Belive

სად არის ახლა როისტონ დრენტე?

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ საფეხბურთო მოედანზე განსაკუთრებულს არაფერს ქმნიან, გულშემატკივარს თავს მაინც ამახსოვრებენ. ასეთ ფეხბურთელებზე ფიქრისას, ერთ-ერთი პირველი, ალბათ როისტონ დრენტე გვახსენდება. ერთ დროს ვუნდერკინდად შერაცხული, 2007 წლის ევროპის U21-ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 2007 წელს, მადრიდის "რეალში" €14 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა - იმ პერიოდში, სატრანსფერო ბაზარზე 14 მილიონი გაცილებით სოლიდურად ჟღერდა, ვიდრე დღეს. "ჰოლანდიელი რობერტო კარლოსი" მადრიდულ გრანდში აღმოჩნდა და როგორც აღმოჩნდა, ეს დღე მისი კარიერის მწვერვალი იყო: ამ სიმაღლეზე დრენტე, ვერცერთ სფეროში, ვეღარ დაბრუნდა.

მადრიდული კარიერა

დრენტეს ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რომ მადრიდული პუბლიკის გული ერთი შეხედვით მოიგო: ახალგაზრდა ტალანტმა სადებიუტო მატჩში, "სევილიას" კარი შორეული, ყუმბარისებული დარტყმით აიღო და გუნდს ესპანეთის სუპერთასის მოგებაში დაეხმარა. თამაშის შემდეგ, მისმა თანაგუნდელმა, რუუდ ვან ნისტელროიმ, თანამემამულისდამი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ბერნდ შუსტერის ხელმძღვანელობით მოთამაშე "მადრიდის რეალში," დრენტე ძირითადი შემადგენლობის წევრად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მას მაინც ეძლეოდა. პირველ სეზონში დრენტემ "რეალის" მაისური 26-ჯერ მოირგო და 3 გოლის გატანა მოახერხა. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ დრენტე არ პროგრესირებდა, თუმცა ამის მიუხედავად, იგი "რეალში" 3 წლის განმავლობაში ენდობოდნენ. საბოლოო ჯამში, დრენტეს ვუნდერკინდობა საპნის ბუშტი აღმოჩნდა, რომელიც ერთ დღესაც გასკდა და ნათელი გახდა, რომ მისგან მაღალი დონის ფეხბურთელი არ დადგებოდა. მისი მადრიდული კარიერიდან, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი "ბარსელონასთან" ვერგამოყენებული მომენტია: "რეალი" ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ბარსელონას" ეთამაშებოდა, სადაც თითოეულ სახიფათო მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. რაულის უზუსტესი გადაცემის შედეგად, დრენტე ვალდესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და პირდაპირი მნიშვნელობით, დაიბნა და ბურთი ვალდესს გაარტყა. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა, რომ ჰოლანდიელს საფეხბურთო კლასი ნამდვილად არ ჰქონდა.


რეგრესის მიზეზები - დრენტეს ანალიზი

როგორც ვთქვით, საფეხბურთო მოედანზე ჩანდა, რომ დრენტე ფეხბურთში ბევრს ვერაფერს მიაღწევდა. თავად დრენტეს მოსაზრებით, მისი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ის გარემო გახდა, სადაც მას 20 წლის ასაკში ცხოვრება მოუწია.
სევილიასთან გატანილი გოლის შემდეგ, ჩემგან ყველა რაღაც საოცრებას მოელოდა და ამ წნეხს ვერ ვუძლებდი. ასევე, ჰოლანდიაში დედაჩემთან ერთად პატარა სახლში ვცხოვრობდი, მადრიდში კი მილიონიან ვილაში გადავედი საცხოვრებლად. ასეთი სწრაფი გარდატეხა ცხოვრებაში კარგი რამის მომტანი არ არის. 20 წლის ვიყავი, ხშირად დავდიოდი ღამის კლუბებში, ვხვდებოდი საოცარ გოგოებს. სიმართლე გითხრათ, კლუბებში მარტო მე არ დავდიოდი, მაგრამ მათ სახელებს არ დავასახელებ," აღნიშნა დრენტემ Marca-სთან საუბრისას.

დრენტე, რეპი და მოურინიო

დრენტე თავისუფალ დროს მხოლოდ ღამის კლუბებში სიარულისთვის არ იყენებდა. ჯერ კიდევ 2008 წელს, ინტერნეტში გამოჩნდა სიმღერა სახელწოდებით Tak Taki, რომელსაც დრენტე როტერდამელ რეპერ U-Niq-თან ერთად ასრულებს. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული სიმღერა სულაც არაა, მაგრამ მაინც, გაგიზიარებთ.

როისტონ დრენტეს კიდევ ერთი სიმღერის ატვირთვაც შეგვეძლო, რომელიც მან 2017 წელს გამოუშვა, მაგრამ ვფიქრობთ რომ 1 სტატიისთვის, 1 ცუდი სიმღერა საკმარისია. ღამის ცხოვრება, რეპი... რამდენადაც ცნობილია, ბერნდ შუსტერს ამ თემებთან დაკავშირებით, დრენტესთან პრობლემები არ ჰქონია. დრენტე ამბობს, რომ გერმანელთან მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ერთ დღესაც, გუნდის სათავეში ჟოზე მოურინიო მოვიდა.
"2010 წელს, პრესეზონისას, მაქსიმალურად დატვირთულად ვვარჯიშობდი. მარსელო დამტვრეული იყო და მქონდა იმედი, რომ ძირითადში ვითამაშებდი. მოულოდნელად, სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს, მოურინიო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გუნდიდან უნდა წავსულიყავი. ახალი გუნდის მოსაძებნად 24 საათზე ნაკლები მქონდა. ვერც ვიჯერებდი, ძალიან გავბრაზდი. მასთან სერიოზული კამათი მომივიდა, ჟოზე მეუბნებოდა რომ გადაწყვეტილება ხორხე ვალდანოსთან შეთანხმებით მიიღო და რომ ვეღარაფერს შეცვლიდა. სხვა გზა არ მქონდა - იმ დღესვე, "ჰერკულესში" გამანათხოვრეს."

ცხოვრება რეალის შემდეგ

დრენტეს კარიერა, შეიძლება ითქვას, აქ სრულდება. "ჰერკულესს" ფინანსური პრობლემები შეექმნა და დრენტეს ხელფასს არ უხდიდნენ. "რეალში" დაბრუნებულმა დრენტემ თავი ზედმეტად იგრძნო - მოურინიო მას ძირითად გუნდთან ერთად არც ავარჯიშებდა. მას შემდეგ, ჰოლანდიელმა ითამაშა ინგლისში, რუსეთში, თურქეთში და ა.შ. დროთა განმავლობაში, მისივე თქმით, ფეხბურთისადმი სიყვარული მთლიანად გაუქრა.
კარიერა 29 წლის ასაკში დავამთავრე. ამ დროისთვის, ვიყავი დაღლილი, დეპრესიული, იმედგაცრუებული. ფეხბურთმა ბედნიერება ვერ მომანიჭა. პრობლემები მქონდა აგენტებთან. არ მინდა სახელების დასახელება, მაგრამ ფეხბურთში ძალიან ბევრი მატყუარა ადამიანია. მიმნდობი ადამიანი ვარ და ტყუილებზე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს, აგენტები კი მუდამ ტყუიან. ერთ დღესაც, ვთქვი, რომ ფეხბურთში გაჩერება აღარ მინდოდა.

სად არის ახლა როისტონ დრენტე?

ყოფილმა ფეხბურთელმა Instagram გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იუწყება, რომ მსახიობის სტატუსით მონაწილეობს სერიალში, სახელწოდებით Mocro Mafia: "ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენ სულ სხვა როისტონ დრენტეს იხილავთ," აღნიშნა მან. Mocro Mafia არის ისტორია 3 მეგობრის შესახებ: რომანო, პენსილი და პაპი არიან კრიმინალები, რომლებიც დროთა განმავლობაში, ამსტერდამში კოკაინის მთავარი რეალიზატორები გახდებიან.
 

სხვა სტატიები