საბურთალოს მწვრთნელის პრესკონფერენცია არარატთან მატჩამდე

946
ნახვა

ხვალ, დედაქალაქური “საბურთალო” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას “არარატ-არმენიასთან” გამართავს. დღეს, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა:

– ტრავმები ხომ არ არის გუნდში?

– მცირე ტრავმა რამდენიმე ფეხბურთელს აწუხებს. ვაგნერმა წინა შეხვედრები სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა. არ ვიცი, ხვალ იქნება თუ არა. რაც შეეხება ინტერს გის, მან ვარჯიში განაახლა და სარეაბილიტაციო კურსს გადის. დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და ემზადებიან განმეორებითი შეხვედრისთვის.

– ერევანში მეტოქეზე ბევრად უკეთ წარმოაჩინეთ თავი. ასე იყო ტირასპოლშიც, თუმცა განმეორებით შეხვედრაში გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა. გამოცდილი მწვრთნელი ხართ, რა სამუშაოები გაატარეთ გუნდში?

– ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება მივიღეთ, ძალიან წაგვადგება მომავალში. ვერ ვიტყვი, რომ “შერიფთან” რამე დავაკელით, უბრალოდ მალე გავუშვით გოლები და ავირიეთ. ფეხბურთელებს “შერიფის” მატჩი კარგად ახსოვთ. არ მგონია, რომ მსგავსი სურათი განმეორდეს.

– კლუბმა გარკვეული თანხა გამოიმუშავა. აქედან გამომდინარე, ხომ არ აპირებთ კვალიფიციური ფეხბურთელებით გაძლიერებას?

– ფულს არ ვითვლი, კლუბმა რა თანხა გამოიმუშავა, ეს ჩემი საქმე არაა. როცა, ესა თუ ის ფეხბურთელი მსურს, უარი არასდროს მიმიღია. გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არასდროს არ დაუზოგავს ფინანსები. ხშირად ვამბობ, არ არის აუცილებელი, რომ ლეგიონერმა ითამაშოს. ქართველები ნიჭიერები ვართ, შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ახლაც მიდის კონკრეტული საუბრები რამდენიმე ფეხბურთელთან, ვეცდებით დადებითად დავასრულოთ მოლაპარაკებები.

– ყველაზე საუკეთესო და სასურველი კენჭისყრა იყო. რას იტყვით?

– თუ შეიძლებოდა კენჭისყრა გვესურვა, ეს სწორედ საუკეთესო ვარიანტი იყო. თუმცა, ჯერ სომხური ბარიერია დასაძლევი, შემდეგ კიდევ ერთი მეტოქეა. “დუდელანჟი” არაა ხელწამოსაკრავი გუნდი – შარშან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. არ მსურს წინასწარ არაფრის თქმა.

– ლევან ყენია მზადაა 90 წუთის სათამაშოდ? სანდოხაძე იქნება თუ არა განაცხადში?

– ლევანი ჯერჯერობით მზად არაა სრულად ითამაშოს. თუმცა, მან დაამტკიცა რომ ნიჭიერი ფეხბურთელია. შეიძლებოდა მისი ძირითადში დაყენება, მაგრამ არ ვიჩქარე და ვამჯობინე ცვლილებაზე შესულიყო. რაც შეეხება სანდოხაძეს – 2 კვირის წინ შემოგვიერთდა. შემდეგი მატჩებისთვის იქნება გუნდის განაცხადში.

– სანდოხაძის დამატება რატომ გადაწყვიტეთ? ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გყავთ, მათ შორის გრიგალაშვილი…

– გრიგალაშვილი ევროტურნირებისთვის მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას შესაძლოა სხვა სახის ოპერაცია დაჭირდეს. არაა გამორიცხული წლეულს საერთოდ ვერ დაგვეხმაროს. სანდოხაძეს ცენტრალურ მცველად შეუძლია თამაში, როგორც მარჯვნიდან, ასევე მარცხნიდან. აქამდე 3 ცენტრალურ მცველად არ გვითამაშია, მაგრამ ევროტურნირებმა აჩვენა, რომ შესაძლოა ვითამაშოთ სამი ცენტრალური მცველით.

– არარატ-არმენიაზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– კარგი კლუბია, ლეგიონერებით დაკომპლექტებული. შეთამაშება აკლია. ერევანში რამდენიმე ეპიზოდში გაგვიმართლა. მიხარია, რომ მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ. იოლი შეხვედრა არ იქნება, ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ.

– როგორ თამაშს ელოდებით?

– შეიძლება თავიდანვე წამოვიდნენ შეტევაზე, შესაძლოა თავიანთ შანსს დაელოდნონ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, დანარჩენს უშუალოდ მატჩი დაგვანახებს. როგორც ყოველთვის, ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, ვნახოთ მოგვცემს თუ არა მეტოქე ამის საშუალებას. მოგებაზე ვითამაშებთ და გულშემატკივრების გახარებას ვეცდებით.

fcsaburtalo.ge

(946)

საბურთალოს მწვრთნელის პრესკონფერენცია არარატთან მატჩამდე

სტატიის ავტორი
-