Belive

სახელმწიფო გადატრიალება გვინეაში | ფეხბურთელების ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში სანაკრებო პაუზაა, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები იმართება. აფრიკის ზონიდან საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გვინეასა და მაროკოს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა, სახელმწიფო გადატრიალების გამო შეხვედრა გადაიდო. საყურადღებოა, რომ გვინეასა და მაროკოს რიგებში ისეთი დონის ფეხბურთელებიც იყვნენ გამოძახებულები, როგორებიც არიან ნაბი კეიტა (ლივერპული) და აშრაფ ჰაკიმი (პსჟ). გვინეას დედაქალაქში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ფეხბურთელების ადგილსამყოფელითა და მათი უსაფრთხოებით გულშემატკივარი და მსოფლიო სპორტული მედია დაინტერესდა. ფეხბურთელების მდგომარეობით დაინტერესებულთა შორის იყვნენ "ლივერპულის" სახელმძღვანელო შტაბიდანაც. "ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ნაბისთან და რეგულარულად ვცდილობთ მისი მდგომარეობისა და უსაფრთხოების შემოწმებას" "კმაყოფილები ვართ, რომ კეიტა თავს დაცულად გრძნობს. ცხადია, რომ სიტუაცია ცვალებადია და ნებისმიერ დროს შეიძლება მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს, სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ, რომ ნაბი ლივერპულში დროულად და უსაფრთხოდ დავაბრუნოთ", - აცხადებს "ლივერპულის" წარმომადგენელი.


მაროკოს ეროვნული ნაკრები საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით აშრაფ ჰაკიმი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამამხნევებელი ტიპის გზავნილებისათვის. ძალიან დაძაბული დღე იყო, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ უკვე მაროკოში ვართ და თავს დაცულად ვგრძნობთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - წერს ჰაკიმი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გვინეას ეროვნული ნაკრების ადგილსამყოფელი უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე გასაიდუმლოებულია.

სხვა სტატიები