უნაი ემერი ევროპა ლიგის რეკორდსმენი გახდა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ვილიარეალმა” საკუთარ მოედანზე – 2:1 მოუგო ზაგრების “დინამოს”. პირველ მატჩში ესპანელებმა – 1:0 იმარჯვეს, ამრიგად, “ყვითელი წყალქვეშა ნავი” უნაი ემერის ხელმძღვანელობით, ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, ხორვატულ გუნდზე – 3:1 გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა სპეციალისტმა, რომელსაც ეს ტურნირი განსაკუთრებით უყვარს და რომელმაც აქ ტრიუმფის მიღწევა ზედიზედ სამჯერ მოახერხა, რეკორდის მფლობელიც გახდა. საქმე ისაა, რომ 49 წლის სპეციალისტი ნახევარფინალურ ეტაპამდე სხვადასხვა გუნდთან ერთად, საერთო ჯამში მეექვსედ მოვიდა, რაც თავის კოლეგებს შორის საუკეთესო შედეგია.

გარდა ხსენებული სამი ტრიუმფისა და მიმდინარე გათამაშებისა, საუკეთესო ოთხეულში ემერიმ თითო-თითოჯერ “არსენალი” და “ვალენსია” გაიყვანა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნაი ემერი ახალ გუნდთან ერთად, რომელშიც პირველ სეზონს ატარებს, ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება – “ვილიარეალის” მეტოქე 1/2-ფინალში “არსენალს” შეხვდება.

ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 29 აპრილს, საპასუხო მატჩები კი 6 მაისს გაიმართება. ტურნირის ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში შედგება.

(91)

უნაი ემერი ევროპა ლიგის რეკორდსმენი გახდა

სტატიის ავტორი
-