Belive

"რუბინში დარჩენის შემთხვევაში, მოხარული ვიქნები" - ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ყაზანის "რუბინის" მაისური მოირგოს.
"ოთხშაბათს "სპარტაკის" წინააღმდეგ სათამაშოდ მივდივარ. მე კვლავ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე ასევე მიყვარს ყაზანი. თუ "რუბინში" დავრჩები, მოხარული ვიქნები", - თქვა 20 წლის ქართველმა შემტევმა.
ცოტა ხნით ადრე, რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ სრულფასოვანი წინადადება არ მიუღია. ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 2 ივნისს 15-დან 18 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ კლუბებს, მათ შორის ისეთ გრანდებს, როგორებიც “ლიდს იუნაიტედი”, დორტმუნდის “ბორუსია”, მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, მიუნხენის “ბაიერნი”, “ლაციო“, “მილანი” და ტურინის “იუვენტუსია“. წინა სეზონში, კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეროვნულ გუნდს კი მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა. რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში "რუბინმა" 53 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები