Belive

რონალდო Vs. მესი ან იუვენტუსი Vs. ბარსელონა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთის ორი ტიტანი - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მინდორზე ერთმანეთის პირისპირ კვლავ წარსდგებიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" უმასპინძლებს. ცხადია, აღნიშნული დაპირისპირება ტურინშიც შედგა, თუმცა იმ შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით ინფიცირების გამო შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.

"ბარსელონასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება ჯგუფში პირველი ადგილის ბედს გაარკვევს, პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა მეტოქე ანგარიშით 0:2 დაამარცხეს და შესაბამისად დიდი უპირატესობაც მოიპოვეს, იტალიელებს პირველი ადგილისთვის მინიმუმ 3 გოლი აქვთ გასატანი. აღსანიშნავია, რომ ჯამურად მესიმ და რონალდუმ ერთმანეთის პირისპირ მინდორზე 35-ჯერ (ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებში) ითამაშეს, საიდანაც 16 შემთხვევაში არგენტინელის გუნდმა იმარჯვა, 9 შემთხვევაში ფრე, 10 შემთხვევაში კი რონალდუ აღმოჩნდა გამარჯვებულის ამპლუაში.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქამდე მესი და რონალდუ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნულ 5 დაპირისპირებაში არცერთი გოლი არ აქვს გატანილი. ცნობისთვის, "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს 10-ჯერ დაუპისირპირდნენ, საიდანაც იტალიელებმა 2-ჯერ იმარჯვეს, ესპანელებმა 4-ჯერ, ხოლო საყაიმო ანგარიში 4-ჯერ დაფიქსირდა (ჯამური ბურთების შეფარდება - "იუვენტუსი" 8:12 "ბარსელონა").    

სხვა სტატიები