Belive

რონალდუ თავს არაკომფორტულად გრძნობს - პორტუგალიელმა სულშერს ტაქტიკის ცვლილება სთხოვა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ ოლე გუნარ სულშერს სთხოვა შეცვალოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ტაქტიკა, რათა მოერგოს მის სათამაშო სტილს კლუბში მეორე პერიოდის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ვილიარეალთან" 95-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო, თავად 5 ოქროს ბურთის მფლობელი გუნდში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და სათამაშო სქემის ცვლილება სურს. კონკრეტულად, ESPN- ის თანახმად, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლეს სურს, რომ გუნდმა უფრო სწრაფად იმოძრაოს ბურთიანად თავდასხმის ზონაში, რათა თავად საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩენა შეძლოს. რონალდუმ ნორვეგიელ სპეციალისტს და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს განუცხადა, რომ შეუძლია თავისი შედეგიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაზარდოს, მაგრამ საამისოდ სჭირდება, რომ მისმა პარტნიორებმა მოედნის ბოლო მესამედში ბურთის განაწილებისას უფრო მკვეთრად და სწრაფად იმოქმედონ.
Image: PA
ბრიტანული მედიის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვარჯიშის დროს, "მანჩესტერის" ფეხბურთელები მოედანზე რონალდუს ბურთის სწრაფად მისაღებად შესაბამის წვრთნას გადიან, სულშერს კი იმედი აქვს, რომ ამით მისი გუნდი შეტევაში კიდევ უფრო დაუნდობელი გახდება. ასევე, სამწვრთნელო შტაბს სურს, რომ მცველების შემტევი პოტენციალიც უფრო კარგად აითვისონ და შედეგად, ბურთმა თავდამსხმელებამდე უფრო სწრაფად მიაღწიოს. პოლ პოგბა, ბრუნო ფერნანდეში და მეისონ გრინვუდი გუნდის შემტევ თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, მაგრამ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელებს მათგან უფრო მეტი სარგებელი სურთ, რათა რონალდუმ გოლების გასატანად თავი კომფორტულად იგრძნოს.
Image: PA
"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში, შემდეგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, საშინაო კედლებში, "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები