Belive

სალერნიტანას პრეზიდენტი: "მადლობა ღმერთს, კვარაცხელია სახლში რჩება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სალერნიტანას" პრეზიდენტმა, დანილო იერვოლინომ, იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი "ნაპოლის" დაუპირისპირდება კომენტარი გააკეთა და სიხარულით აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან 21 წლის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

"გვსურს, რომ ეს მეგობრული დაპირისპირება იყოს. გვინდა, რომ ამ მატჩით ავაშენოთ ხიდი კლუბებს შორის, რომლის შემდეგაც იქნება მესამე ტაიმი, რომელშიც ჩვენი და მეტოქე გუნდის გულშემატკივრები დასალევად ერთად წავლენ.

რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება, რადგან "ნაპოლი" დღეს ევროპაში ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებს და არაჩვეულებრივი ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავს.

შევეცდებით, რომ ჩვენი შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გამბედავი, მამაცი ფეხბურთი ვითამაშოთ.

ჩვენთვის სასიამოვნო სიახლეა და ამისთვის მადლობა ღმერთს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სახლში რჩება და ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია. თუმცა, "ნაპოლი" ბრწყინვალე მოთამაშეების ნაკლებობას არ განიცდის", - თქვა "სალერნიტანას" პრეზიდენტმა.

ნეაპოლელები სერია A-ს 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალურ ეტაპზე არიან გასულები და ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები