გუნდი, რომელიც ლა ლიგას ლიდერობს – ყველაფერი რაც გრანადას შესახებ უნდა ვიცოდეთ

თბილისის “ლოკომოტივი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ “გრანადას” დაუპირისპირდება. ქართულ კლუბს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერთან, თანაც სტუმრად დაპირისპირება მოუწევს, რაც ცხადია მეტოქეს საგრძნობ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველ და მეორე შეხვედრაში გააკეთა, უკვე ყველაფერი მოსალოდნელია.

სანამ ქართული გუნდი 24 სექტემბერს გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება, შევეცდებით, მეტოქე უკეთ გაგაცნოთ.

FC Locomotive Tbilisi-ს ფოტო.

ისტორია და მიღწევები

საფეხბურთო კლუბი “გრანადა” 1931 წლის 14 აპრილს დაარსდა და თავდაპირველად “რეკრეატივო დე გრანადას” სახელით გამოდიოდა. გუნდის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ხულიო ლოპეს ფერნანდესი იყო, რომელმაც შეკრიბა პირველი დირექტორთა საბჭო და კლუბისთვის აუცილებელი რეკვიზიტებიც შექმნა.

პირველი ოფიციალური მატჩი “გრანადამ” 1931 წლის 6 დეკემბერს გამართა და “დეპორტივო ხაენი” – 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი კლუბის ისტორიაში ანტონიო ბომბილარმა გაიტანა.

გუნდს უმაღლეს დივიზიონში ამოსასვლელად 10 წელიწადი დასჭირდა, მთელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი კი პრიმერა დივიზიონში გაატარა. 1946 წელს გუნდი სეგუნდაში დაქვეითდა და იქიდან თავის დაღწევა შემდეგი 11 წლის განმავლობაში ვეღარ მოახერხა.

წელს “გრანადამ” ლა ლიგაში ისტორიაში 25-ე სეზონი დაიწყო და ამ პერიოდში საუკეთესო შედეგი მეექვსე ადგილი 1971/72 წლების სეზონში დააფიქსირა, თუმცა მაშინ ესპანური ფეხბურთის ელიტაში 18 გუნდი გამოდიოდა. მეორე ყველაზე კარგი შედეგი ანდალუსიურ გუნდს სწორედ შარშან ჰქონდა, როცა ლა ლიგაში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. საინტერესოა ისიც, რომ ეს სეზონი ლა ლიგაში გუნდს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებისთანავე ჰქონდა.

რაც შეეხება კოპა დელ რეის, ამ საუკუნეში საუკეთესო შედეგი გუნდს შარშან ჰქონდა. 2019/20 წლების სეზონში, ესპანეთის თასზე “გრანადამ” ნახევარფინალს უწია, სადაც ბილბაოს “ატლეტიკთან” საშინაო კედლებში გაშვებული გოლის შედეგად დამარცხდა.

კარიერის საუკეთესო სეზონის განმავლობაში, ანდალუსიელებმა დასამახსოვრებელი შედეგიც დააფიქსირეს – “გრანადამ” “ბარსელონა” (2:0) დაამარცხა.

ქვეყნის შიგნით, ანდალუსიელებს ტიტული არასდროს მოუპოვებიათ, 1959 წელს კი ესპანეთის თასის ფინალში ითამაშეს და “ბარსელონასთან” – 1:4 წააგეს.

2016 წლის ზაფხულში გუნდში საგრძნობი ცვლილებები მოხდა. “გრანადას” საკონტროლო პაკეტი ჩინურმა კომპანიამ შეიძინა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდის ბიუჯეტი და სატრანსფერო ღირებულება 81 მილიონ ევრომდე გაიზარდა, გუნდმა კი არსებობის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აჩვენა.

მთავარი მწვრთნელი: დიეგო მარტინესი (ესპანეთი)

კაპიტანი: ვიქტორ დიასი (ესპანეთი)

პრეზიდენტი: იან ლიჟანგი

სტადიონი: ნუევო ესტადიო დე ლოს კარმენესი (29 336)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: იუსებ ელ არაბი, 44 (მაროკო)

ყველაზე მეტი მატჩი გუნდში: ალან ნიომი 188 (კამერუნი)

Granada CF-ს ფოტო.

საერთაშორისო გამოცდილება

აღსანიშნავია, რომ უეფას ეგიდით ჩატარებულ დიდ ტურნირებზე “გრანადა” მიმდინარე სეზონში ისტორიაში პირველად გამოდის. ერთადერთი მატჩი ესპანელებმა ალბანეთში, თასის მფლობელი “ტეუტას” წინააღმდეგ ჩაატარეს და – 4:0 იმარჯვეს.

სათამაშო ფორმა

  • პრიმერა დივიზიონის წინა სეზონის მეოთხეადგილოსანმა გუნდმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება შთამბეჭდავად დაიწყო, ორიდან ორი მატჩი მოიგო, 4 გოლი გაიტანა, მხოლოდ 1 გაუშვა და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერის პოზიციას იკავებს.
  • გრანადას” ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრა გამარჯვებით აქვს დასრულებული, უკანასკნელად გუნდი 20 ივლისს, ლა ლიგაში, ტიტულის მოქმედ მფლობელ მადრიდის რეალთან – 1:2 დამარცხდა.
  • ბოლო ორ მატჩში “გრანადამ” ანგარიშის გახსნა მატჩის საწყის ათ წუთში მოახერხა.
  • ბოლო სამი საშინაო დაპირისპირება “გრანადამ” გამარჯვებით დაასრულა და ყველა მათგანში სულ მცირე 2 გოლის გატანა მოახერხა.
  • წინა სეზონის მეორე ნახევარში “გრანადას” საშინაო არენაზე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, აქედან 6 მატჩი კი გამარჯვებით დაასრულა.

ურთიერთშეხვედრები

როგორც მოგახსენეთ, „გრანადა“ ევროსარბიელზე პირველ სეზონს ატარებს და შესაბამისად ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან, თუმცა ქართული და ესპანური კლუბების დაპირისპირების ისტორიას კი გაგაცნობთ.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ქართულ-ესპანური დაპირისპირება 1999 წელს გაიმართა, მაშინ „დინამო თბილისმა ბილბაოს „ატლეტიკს“ ჯერ 2:1 სძლია, მერე კი 0:1 დამარცხდა და საშინაო კედლებში გაშვებული გოლის შედეგად ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბასკური კლუბი გაუშვა.

Dinamo Tbilisi 2-1 Athletic Bilbao 12.08.1998 - YouTube

შემადგენლობა

ლა ლიგის ბინადარ კლუბში როგორც ესპანელი, ისე ლეგიონერი ფეხბურთელების ბალანსია. „გრანადაში“ ირიცხებიან პორტუგალიელი, კოლუმბიელი, ვენესულელეი, ფრანგი და ბრაზილიელი მოთამაშეები. გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდებთან ერთად, გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან, მაგალითად ვიქტორ დიასი, „ვალენსიას“ ყოფილი ნახევარმცველი ანხელ მონტორო და „ბეტისისა“ და „ხეტაფეს“ ვეტერანი ხორხე მოლინა.

ახალგაზრდებიდან გამოსარჩევია ნიჭიერი ესპანელი მცველი ხესუს ვალიეხო, რომელიც გუნდში მადრიდის „რეალიდან“ განათხოვრების წესით იმყოფება. 23 წლის მცველი სერხიო რამოსის და რაფა ვარანის დუეტს კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევს, მაგრამ ანდალუსიურ გუნდში საკმაო სათამაშო პრაქტიკა ეძლევა და მომავალ წელს „სამეფო გუნდსაც“ დაუბრუნდება. გუნდში იჯარის წესით ისეთი გუნდის ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორიც „მანჩესტერ სიტი“, ლონდონის „ჩელსი“ და იტალიური „რომაა“.

ვარსკვლავი

ცხადია, ცალკე გამოყოფის ღირსია ჩვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა ავად სახსენებელი რობერტო სოლდადო. ადამიანი, რომელიც ქართულ მეტოქეს უკვე ორჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა. ჯერ იყო და მადრიდის „რეალის“, „ვილიარეალის“, „ტოტენჰემის“, „ვალენსიას“ და „ფენერბახჩეს“ გამოცდილი ფორვარდი სანაკრებო დონეზე შეგხვდა და 2012 წელს „დინამო არენაზე“ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში გამარჯვების ერთადერთი გოლის ავტორი გახდა, 1 წლის შემდეგ კი იმავე სტადიონზე უკვე „დეზების“ მაისურით ითამაშა და „დინამო თბილისს“ დუბლი შეუსრულა, ის მატჩი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა – 0:5 წააგო.

35 წლის გოლეადორს კარიერის განმავლობაში, საკლუბო დონეზე მეტოქის კარი 191-ჯერ აუღია, „ფურია როხას“ რიგებში 7 ბურთის შესაგდებად კი სულ რაღას 12 შეხვედრა დასჭირდა.

სოლდადოს და „გრანადას“ გზები შარშან ზაფხულში გადაიკვეთა და მას მერე ჩატარებულ 43 მატჩში ვეტერანმა ესპანელმა 13 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Granada CF | «Soldado no es el clásico que busca un retiro dorado» | Ideal

მწვრთნელი

დიეგო მარტინესი 39 წლის გახლავთ, თუმცა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვება შეძლო. მისი კარიერა თვით უნაი ემერის ასისტენტად „სევილიაში“ მუშაობისას დაიწყო, შემდეგ იყო ამავე კლუბის ახალგაზრდული გუნდი და „ოსასუნა“ ლა ლიგაში.

მარტინესი „გრანადას“ 2018 წლიდან თავკაცობს და ამ პერიოდში გუნდს 91-ჯერ უხელმძღვანელა, საიდანაც 48 მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 23-ში დამარცხდა. ანდალუსიური კლუბი ლა ლიგას სწორედ დიეგო მარტინესი მეთაურობით დაუბრუნდა, რომლის საყვარელი სათამაშო სქემაც 4-2-3-1 გახლავთ.

El Granda de Diego Martínez: ocho intocables y tres piezas rotatorias :: Info Biwenger

მსაჯი

გრანადასა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის სედარ გიოზიუბიოიუკი იქნება, რომელმაც ამ სეზონში ერედივიზიონის ორ შეხვედრას უმსაჯა და უკვე 13 ყვითელი ბარათი გამოიყენა. ბოლო სამ შეხვედრაში წარმოშობით თურქმა რეფერიმ სულ მცირე 6 ბარათი გამოიყენა.

გაფრთხილების მოყვარულ საკმაოდ მკაცრ არბიტრს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია. მან 2019 წელს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრების ყველაზე უხერხულ მეტქოესთან, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან, დუბლინში გამართულ შეხვედრაში უმსაჯა, რომელშიც „ჯვაროსნები“ მინიმალური სხვაობით – 0:1 დამარცხდნენ, ნიდერლანდელმა კი ყვითელი ბარათი ორჯერ გამოიყენა, ორივეჯერ ჩვენს საწინააღმდეგოდ – სედარმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გააფრთხილა.

Serdar Gözübüyük: "Türkiye'den hakemlik teklifi aldım" - Futbol Haberleri - Fanatik

სპეციალურად Live.ge-სთვის, ამირან შაიშმელაშვილი გრანადადან

(279)

გუნდი, რომელიც ლა ლიგას ლიდერობს – ყველაფერი რაც გრანადას შესახებ უნდა ვიცოდეთ

სტატიის ავტორი
-