Belive

საბა ლობჟანიძე: "სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვკონცენტრირდეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა "ჯვაროსნების" 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მარჯვენა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ გააკეთა.
"ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ, ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ. საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ", - თქვა თურქული "ჰატაისპორის" ქართველმა შემტევმა.
26 წლის ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, მას მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. “ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.

სხვა სტატიები