Belive

სამი მიზეზი რის გამოც ბათუმის "დინამოს" ჩემპიონობა გაუჭირდება

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ჩემპიონობისთვის ფაქტიურად ორი გუნდი იბრძვის, ესენია ბათუმის "დინამო" და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "დინამო თბილისი", მეორე დედაქალაქური გუნდი "საბურთალო" კი ამ ბრძოლას ფაქტიურად ჩამოშორდა. საბურთალოელებს პოტენციურ პირველადგილოსან დინამო თბილისთან 6 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ, რისი აღმოფხვრაც გია ჭიაბრიშვილის შეგირდებს გაუჭირდებათ. ამ სტატიაში ვისაუბრებთ სამ ძირითად მიზეზზე, რის გამოც ბათუმის "დინამოს" "დინამო თბილისისთვის" წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.  
მიზეზი N1 - "ზურგში სუნთქვა"
მართალია ზღვისპირელები 58 ქულით პირველ ადგილზე არიან და მოწინააღმდეგეს ერთი ქულით უსწრებენ, მაგრამ თბილისელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და პოტენციურად მეტოქეზე ორი ქულით წინ არიან, რადგან გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში მათ 60 ქულა ექნებათ, რაც მათი ფავორიტის სტატუსს კიდევ უფრო გაამყარებს. მაგრამ სანამ დინამო თბილისი გამოტოვებულ მატჩს ჩაატარებს, ბათუმელები პირველ ადგილზე არიან, მატჩიდან მატჩს იგებენ თუმცა ქულათა სხვაობას ვერ ზრდიან, მიზეზი კი დინამო თბილისის შესანიშნავი ფორმაა, რომლის დამსახურებითაც ზღვისპირელები ზურგში გრძნობენ დინამოელთა სუნთქვას და აანალიზებენ, რომ ერთი პატარა ფეხის დაცდენა მათ ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდებათ, ეს კი ფსიქოლოგიურად ძალიან დიდ დარტყმას აყენებს გუნდს, რომელიც უმაღლეს ლიგაში შარშან აღზევდა. ყოველი თამაშის წინ იმაზე ფიქრი რომ შეიძლება ერთი ვერმოგებული მატჩი ტიტულის გარეშე დარჩენას ნიშნავდეს დიდ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს. ამიტომ ბათუმის "დინამოს" შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ასეთი მდგომარეობა კი, როგორც წესი შეცდომის დაშვებით მთავრდება ხოლმე, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ ბათუმელთათვის საბედისწერო იქნება.   მიზეზი N2 - თბილისელთა შესანიშნავი ფორმა ყველაფერი 24 მაისს დაიწყო, როდესაც დინამო თბილისმა შინ ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა, მას შემდეგ თბილისელებმა საქართველოს ჩემპიონატში გამართულ 12 შეხვედრიდან 11-ში იმარჯვეს, ერთი კი ფრედ ითამაშეს, აღსანიშნავია რომ ამ 13 მატჩიდან, დინამო თბილისმა გოლი მხოლოდ 5 შემთხვევაში გაუშვა, მათ შორის სწორედ ბათუმის "დინამოსგან" რომელიც შინ 2:1 დაამარცხა, კუტალიას 82-ე წუთზე გატანილი გოლით. ამ პერიოდში დინამოელთა ცხოვრებაში საინტერესო ფაქტები დაფიქსირდა. მათ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც ითამაშეს, პირველი ორი ეტაპი მარტივად გადალახეს, მეტოქეებს 12 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი არც ერთი არ მიუღიათ, თუმცა შემდეგ მრისხანე "ფეიენორდთან" დამარცხდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ როტერდამში გამართული მატჩში, რომელიც ჰოლანდიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, დინამოელებს სამი ისეთი რამ დაემართათ რაც ცალ-ცალკეც კი ხშირად წაგაგებინებს თამაშს, წითელი ბარათი, პენალტი და გოლი საკუთარ კარში. საშინაო მატჩში კი დინამოელებმა "ფეიენორდთან" ფრედ 1:1 ითამაშეს. დინამოელებისთვის სექტემბერი მძიმედ დაიწყო, როდესაც მათი რიგები ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და გუნდის ლიდერმა, ლევან შენგელიამ დატოვა, თუმცა თბილისელების სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამას გუნდზე არ უმოქმედია და შემდეგი ორი მატჩი მათ მშრალად მოიგეს, სექტემბრის შუაში კი სულაც ლევან მჭედლიძე დაიმატეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში პირდაპირ სერია ა-დან წამოვიდა, რაც მხოლოდ იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ როგორ გაძლიერდა დინამო თბილისი, ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზაში შესვლისას.   მიზეზი N3 - წნეხი მსოფლიო ფეხბურთში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც კლუბი რომელიც არ მოიაზრებოდა ჩემპიონობის მაძიებლად, სეზონის პირველ ნახევარს კარგად ატარებდა, ყველა მის ჩემპიონობაზე ლაპარაკობდა და შემდეგ იწყებოდა კრიზისი. ასე იყო მაინცი და ჰოფენჰაიმი გერმანიაში, ასე იყო შარშან თურქეთშიც როდესაც "ბასაქშეჰირი" რომელმაც თითქმის მთელი სეზონი პირველ ადგილზე გაატარა, ბოლოსწინა ტურში კი მეორეადგილოსან "გალათასარაისთან" დამარცხდა და ჩემპიონობაც დაკარგა, ტიტული კი სწორედ "გალათასარაის" დარჩა, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა ახლა საქართველოს ჩემპიონატში, ეს გუნდები ხო სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 6 ოქტომბერს. გვახსოვს გამონაკლისებიც, მაგალითად "ლესტერი", თუმცა მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ ათწლეულებში ერთხელ ხდება. ეს ფაქტორი კი კიდევ ერთი მიზეზია წნეხისთვის, რომელიც შეიძლება ბათუმელ ფეხბურთელებს აწუხებდეთ, მათი ფიქრები კი თუ 6 ოქტომბრისკენაა მიმართული ეს ფეხის დაცდენის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს, დინამო თბილისის დამარცხება, რომელიც გოლსაც კი იშვიათად უშვებს ზღვისპირელებს ნამდვილად გაუჭირდებათ, თუმცა არც გამარჯვების შემთხვევაში იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი, წინ უამრავი ტურია, სადაც არც ერთ გუნდს არ მოასვენებს "ზურგში სუნთქვა", განსაკუთრებით კი ბათუმელებს, რადგან ისინი ასეთ მდგომარეობაში პირველად არიან, აქამდე ხომ არასოდეს მოუგიათ საქართველოს ჩემპიონატი.   ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ორივე გუნდს წარმატებები ვუსურვოთ და იმედია მომავალ წელსაც ანალოგიურად დაძაბული ჩემპიონატი გველის, ნოემბრამდე კი დავტკბეთ დინამო თბილისისა და ბათუმის დინამოს კონკურენციით და ვნახოთ ვის დარჩება გამარჯვება.  
ლუკა გვაზავა

სხვა სტატიები