Belive

რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - იუვენტუსის აქციები 5.8%-ით გაუფასურდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის საფონდო ბირჟაზე ტურინის "იუვენტუსის" აქციები 5.7%-ით, €1,25-მდე გაუფასურდა. აღნიშნული ვარდნის მიზეზად გუნდის სუპერვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული სკანდალი სახელდება - რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. სექტემბრის ბოლოს ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ, Spiegel-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ რონალდუს გაუპატიურებაში დასდო ბრალი - მისი მტკიცებით, შემთხვევა 2009 წელს, ლას-ვეგასში მოხდა. მაიორგას თქმით, რონალდუმ დუმილის სანაცვლოდ მას $375 000 გადაუხადა. მიმდინარე კვირაში EA Sports-მა კრიშტიანუ რონალდუს სურათი თავისი ოფიციალური საიტიდან წაშალა. რონალდუ EA Sports-ის ერთ-ერთი სახეა და სავარაუდოა, რომ ზემოთაღნიშნული სწორედ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება. ამ საკითხს გამოეხმაურა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფერნანდუ სანტუში: "დარწმუნებული ვარ რონალდუს უდანაშაულობაში", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" რონალდუს შეძენით ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი მიიღო - ტრანსფერის დადასტურებიდან სულ რაღაც 24 საათში, მაისურებისგან გაყიდვით "იუვენტუსმა" 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქციების ღირებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სხვა სტატიები