გიორგი ჭიაბრიშვილი: “მატჩის წინ ამის თქმა არ მინდოდა, რათა ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად არ დამეძაბა” 

თბილისის “ლოკომოტივმა” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ კრაიოვას “უნივერსიტატეას” 2:1 მოუგო და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. “მიხეილ მესხი 2-ზე” გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“პირველ რიგში ყველა თქვენგანს, მედიის წარმომადგენლებს მადლობას გიხდით, რადგან ყოველთვის ქართულ გუნდებს გვერდში გვიდგახართ, სამწუხაროდ ხშირად არ გამოგვდის თქვენი გახარება, მაგრამ ამჯერად შევძელით. საწყენია, რომ მატჩი გულშემატკივარმა ვერ იხილა და გამარჯვების სიხარულის შეგრძნება სტადიონის ნაცვლად ტელეეკრანიდან მოუწია.

ეს ეიფორიის ნაწილი არ არის და გათვიცნობიერებულად ვამბობ, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ამის თქმა არ მინდოდა, რადგან ამით ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად წნეხს შევუქმნიდით.

ჯერჯერობით, მომავალზე საუბარი ნაადრევია, რადგან, ისევე როგორც ყოველთვის, წილისყრაზე ვართ დამოკიდებული. სანამ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით, იქამდე წინასწარ მოლოდინებს ვერ დავსახავთ. თუ წინასწარ მოლოდინებზე ვისაუბრებთ, შემდეგ არც ის კრიტიკა უნდა გაგვიკვირდეს, რომელსაც წაგების შემთხვევაში მივიღებთ. ჯერჯერობით, ფეხბურთელების ფიზმომზადებაზე, ამინდზე, წილისყრაზე და ძალიან ბევრ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული, სანამ ასე იქნება, იქამდე მომავალზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩემი მიზანია, რომ წლების განმავლობაში ვიშრომოთ და ისეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე იქნება დამოკიდებული. ფურცელზე ყველაფერი შესაძლებელია და გამარჯვება ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება. 

ნიკა სანდოხაძე კარგად არის. ის უკვე კლინიკაში წაიყვანეს, საიდანაც ექიმმა გვაცნობა, რომ მას ტკივილები ჰქონდა, თავის მიდამოში დაზიანება აქვს, მაგრამ კონტაქტურია, თუმცა სერიოზული არაფერია. მინდა ავღნიშნო, რომ მან დღევანდელი შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მე მომწონს მისი ლიდერული თვისებები და იმედია მალე დაგვიბრუნდება და ამ სიხარულს ჩვენთან ერთად გაიზიარებს. 

მეტოქემ საწყის წუთებში შემოგვიტია და გოლის გაშვების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით. როგორც ვიცი, ორივე ქართულმა გუნდმა დღეს გოლი მატჩის სტარტზე შეუქმნა და უმთავრესი იყო, რომ ეს პერიოდი მშვიდად გადავლახეთ, შემდეგ კი ჩვენი თამაში ვაჩვენებთ და გოლების გატანა მოვახერხეთ. 

ჯერჯერობით, იმ თამაშის ხარისხი არ გვაქვს, რომელიც მსურს. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, მაგრამ სასურველი თამაშის ნახევარი ვაჩვენეთ. შრომა უნდა გავაგრძელოთ და წლების განმავლობაში ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ“, – თქვა ჭიაბრიშვილმა.

ფოტო: ს.კ ლოკომოტივი.

(1746)

გიორგი ჭიაბრიშვილი: “მატჩის წინ ამის თქმა არ მინდოდა, რათა ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად არ დამეძაბა” 

სტატიის ავტორი
-