Belive

რონალდუ მიიჩნევს, რომ იუვენტუსი მის დონეს არ შეესაბამება

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მას შემდეგ, რაც ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში “პორტუს” ბარიერი ვერ დაძლია და ასპარეზობას გამოეთიშა, გუნდის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა (რონალდუმ “პორტუსთან” ორივე შეხვედრა ჩააგდო), რომლებიც მას ღიად აკრიტიკებენ და თვლიან, რომ მისი “იუვენტუსში” ასპარეზობა წარუმატებელია, თუ ის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ვერ მოაგებინებს. "პორტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" დატოვებს. კრიშტიანუ მადრიდის "რეალსაც" დაუკავშირეს და არ გამორიცხეს მისი სამეფო კლუბში დაბრუნება. "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელის სამეფო კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე კომენტარი ზინედინ ზიდანმაც გააკეთა. 
"ალბათ იცით, თუ რამდენს ნიშნავს კრიშტიანუ რეალისათვის. რაც მან ამ კლუბში გააკეთა, წარმოუდგენელ დაფასებას იმსახურებს. თუმცა, ახლა ის "იუვენტუსის" ფეხბურთელია და იქ კარგ სეზონს ატარებს. ჭორების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მედია ბევრ ცნობას ავრცელებს".
ახლა კი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ტანკრედი პალმერი საკუთარი ტვიტერის გვერდზე განთავსებული პოსტით გვამცნობს, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ ახლო გარემოცვას უთხრა, რომ "იუვენტუსი" მისი დონის გუნდი არაა და ამიტომ შემოთავაზებებს სხვა ევროპული გრანდებისგან ელის.
"როგორც იტყობინება წყარო მისი გარემოცვიდან, რონალდუ მიიჩნევს, რომ "იუვენტუსი" მის დონეს არ შეესაბამება და იმედოვნებს, რომ შემოთავაზებებს ევროპის სხვა წამყვანი გრანდებიდან მიიღებს",- დაწერა პალმერიმ საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
ტურინის "იუვენტუსმა" 2018 წელს რონალდუს სანაცვლოდ "რეალს" 99 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა. რონალდუს გუნდში მოყვანის მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა იყო, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. შესაძლოა ტანკრედი პალმერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, რადგან კვირას "კალიარისთან" გასამართი მატჩის წინ რონალდუმ საკუთარ ფესიბუქ-გვერდზე გამოქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ პორტუგალიელი კვლავინდებურად "იუვენტუსთან" ერთად წარმატების მიღწევაზეა კონცენტრირებული.
“ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენჯერ დაეცემი, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად წამოდგები ფეხზე. ჭეშმარიტი ჩემპიონები არასდროს ტყდებიან. ახლა ჩვენი ყურადღება “კალიარიზე” გვაქვს გადატანილი, კონცენტრირებულები ვართ სერია ა-ს ტიტულისთვის ბრძოლაზე, იტალიის თასის ფინალზე, ფოკუსირებულები ვართ ყველაფერ იმაზე, რაშიც წარმატების მიღწევა შეგვიძლია”. “სიმართლეა, რომ წარსული მუზეუმს ეკუთვნის, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთს აქვს მეხსიერება ისევე, როგორც მე. ისტორიის წაშლა შეუძლებელია, ის ყოველდღიურად იწერება გამძლეობით, გუნდური სულისკვეთებით და ძალიან მძიმე შრომით. ხოლო ვისაც ეს არ ესმის, დიდებასა და წარმატებას ვერასდროს მიაღწევს”.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. სულ კი “იუვეს” მაისურით რონალდუმ 121 თამაშში 92 გოლს მოუყარა თავი.    

სხვა სტატიები