Belive

სად გააგრძელებს კარიერას ბუდუ ზივზივაძე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია. 2022/23 წლების სეზონში 28 წლის ფორვარდმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა ( უნგრეთის ჩემპიონატში "უიპეშტის" მაისურით ბოლო 12 მატჩში 11 გოლი), საქართველოს ნაკრებში კი 2022 წელს 3 ბურთი შეაგდო, აქედან 2 ოფიციალურ შეხვედრებში. ასეთი სეზონის შემდეგ, საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება ქართველი ფეხბურთელის კარიერა, ვინაიდან წინა სეზონი მან "მოლ ფეჰერვარში" დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარი "უიპეშტში" იჯარის წესით გაატარა, ბოლო ინფორმაციებით კი მისი დამატება უნგრეთის და პოლონეთის კლუბებს სურთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ოდილაძემ უნგრულ მედიასთან ისაუბრა.
"ზივზივაძეს კონტრაქტი "ფეჰერვართან" შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, ის კლუბში რჩება და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის ემზადება. საიდუმლო არ არის, რომ იყო მოლაპარაკებები უცხოურ გუნდებთან, მაგრამ არ გვეჩქარება, ფეხბურთელი შესანიშნავ ადგილზეა. კლუბმა კონკრეტული ფასი დააწესა და თუ რომელიმე გუნდი გადაიხდის, მაშინ ბუდუს შეუძლია წავიდეს. ის უნგრეთში თავს შესანიშნავად გრძნობს, შესაძლოა დარჩეს "ფეჰერვარში" და კონტრაქტი გაახანგრძლივოს კიდეც. ვიცი, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა, დიდებული თავდამსხმელები თამაშობენ, მაგრამ თუ ბუდუ "ფეჰერვარში" დარჩება, ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოლებს. მინდა "უიპეშტს" და კლუბის სპორტულ დირექტორს, ისტვან სალოის მადლობა გადავუხადო, რადგან ბუდუმ იქ კარგი შესაძლებლობა მიიღო და ამასთან, საჭირო დროს იგი უპრობლემოდ გაუშვეს.  ფეხბურთელის კარიერაში არის აღმასვლები და დაღმასვლები, მაგრამ უნგრეთში ბუდუ "ფეჰერვარზე" უკეთესს გუნდში ვერ წავა. ეროვნული ნაკრების პაუზის გამო. იგი გუნდს 28 ივნისისთვის შეუერთდება. ბუდუ კლუბში სჭირდებათ და მას იქ ელიან, თუმცა სურვილის და შეთავაზების შემთხვევაში წასვლაში ხელს არ შეუშლიან", - თქვა ლაშა ოდილაძემ უნგრულ მედიასთან საუბარში.
"ფეჰერვარმა" უნგრეთის ჩემპიონატში 2022/23 წლების სეზონში მეოთხე პოზიცია დაიკავა და უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც გუნდის მეტოქე აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება.

სხვა სტატიები