Belive

სად არის ახლა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფაიქ ბოლკიე - ეს სახელი და გვარი პრემიერლიგის არაერთი ქომაგისთვის კარგად ნაცნობია. მართალია, ლოს-ანჯელესში დაბადებულ ფეხბურთელს თავისი მოკლე კარიერის განმავლობაში, ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია, თუმცა მას ბრიტანელი გულშემატკივარი არასაფეხბურთო მიზეზით უფრო მეტად იცნობს. საქმე ისაა, რომ ბოლკიე ბრუნეის სულთნის, პრინცი ჯეფრის ვაჟი და მისი 200 მილიარდიანი ქონების მთავარი მემკვიდრეა. ეს ფეიქს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად აქცევს. მიუხედავად დიდი სიმდიდრისა, 22 წლის ფეხბურთელს ფეხბურთში თავის დამკვიდრება ყოველთვის სურდა და მიზნის მიღწევაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, როცა "ნიუბერიში" ჩაირიცხა. 2013 წელს ის "არსენალის" ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დატოვა ჩრდილოეთ ლონდონი და ორწლიანი პერიოდი უშუალო კონკურენტ "ჩელსიში" გაატარა. მიუხედავად "არისტოკრატებში" გატარებული მცირე დროისა, მან რუბენ ლოფტუს-ჩიკის და ტამი აბრაჰამის გვედით თამაში მოასწრო. 2016 წელს ბრუნეის ნაკრების კაპიტანი "ლესტერში" გადავიდა, სადაც მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ფართო მასებმა შეიტყვეს და მისი ცნობადობაც ამ ფაქტის შემდეგ, ერთი-ორად გაიზარდა. საინტერესოა, როგორ წარიმართა იმ ბიჭს, რომელმაც უარი თქვა გარანტირებულ ფუფუნებაში ცხოვრებაზე და გადაწყვიტა ფეხბურთელი გამხდარიყო? როგორც ჩანს, მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას ბოლკიე ინატრებდა, მან ვერ შეძლო 4 წლის განმავლობაში ლესტერშირული კლუბის მთავარ გუნდში გამოჩენილიყო და საბოლოოდ, წინა წლის ზაფხულში მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. შემოდგომიდან, ბოლკიემ ქვეყანა შეიცვალა და პორტუგალიაში გადაბარგდა, სადაც "მარიტიმუს" მაისური მოირგო, თუმცა უმაღლეს დონეზე მისი ნანატრი დებიუტი ჯერ კიდევ არ შემდგარა - მან 23-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. სპორტისადმი მისი ერთგულებისა და ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფაიქ ბოლკიე თავის მიზანს გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად მიაღწევს.

სხვა სტატიები