ევროპის ლიგა სევილიასია!

“სევილია” ევროპის ლიგის გამარჯვებულია. ეს ისეთივე ჩვეულებრივი ფაქტია, როგორც მერილ სტრიპის მიერ ოსკარის, რონი ო’სალივანის მიერ სნუკერის მსოფლიო ჩემპიონობის ან რაფაელ ნადალის მიერ “როლანდ გაროსის” მოგება.

ესპანურმა კლუბმა ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. დიახ, ანდალუსიელებმა 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნეს და გამარჯვება მეექვსე ფინალშიც მოიპოვეს.

“მიდლსბროს”, “ბენფიკას”, “ესპანიოლის“, “დნიპროსა” და “ლივერპულის” შემდეგ, მილანის “ინტერი” მეექვსე გუნდი გახდა, რომელსაც “სევილიამ” ევროტურნირის ფინალი მოუგო.

კიოლნში ჩატარებული გათამაშების დასკვნითი შეხვედრა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.

რომელუ ლუკაკუს, დიეგო გოდინის გოლების და ლუკ დე იონგის დუბლის მეშვეობით, მატჩის პირველი ნახევარი ფრედ – 2:2 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი კი 74-ე წუთზე, დიეგო კარლოსის მაკრატელა დარტყმას და რომელუ ლუკაკუზე რიკოშეტს მოჰყვა, რომელიც მატჩის გმირიდან ანტიგმირად გარდაიქმნა – 3:2.

“სევილიამ” ამ სეზონში ესპანური გუნდების პრესტიჟის დაცვასთან ერთად, ხულენ ლოპეტეგის რეპუტაციის აღდგენაც მოახერხა, ადამიანის, რომლის სამეფო “კლუბსა” და ნაკრებში მუშაობა წარუმატებლად დასრულდა.

საინტერესოა ისიც, რომ “სევილია” ისტორიაში მეოთხე კლუბია, რომელიც სულ მცირე 6-ჯერ ევროტურნირის გამარჯვებული გახდა, დანარჩენი სამი “ლივერპული”, “მილანი” და მადრიდის “რეალი” არიან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა შესაბამისად 6, 7 და 13-ჯერ მოიგეს.

(62)

ევროპის ლიგა სევილიასია!

სტატიის ავტორი
-