Belive

სალაჰი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, "რეინჯერსისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. შოტლანდიელთათვის საკულტო სტადიონზე გამართული მატჩი, "რეინჯერსის" განადგურებით დასრულდა. "აიბროქსზე" მასპინძლები 1:7 დამარცხდნენ.

მერსისაიდული გრანდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი უკანასკნელ პერიოდში არც ისე სახარბიელო ფორმაში იმყოფება. აღნიშნულიდან გამომდინარე, "რეინჯერსის" წინააღმდეგ, სალაჰი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. ფარაონს ჰეთ-თრიკის შესასრულებლად მხოლოდ 6 წუთი და 12 წამი დასჭირდა. სალაჰმა "რეინჯერსის" კარი 75-ე, მე-80 და 81-ე წუთებზე აიღო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა. სალაჰმა ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები დაჩრდილა, როგორიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი და რაჰიმ სტერლინგი.

სამივე შემთხვევაში საგოლე გადაცემის ავტორად დიოგო ჟოტა მოგვევლინა, რომელმაც ასევე ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. პორტუგალიელმა შემტევმა 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, 4 საგოლე შანსი შექმნა და პასების 100%-იანი სიზუსტით გამოიჩინა თავი.

განვლილი 4 ტურის შემდეგ, "ლივერპული" A-ჯგუფში, 9 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება. მერსისაიდელები მხოლოდ "ნაპოლისთან" დამარცხდნენ, რომელიც ქვეჯგუფის ლიდერია.

ლეგენდარულ "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, "ნაპოლიმ" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. სხვადასხვა გავლენიანმა სტატისტიკურმა ვებგვერდებმა კვარაცხელიას ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს - ხოლო UEFA-მ იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

"აიაქსის" დამარცხების შემდეგ, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება გაინაღდეს.

სხვა სტატიები