონში 27 მატჩი, 3 გოლი, 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები