Belive

"როცა გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი გავახარე" - გრიგოლ ჩაბრაძის კომენტარი ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა და შანსი იმ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა, რომელთაც ეროვნულ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშიათ. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმის "დინამოს" 24 წლის მცველი გრიგოლ ჩაბრაძეა, რომელმაც Live.ge-ს თავისი პირველი ემოციები გაუზიარა. "ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნება ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშია და ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი მთავარი ოცნება და მიზანია. მიხარია, რომ იმ ოცნების და მიზნისკენ, რომლისკენაც მთელი ბავშვობა მივისწრაფოდი, პირველი ნაბიჯი გადავდგი.  ჩემთვის დიდი პატივია ნაკრების მაისურის ჩაცმა და საქართველოს ჰიმზნე დგომა. ამავე დროს ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შესაძლებლობა, რომ შენს თანამემაულეებს და სამშობლოს სიხარული მოუტანო. როცა გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს, პირველ რიგში ჩემს უდიდეს გულშემატკივარს და ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ადმიანს, მამაჩემს დავურეკე და გავახარე. ​მინდოდა გამეგებინებინა, რომ მე ეს პატარა ოცნება მასთან ერთად ავიხდინე და ეს წარმოუდგენლად დიდი სიამოვნება იყო. საუკეთესო გრძნობაა, რომ შეგიძლია შენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები და საყვარელი ადამიანები გაახარო", - გვითხრა ბათუმის "დინამოს" მარჯვენა მცველმა. “ჯვაროსნები” 2021 წელს 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთთან გასამართი პირველი ტურის მატჩით დაიწყებენ.

სხვა სტატიები