Belive

სამუშაო იბიცაზე - რატომ აპირებდა ვარდი ლესტერიდან წასვლას და კარიერის დასრულებას? 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჯეიმი ვარდი დღესდღეობით პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორია და წინა სეზონში, კარიერაში პირველად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. ინგლისის ელიტარულ დივიზიონში მის აქტივში უკვე 114 გოლია და ამ შედეგით ყველა დროის მეგოლეთა შორის მე-19 ადგილს იკავებს. თუმცა, შესაძლოა 34 წლის ინგლისელის კარიერაცა და ცხოვრებაც იმნაირად წარმართულიყო, რომ ის ფართო მასებს საერთოდ არ გაეცნოთ. თუ რა გზა გაიარა ვარდიმ "ლესტერამდე", პრემიერლიგის მოგებამდე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თავისი სამშობლოს ღირსების დაცვამდე და რა სიძნელებით იყო სავსე მისი ცხოვრება, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, თუმცა ბრიტანულმა მედიამ ვარდის ცხოვრების აქამდე უცნობი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოარკვია. უკვე მაშინ, როცა შეფილდში დაბადებული ფეხბურთელი ლესტერშირული კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და მისი გუნდი აღმავლობის გზას ადგებოდა, ვარდის საკუთარი შესაძელობების ბოლომდე მაინც არ სჯეროდა. "ფლიტვუდიდან" 1 მილიონ ევროდ "ლესტრში" გადასვლის და ჩემპიონშიფში გატარებულ სადებიუტო სეზონში მხოლოდ 5 გოლის გატანის შემდეგ, ვარდიმ იფიქრა, რომ ფეხბურთის თამაში არ იყო ის საქმე, რომელიც საუკეთესოდ გამოსდიოდა და შემოსავლის წყაროს საძებნად იბიცასკენ გამგზავრება გადაწყვიტა. YouTube- ის არხთან Under The Cosh-თან ბოლოდროინდელ ინტერვიუში, "ლესტერის" ყოფილმა გარემარბმა ბენ მარშალმა ვარდი რამდენჯერმე ამხილა, მათ შორის გაამჟღავნა მისი გეგმები იბიცაზე სამუშაოს საძებნად წასვლაზე. "მახსოვს, ის ამბობდა, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა და გადაწყვეტილი ჰქონდა იბიცის კუნძულზე წასულიყო სადაც ის კომპანიებისთვის სამსახურის გაწევას მოახერხებდა", -იხსენებს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ინგლისის რანგით მე-12 დივიზიონში გამოდის.

საქმიანობა, რომელიც ვარდის უნდა შეესრულებინა, კონკრეტულად, რომელიმე კოპმანიის პროდუქციის რეკლამირებას, კარდაკარ მოგზაურობას და პოტენციური კლიენტების დაინტერესებას გულისხმობს. ჯეიმის დასახული მიზნის შესრულება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა გუნდის მაშინდელმა ასისტენტებმა კრეიგ შექსპირმა და სტივ უოლშმა მთავარი მწვრთნელის ნაიჯელ პირსონის დახმარებით ვარდის დაყოლიება და გუნდში დატოვება მოახერხეს. ამ პერიოდს შექსპირი შემდეგნაირად იგონებს: "ჩვენი საქმე სწორედ ფეხბურთელების მხარდაჭერაა. ხშირად მათ საკუთარ თავთან ჭიდილი უწევთ. მე, ნაიჯელი და სტივი იქ ზუსტად იმისთვის ვიყავით, რომ ვარდის დავხმარებოდით. ჩვენ მას არამხოლოდ პრემიერლიგაში თამაში, არამედ ინგლისის ნაკრებში მოხვედრაც ვუხსენეთ. საბედნიეროდ, ის არ წავიდა იბიცაზე. ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო!".

სხვა სტატიები