Belive

სამუელ ინკუმი: "ჯაბა კანკავას შევპირდი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდი"

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2020 წლის ზამთარში, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა "სამტრედიამ" გამორჩეული ლეგიონერი, სამუელ ინკუმი დაიმატა. 31 წლის განელ მცველს მონაწილეობა მიღებული აქვს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე ითამაშა ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელის სამუელ ეტო'ოს გვერდით. რაც შეეხება ინკუმის საკლუბო კარიერას, სხვადასხვა პერიოდში იგი "ბაზელის," "დნიპროს," "დისი იუნაიტედის," "ბოავიშტასა" და სხვა გუნდების ღირსებას იცავდა. ინკუმმა, კარიერის გამორჩეული მომენტების და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილების შესახებ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ. როგორ მოერგე ახალ რეალობას? როგორია სპორტსმენისთვის შეზღუდული სავარჯიშო პირობები? მადლობას გიხდით მოკითხვის და დაინტერესებისთვის. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ ამ რთულ პერიოდში. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. მაქსიმალურად ვიცავ წესებს. აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა გვაძლევს და ყველაფერი კარგად იქნება. გუნდისგან სპეციალური პროგრამა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, ჯერ გუნდური ვარჯიშები არ გვაქვს და ერთმანეთს მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვესაუბრებით. თავისუფალი დრო ბევრია, ამ პერიოდში ფილმებს და სერიალებს ვუყურებ, ვკითხულობ წიგნებს. ვესაუბრები ოჯახის წევრებს, რომლებიც აქ არ არიან. შენი ევროპული კარიერა შვეიცარიის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ "ბაზელში" იწყებოდა. როგორია შენთვის იქ გატარებული პერიოდი? ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. ახალი დაქორწინებული ვიყავი და ჩემს პირველ ვაჟს, სამუელ ჯუნიორს ველოდებოდი. ჩემს მეუღლეს გეუბნებოდი: მჯერა, ეს ბავშვი წარმატებას მომიტანსთქო. მართლაც, შვილის შეძენიდან რამდენიმე დღეში, "ბაზელთან" კონტრაქტი გავაფორმე. ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშე. გავიტანე გოლი "რომას" კარში, რაც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება. ვთვლი, რომ ამის გამო ბედნიერი და იღბლიანი ვარ.
შემდეგ, იყო "დნიპრო" და ქართველი თანაგუნდელები. რა მოგონებები გაკავშირებს მათთან? ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე ერთ-ერთი გამორჩეული თანაგუნდელები იყვნენ. ორივე ძალიან ბევრს შრომობდა. გამორჩეული იყო ჯაბას პროფესიონალიზმი, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანია. მას ნახევრად ხუმრობით შევპირდი, რომ საქართველოში შავი ზღვის სანახავად ჩამოვიდოდი. "ანთალიასპორში" შენი თანაგუნდელი სამუელ ეტო'ო იყო, როგორ გაიხსენებ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ურთიერთობას? ეტო'ოს ინიციატივა და დამსახურება იყო, რომ თურქეთში, "ანთალიაში" გადავედი. რეკომენდაცია სწორედ მან გამიწია. ის შესანიშნავი მეგობარი და დიდებული პიროვნებაა. როგორც ფეხბურთელზე, მე მასზე ვერაფერს ვიტყვი. ყველამ იცის, თუ რაოდენ დიდი ფიგურაა იგი და რა წარმატებას მიაღწია "ბარსელონასა" და "ინტერში". უშუალოდ თურქეთში გატარებული პერიოდი კარგად მაგონდება. სუპერლიგაში თამაში დიდი გამოწვევა იყო. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქომაგები არიან.

შენ შეძელი ის, რაზეც მსოფლიოში ათასობით ფეხბურთელი ოცნებობს - ითამაშე ორ მუნდიალზე. როგორი გრძნობაა? ეს არის ის, რაზეც პლანეტის ყველა ფეხბურთელი ბავშვობიდან ოცნებობს. საოცარი შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. საოცრებაა, როცა შენი ქვეყნის ღირსებას იცავ და მთელი მსოფლიო გიყურებს. მზად ხარ, შენი სამშობლოსთვის მოედანზე მოკვდე. გამოვარჩევდი 2010 წელს ურუგვაის ნაკრებთან თამაშს, რომელიც ისტორიაში შევიდა. მე ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და აქ მოხდა ისეთი რამ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ლუის სუარესმა ბურთი კარიდან ხელით გამოიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ნახევარფინალში გავიდოდით. სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დავმარცხდით. ეს სანაკრებო კარიერაში ყველაზე დაძაბული მატჩი იყო.
რომელი იყო ყველაზე რთული შეხვედრა საკლუბო დონეზე? ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის "ბაიერნთან" 1:3 წაგებული შეხვედრა. აქ ჩვენ მერვედფინალში გასასვლელად ფრეც გვყოფნიდა, თუმცა სამწუხაროდ, ფრანკ რიბერისა და ანატოლი ტიმოშიუკის გოლებით (0:3) დავმარცხდით.
როგორ აღმოჩნდი საქართველოში, რატომ გადაწყვიტე ჩვენს ჩემპიონატში ჩამოსვლა? 2 წლის წინ, როცა აგენტთან ფინანსური შეუთანხმებლობის გამო 1-წლიანი დისკვალიფიკაცია დავასრულე, "შევარდენიდან" შეთავაზება მივიღე, აკა გოშაძე დამიკავშირდა. მართალია, საქართველო ის ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელშიც ჩამოსვლა მინდოდა, თუმცა რანგით მეორე დივიზიონში თამაში არ მსურდა. მოგვიანებით, გეგი კიკაბიძისგან მივიღე შემოთავაზება, მან "სამტრედიაში" ჩამოსვლა შემომთავაზა. მაშინ მოვიძიე ინფორმაცია ამ კლუბზე და ბევრი რამ გავიგე, მაგალითად ის, რომ ეს კლუბი ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა, ახლა კი უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. მოლაპარაკებების პროცესში შევიტყვე გუნდის მიზნები. ის, რომ ამ კლუბს მაღალი მიზნები აქვს. მომეწონა ის პირობები, რაც საქართველოდან შემომთავაზეს, საუკეთესო ვარიანტად მივიჩნიე და რაც მთავარია, არ დამვიწყებია ქართველი თანაგუნდელებისთვის მიცემული პირობა. მომწონს ამ კლუბის გეგმა, ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის და უშუალოდ კახა კაჭარავას დამოკიდებულება მიზნების მიმართ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გეგი კიკაბიძეს, მიხეილ ხუციშვილის და ლევან ზუხბაიას, რომ ამ კლუბში სათამაშოდ მომიწვიეს. პირველ ორ ტურში დავრწმუნდი, რომ საქართველოში იოლი მატჩები არ გველის, მაგრამ "სამტრედიაში" ჩემპიონობის მოსაპოვებლად ჩამოვედი. ამ მოკლე დროში რა მოგეწონა განსაკუთრებით საქართველოში? განსაკუთრებით ქართველი ხალხის კულტურა და მენტალიტეტი. ერთმანეთთან ღია და მეგობრული ურთიერთობა, სტუმართმოყვარეობის სიყვარული. აქ ადამიანებს უყვართ და პატივს სცემენ საკუთარ ოჯახებს, რაც ძალიან მომწონს. ვისწავლე რამდენიმე ფრაზა: "გამარჯობა", "როგორ ხარ?", "კარგია". და რა თქმა უნდა, დავაგემოვნე თქვენი ყველაზე გემრიელი კერძი - ხინკალი. ჩემი ოცნებაა, რომ მომავალში თქვენი რთული, მაგრამ საინტერესო ენა შევისწავლო.

სხვა სტატიები