Belive

საბურთალო-არარატის მატჩის არბიტრს შარშან ტორპედომ UEFA-ში უჩივლა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"საბურთალოსა" და "არარატს" შორის გასამართ ხვალინდელ მატჩში UEFA-მ მთავარ არბიტრად შვეიცარიელი ალენ ბიერი დანიშნა. ეს სახელი და გვარი ფეხბურთის გულშემატკივარს შესაძლოა ბევრ ინფორმაციას არ აძლევს, თუმცა ქუთაისის "ტორპედოსა" და მის ქომაგს ალენ ბიერი კარგად ნამდვილად არ ახსენდება. ერთი წლის წინ, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ტორპედო" ალბანეთში "კუკეშს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. კახაბერ ჩხეტიანის მომზადებულ გუნდს პირველი თამაში თბილისში 5:2 ჰქონდა მოგებული, თუმცა ალენ ბიერის არაობიექტური ქმედებების გამო, ევროპა ლიგიდან გავარდნასთან ძალიან ახლოს იყო. შვეიცარიელმა არბიტრმა მაშინ "ტორპედოს" კარში 2 ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ქუთაისელებს ორი 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალა. ბიერი სხვა სათამაშო ეპიზოდებშიც საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებდა. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედომ" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კლუბი ალენ ბიერის UEFA-ში აუცილებლად უჩივლებდა. როგორც ჩანს, UEFA-სგან ქართული გუნდის საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია. შვეიცარიელი მსაჯი თავის საქმიანობას აგრძელებს როგორც შვეიცარიის ჩემპიონატში, ასევე, ევროტურნირებზე. მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა ევროპაში უკვე 2 შეხვედრაში იმსაჯა, ხვალ კი "საბურთალოსა" და "არარატის" დაპირისპირებას გაუძღვება.

იხილეთ "ტორპედოსა" და "კუკეშის" სკანდალური მატჩის მიმოხილვა: 

სხვა სტატიები