Belive

სანაკრებო შემოდგომა და ისტორიული შანსი - რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია?

3 წლის წინ ფეხბურთი
76 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ოქტომბრის თვეში სამი დაპირისპირება გამართა. პირველი მათგანი 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" შედგა და მასში "ჯვაროსნებმა" ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (1:0), რისი მეშვეობითაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს. შემდეგ კი იყო ორი ფრე: ნეიტრალურ მოედანზე (2:2) სომხეთთან და სტუმრად მაკედონიასთან (1:1). ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2020 წელს ოთხი შეხვედრა გამართა და არცერთში დამარცხებულა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა. წინ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე 1 ნაბიჯი აშორებს - 12 ნოემბერს ეროვნული გუნდი წლეულს უკვე მესამედ და საბოლოოდ, ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება. იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს, საინტერესოა გავიგოთ როგორ აფასებენ ჩვენი კოლეგები ოქტომბრის მატჩებს და როგორია ქართველი სპორტული ჟურნალისტების განწყობა ფინალური შეხვედრის წინ. გიგა გვენცაძე (საქართველოს პირველი არხი): "მთავარი ამოცანა ამ მომენტისთვის შესრულებულია. ჩვენს გუნდს და თითოეულ ჩვენთაგანს ერთი ნაბიჯი გვაშორებს ოცნების ასრულებამდე. ბელარუსთან მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ერთხელაც არ დავარტყმევინეთ კარში, მაგრამ ბევრს მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგვრჩა. ამაში გასაკვირი არაფერია, მაქსიმალისტები ვართ და უნდა ვიყოთ კიდეც. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა რომ ჩაკვეტაძე გვყავდა და იმედია ისეთივე ჩაკვეტაძე გვეყოლება და გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია გვყავს. ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძის გარეშე რთული სათქმელია მივაღწევდით თუ არა იგივე შედეგს, ისევე როგორც კვარაცხელიას გარეშე გაგვიჭირდებოდა ბელარუსთან და ჩრდ. მაკედონიასთან ორივე შეხვედრაში. სომხეთის ნაკრებმა კაპაროსის ხელში სახე იცვალა, ჩემი აზრით, უარესობისკენ. ჩვენმა გუნდმა მეზობელს აჯობა და ობიექტურად 3 ქულა უნდა დაგვრჩენოდა, რომ არა უიღბლობა. ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი, ბოლო სამი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა, ჩემი აზრით სწორედ სომხეთთან ითამაშა, იქ სადაც მეტისმეტად გადახალისებული შემადგენლობის გამო, ყველაზე ნაკლებად ველოდით. ჩრდ. მაკედონიასთან ფეხბურთი მეორე ტაიმში ვნახეთ. ჩვენ უფრო დიდი დანაკლისი გვქონდა ვიდრე მეტოქეს. მასპინძლებს არაფრით ჩამოუვარდებოდით და მოგებასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით. პენალტი ჩემი აზრით უფრო არ იყო, ვიდრე იყო, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან, საჯარიმოში სრულიად აუხსნელი მოქმედებით - რვაფეხით, მსაჯს პენალტის დანიშვნის საბაბი მივეცით. ყველაფერი ჩემი აზრით, დამატებით დროში, დაცვაში გაუმართლებელმა ცვლილებებმა გამოიწვია. ცვლილებები ვაისის აქილევსი ქუსლია. მართალია მეტოქეს რამდენიმე ფეხბურთელი გაცილებით ძლიერ ჩემპიონატებში და ძლიერ გუნდებში ჰყავს ვიდრე ჩვენ, მაგრამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, 12-ში მათ თბილისში მოვერევით. მთავარია ყველა ის ფეხბურთელი ვისაც ნაკრების ძირითად ბირთვად განვიხილავთ, ამ რთულ პერიოდში, ჯანმრთელად გვყავდეს. ჩრდილოეთ მაკედონიამ წელს უკვე აიღო ერთი საგზური - ნატოს წევრი გახდა. წელს ეყოფათ. ჩრდ. მაკედონია ნატოში და ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე. მომავალ შესარჩევში კი მაკედონია ევროპაზე და ჩვენ ნატოში. ვფიქრობ ბევრი არ იქნება ჩვენში ამის წინააღმდეგი". ლევან ღუდუშაური (საქართველოს პირველი არხი): "ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე კვლავ დაუმარცხებელია. მოიგეს უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალი ბელარუსთან, გავიდნენ ფინალში. ასევე ნაკრები ინარჩუნებს C დივიზიონის ჯგუფის მოგების კარგ შანსს ზემოთ დაწინაურების პერსპექტივით. იმის მიუხედავად, რომ გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა, ყველამ ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის ყველა მეტოქეს ჯობდა და ბელარუსთანაც, სომხეთთანაც და მაკედონიასთანაც დამაჯერებლად შეეძლო მოგება. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ჩატარებული მატჩების შესაბამისი ანალიზია. შეცდომების გამოვლენა და გამოსწორებაა. ასევე უმნიშვნელოვანესია რომ ნაკრების ფეხბურთელები ფინალური შეხვედრისთვის ჯანმრთელად და ტონუსში იყვნენ". მერაბ მამულაშვილი (საქართველოს პირველი არხი): "სკოპიეს მატჩამდე გაურკვეველი მოლოდინი მქონდა. არ ვიცოდი, რეალურად რა ძალის იყო მაკედონია. ახლა ჩემი დასკვნა ასეთია, რომ ჩვენი ნაკრები პოტენციალით და ორგანიზაციით ჩრდილოეთ მაკედონაის სჯობია. მეტოქე ინდივიდუალუარდ კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ტუზი და კოზირები საქართველოსაც აქვს და ეს თავადაც ნახეთ. მთავარი იქნება ამ კონკრეტულ მატჩზე ყველა ჯანმრთელად იყოს, თორემ კი ნახეთ, რომ ჩვენც და მაკედონიაც 14 ოქტომბრის მატჩამდე ტრავმებმა და კორონავირუსმა ლამის "ბითლებივით" დაგვშალა. მე იმედიანად ვარ, რომ 12 ნოემბერს, მატჩის შემდეგ საქართველო გაიხარებს". დავით ბანანაშვილი (საქართველოს პირველი არხი): "ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ბოლო სამ სანაკრებო შეხვედრას დადებითად ვაფასებ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა, მთავარი მაინც რეზულტატი და ტაბლოა. იყო გარკვეული მინუსები, თუმცა გამოჩნდა დადებითი მხარეებიც. ცხადია, მათ შორისაა კვარაცხელიაც, თუმცა ხვიჩა ცალკე საუბრის თემაა, რადგანაც ის აშკარად ჩვენი ნაკრების მომავალია. მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიასთან შეხვედრაში ძალიან მძიმე ბოლო წუთები გამოვიდა და მოსაგები შეხვედრა დასანანი შედეგით დასრულდა, მთლიანობაში ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს დადებითად ვაფასებ. მსაჯთან შეკითხვებიც დაისვა, თუმცა ამის მიუხედავადაც, მე ჩვენი ნაკრების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, უდიდესია 12 ნოემბრის მატჩის მოლოდინი. ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მგონია, რომ ჩვენმა ნაკრებმა ეს შეხვედრა უნდა მოიგოს და დაწეროს ისტორია, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია".
No description available.
გიორგი კალატოზი (Silk sport): "იმ რესურსით, რაც გვქონდა, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, ნაკრები ფეხბურთს თამაშობს და რომ არა უიღბლობა, შედეგიც უკეთესი იქნებოდა. ბელარუსთან მძიმედ მოვიგეთ, მაგრამ გადახალისებული შემადგენლობით სომხეთთანაც და ჩრდილოეთ მაკედონიასთანაც მოსაგები თამაშები გვქონდა. ვფიქრობ თუ მაყურებელს დაუშვებენ და დანაკლისის გარეშეც ვიქნებით, ჩრდილოეთ მაკედონიას დავამარცხებთ". ირაკლი ფოფხაძე (Silk Sport, Crystalsport.ge): "ბელარუსთან ფინალის ტოლფასი მატჩი იყო და ასეთი შეხვედრებში სანახაობრივი თამაში იშვიათად გამოდის ხოლმე - ასე იყო ამ მატჩშიც. თუმცა, მე ვთვლი, რომ საქართველომ მეტოქე უშანსოდ დაამარცხა, ისე, რომ მეტოქეს რეალური მომენტი არ ჰქონია. იყო ძალიან სწორი ტაქტიკური სვლები და გადაადგილებები და ასევე, ფეხბურთელების ძალიან სწორი პოზიციონირება. თითოეულმა ფეხბურთელმა ზუსტად იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა მოედანზე. ბელარუსს ვაჯობეთ და დავამტკიცეთ მოედანზე, რომ საქართველო უკეთესი გუნდია. ხშირად ხდება ისეც, რომ უკეთესი გუნდი ლოგიკურ შედეგს ვერ აღწევს. ვაისის ხელში კი საკმაოდ კარგი ტენდენცია დამკვიდრდა. მან ასწავლა ფეხბურთელებს ერთი კონკრეტული მატჩის მოგება და შესაბამისად მომზადება. სომხეთთან მოსაგები მატჩი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში 9 ცვლილება იყო. მეტოქეს ვაჯობეთ და ეს შეხვედრა უნდა მოგვეგო. მაკედონიასთანაც მოსაგები მატჩი ჩავატარეთ. ქულების დაკარგვა ალბათ ზედმეტი სიფრთხილის ბრალი იყო. ამასთან ერთად, გავაფუჭეთ ბევრი საგოლე ეპიზოდი. რაც შეეხება პენალტს, მეც ვთვლი, რომ იქ არანაირი პენალტი არ იყო. ჩემი აზრით, 12 ნოემბერს, შანსები თანაბარია. მთავარია, რა ფორმაში შეხვდებიან გუნდები ამ დაპირისპირებას. მე მაკედონიისა და კოსოვოს მატჩზე მუშაობა მომიწია, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგი გუნდია. მათ ჰყავთ საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელი, რომლის ხელიც ამ გუნდს ეტყობოდა, თუმცა მე ვთვლი, რომ ვაისი გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტია და იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ ისტორიული გამარჯვების მიღწევას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას". სანდრო ცნობილაძე (Silk Sport, Popsport.com): "შედეგი ყველაფერს განსაზღვრავს. საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან მატჩი უნდა მოეგო და მოიგო კიდეც. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან ბოლო შესარჩევში ბელარუსის ეროვნული გუნდის სამი შეხვედრის კომენტირება მომიწია და ვიცოდი, რომ ჩვენი მეტოქე სრულად უკლასო გუნდი იყო. მართალია ბელარუსები არ აღიარებენ, თუმცა პოლიტიკური შეხედულებების გამო, მეტოქე სტანისლავ დრაგუნის გარეშე ჩამოვიდა და ამან ჩვენ უფრო მეტი უპირატესობა მოგვცა. ანგარიში გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თუ საქართველოს ნაკრები მომენტებს გამოიყენებდა და ბოლო წუთებში დაძაბულობა და ნერვიულობაც არ მოგვიწევდა. იყო გარკვეული ლაფსუსებიც. ალბათ, ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფიგურაა. გარდა იმისა, რომ მან პენალტი მოიპოვა და შეასრულა, საკმაოდ დიდი შავი სამუშაოც გასწია. ჩემი აზრით, ის ბელარუსთან შეხვედრაში საუკეთესო იყო. ამჯერადაც, სამწუხაროდ, იმაზე საუბარი გვიწევს, რომ ვლადიმირ ვაისმა ცვლილებები დააგვიანა. მან ეს პროცესი კიდევ ერთხელ შეხვედრის ბოლო წუთებამდე მიიყვანა, რის გამოც, ჩვენს გუნდში მაღალი ტემპი და სიმწვავე არ ყოფილა. კარგია, რომ საქართველოს ნაკრები მაღალ პრესინგს თამაშობდა და ეს მეტოქეს ბევრ შეცდომას აშვებინებდა. ძალიან მესიამოვნა, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქეს მჭიდროდ ეთამაშებოდა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კვლავინდებურად პრობლემატურად რჩება დაცვის მარცხენა ფლანგი, სადაც ნავალოვსკის შემცვლელი ჯერჯერობით არ მოიძებნა, მაგრამ იმედი მაქვს ეს პრობლემაც გადაიჭრება. რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ვფიქრობ, სკოპიეში გამარჯვება მოგვპარეს. არ ვიცი რა მოელანდა მსაჯს, მაგრამ ფაქტია, რომ აბსურდული და არარსებული პენალტი დაგვიდო. არადა, აქ გამარჯვება ამ ჯგუფის მოგებისკენ დიდ ნაბიჯს გადაგვადგმევინებდა, თუმცა ამის იმედი ჯერ დაკარგული არ არის. მეტოქე მხოლოდ ბურთების სხვაობით გვისწრებს და შეგვიძლია, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, ვინაიდან, შინ ორი მატჩი გვაქვს ისეთ მეტოქეებთან, რომლების დამარცხების რეალური შანსიც გვაქვს. ნარატივი, რომელიც ამ ახალ ფორმატს მოსდევს, რომელიც უეფამ დანერგა და რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს გვაძლევს, გულისხმობს, რომ შედარებით სუსტ ნაკრებებთან აქამდე ვაგებდით და ახლა ვიმარჯვებთ, არ ვეთანხმები, რადგან თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, შეხვედრების 70% აქამდეც მოგებული გვაქვს. საქართველოს ნაკრებში არსებული დანაკლისი გამოვლიდნა იმაში, რომ მეტოქემ პირველ ტაიმში ბურთის ფლობაში გვაჯობა. ამ შეხვედრისთვის შედეგი დადებითია. რაც შეეხება სომხეთთან შეხვედრას, მიუხედავად ძირითად შემადგენლობაში არსებული ცვლილებებისა, ეს თამაშიც აუცილებლად უნდა მოგვეგო. ეს უმეტესწილად იმის ბრალია, რომ საგოლე ეპიზოდები უდნა გამოგვეყენებინა. ამ მატჩში გამორჩეული მომენტი იყო თორნიკე ოქრიაშვილის გოლი, იდეალური კომბინაცია, რომელშიც განსაკუთრებით გამოსარჩევია ვაკო ყაზაიშვილის პასი. ამ კომბინაციაზე ხელს მეგა-ვარსკვლავებიც მოაწერდნენ. მთლიანობაში, სომხეთთან მატჩი დადებითად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება 12 ნოემბერს, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბელარუსთან ნაჩვენები თამაშით ფინალში ძალიან გაგვიჭირდება. თანაც, მაკედონია არ იქნება ის ნაკრები, რომელიც თბილისში სექტემბერში ან სკოპიეში ოქტომბერში ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, ნოემბერში გაცილებით ძლიერ გუნდს ვიხილავთ. მე კოსოვოსა და მაკედონიის ეროვნული გუნდების მატჩზე მუშაობა მომიწია და აქედან გამომდინარე გარწმუნებთ, რომ მაკედონიის ფლანგებისგან ძალიან სახიფათო შეტევებს უნდა ველოდოთ. ელმასი, ადემი, რისტოვსკი, ბარდი, ალიოსკი, ეს ის ფეხბურთელებია, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ხიფათს უნდა ველოდოთ. და რა თქმა უნდა, გორან პანდევი, რომელიც შესაძლოა 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყოს, თუმცა ის უდიდესი ძალაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაკედონიას სისუსტეები არ აქვს, მაგალითად მეკარე დიმიტრიევსკი, რაც სკოპიეს მატჩშიც გამოჩნდა. პრობლემაა ცენტრალური მცველებიც, რომლებიც ძალიან ხისტები არიან და უხეშობას არ ერიდებიან, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება. მაკედონიელები კვარაცხელიას ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ, მათ ნახეს რა შეუძლია ამ ბიჭს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება და იმედი მაქვს ვლადიმირ ვაისი ყველა იმ ლაფსუსის გამოსწორებას მოახერხებს, რომელიც ოქტომბრის შეხვედრებში იყო დაშვებული და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს". გიორგი პავლიაშვილი (Silk Sport): "დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე, ლამის მთელი წლის განმავლობაში უდიდესი მოლოდინი იყო, მოთამაშეებს უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, რაც ბუნებრივია, განსაკუთრებულ წნეხთან არის დაკავშირებული, ურთულესია მსგავს დაპირისპირებებში, თავისუფლად, ლაღად ითამაშო და ნერვიულობა არ დაგეტყოს. ბელარუსთან მატჩში თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შედეგზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე უკეთესი ფეხბურთი, ჩვენმა გუნდმა სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა. გადახალისებული შემადგენლობით, მთავარი მატჩის მოგების შემდეგ, ფეხბურთელები აშკარად თავისუფლად გრძნობდნენ თავს, ეფექტიანად და ლამაზად უტევდნენ, რაც ყოველთვის სასიამოვნო სანახავია. სამწუხაროა, რომ მატჩი, რომელიც ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენივე გამარჯვებით ვერ დასრულდა. მაკედონიასთან გამართულმა ორმა შეხვედრამ გვაგრძნობინა, რომ ამ გუნდთან გამარჯვება შესაძლებელია. გადამწყვეტ დაპირისპირებაში ბევრი იქნება დამოკიდებული ინდივიდუალისტებზე, მნიშვნელოვანია კვლავ კარგ ფორმაში იყოს ხვიჩა კვარაცხელია და ათამაშდეს გიორგი ჩაკვეტაძე. ჩრდ. მაკედონიელ ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში აქვთ სათამაშო პრაქტიკა, მიუხედავად ამისა, არ მგონია რომ მეტოქე ჩვენზე ნიჭიერი გუნდია. აუცილებელად გამოსაყენებელია, ფაქტობრივად, პირველი, ისტორიული შანსი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქისთვისაც ეს შანსი ანალოგიურად პირველი და ისტორიულია. წარმატებები ჩვენს გუნდს!". ნანა ჩოკორაია (Silk Sport): "სამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო და შესაბამისად, კითხვები სხვა ნიუანსებზე არასაჭირო მგონია. რაც შეეხება ერთა ლიგის ორ დაპირისპირებას სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, შესაძლებელი იყო უკეთესი შედეგით დაგვესრულებინა და ჯგუფის ლიდერებად დავბრუნებულიყავით, თუმცა დაკარგულ ქულებს ჰქონდა ობიექტური მიზეზები. სომხეთთან ფრე იყო ლოგიკასთან მიახლოებული ვიდრე მაკედონიასთან. ჩვენს მომავალ მეტოქესთან 1:1 ალბათ უფრო მთავარი არბიტრის წინააღმდეგ დაფიქსირებული შედეგი იყო, ვიდრე გუნდთან. გამოჩნდა ის რომ ეროვნულ გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელია ჯაბა კანკავა და უსაფუძვლო არ არის ვლადიმერ ვაისის მხრიდან მისდამი უსაზღვრო ნდობა. საერთო ჯამში, წაუგებელი სერიით საქართველოს ნაკრებმა მთავარი შეხვედრის წინ საკმაოდ კარგი განწყობა შეიქმნა. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ოპტიმალური შემადგენლობით ვაისის გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ყველა კომპონენტში ბევრად მაღლა დგას. სერიოზული საკადრო პრობლემების არარსებობის შემთხვევაში, ჩემთვის კითხვის ნიშნები თუ ვინ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, არ არსებობს". ნიკოლოზ ტაბატაძე (Silk sport, TV ფორმულა): "დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 2020 წლის ოქტომბერმა საფუძველი მნიშვნელოვან მოვლენას ჩაუყარა და ქართველი ქომაგები იმედით აღავსო, ისე, როგორც არასდროს... დატვირთული და მომქანცველი მონაკვეთის შეფასება ცალსახად დადებითად შეიძლება. განვითარების ამ ეტაპზე, ნაკრების თამაში ფასდება შედეგით და არა ხარისხით. ბელარუსის ნაკრებთან მიღწეული გამარჯვება ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებად დარჩება, როგორც მინიმუმ, 12 ნოემბრამდე. მიუხედავად რამდენიმე უსიამოვნო და არადამაკმაყოფილებელი სათამაშო ასპექტისა, ეროვნულმა ნაკრებმა ეს ბარიერი გადალახა და ევროპის ჩემპიონატს საგრძნობლად მიუახლოვდა. სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართული მატჩები, ჩემს მეხსიერებას პოზიტიურად შემორჩება, როგორც ნიშანი ტექნიკური, ქართული ფეხბურთის წარმატებულობისა​. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო ბოლო წუთებზე გაშვებული ბურთებით დაკარგული ქულები, სამაგიეროდ სასიამოვნო სანახავი გახლდათ კომბინაციური, შემტევი თამაშის დემონსტრირება - შემადგენლობის როტაციის პირობებშიც კი. ოქტომბრის თვემ გამოაჩინა, რომ ნაკრებს წარმატების მიღწევის შანსი ორივე ფრონტზე აქვს. ცხადია, სასიამოვნო იქნება, თუ ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდი B დივიზიონში დაწინაურდება, თუმცა ქართული ფეხბურთის ქომაგი ყველა წარუმატებლობას დაივიწყებს თუ ეროვნული გუნდი ევროპის საგზურს მოიპოვებს. ჩრდ. მაკედონიის ნაკრები აუცილებლად დასამარცხებელია და 12 ნოემბერს სრულიად საქართველო ახალი საფეხბურთო რეალობის წინაშე აღმოჩნდება". ვაკო ყიფიანი (Silk Sport, Popsport.com): "ბელარუსთან თამაშმა ყველას დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. ცხადია, რომ ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ ახლა მთავარი თამაში წინაა. ჩრდილოეთ მაკედონიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. ეს ჩვენი დიდი შანსია. ფაქტია, რომ ბელარუსებს ყველაფერში ვაჯობეთ და ძალიან დავჩაგრეთ, მაგრამ მათთვის უფრო მეტიც უნდა გაგვეტანა. რაც შეეხება სომხეთის ნაკრებთან მატჩს, ლიდერების დასვენების ფონზე მშვენივრად ვითამაშეთ. გასაგებია, რომ ბევრი უკმაყოფილო იყო, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი ნაკრები, რომელიც გოლს ვერ იტანდა და მომენტებს ვერ ქმნიდა. მაქსიმალური შედეგის მიღწევა გვსურს მუდამ, მაგრამ თამაშს ყოველთვის ვერ მოიგებ. სომხეთთან უბრალოდ არ გაგვიმართლა, პენალტი დაინიშნა, თორემ მაგ თამაშშიც 3 ქულას ვიმსახურებდით. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგონილი პენალტი იყო. მსაჯი შეცდა და ამას ყველა ამბობს. თბილისში აუცილებლად უნდა მოვუგოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ხვიჩა აუცილებლად მარცხნივ უნდა იდგეს. დიდი იმედი მაქვს, რომ გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგო სკამიდან ჩაერთვება და ისიც თავის სიტყვას იტყვის. დანარჩენი კი მოტივაციის და მონდომების ამბავია, რაც ამ ბიჭებს და მთლიანად ქვეყანას არ აკლია".
No description available.
ხატია ცარციძე (POS TV): "რადგან მთავარი მაინც შედეგია, ბელარუსთან შეხვედრამ ფინალში გაგვიყვანა და აქ თამაშის ხარისხზე ნაკლებად ვსაუბრობთ. ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები ბელარუსთან მთელი გულით თამაშობდნენ, განსაკუთრებული მონდომება და შემართება იგრძნობოდა, სხვანაირი ჟინით, თუმცა ეს არ იყო ის ხარისხი რაც ჩვენ გვინდა. რაც შეეხება ერთა ლიგაზე სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებს, ძირითად შემადგენლობაში 9, შემდეგ კი 7 ფეხბურთელი შეიცვალა. დასანანი შეცდომები იყო, განსაკუთრებით დაცვაში. ბოლო სამმა თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენს ნაკრებს რეალური მომენტების რეალიზება უჭირს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამ თამაშში ჩვენმა ფეხბურთელებმა 15 საგოლე მომენტი შექმნეს და მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს, ჩვენმა მეტოქეებმა კი შანსები გამოიყენეს. უპირატესობის გაზრდის პრობლემაც გამოიკვეთა, განსაკუთრებით მაკედონიასთან, სადაც რიცხვობრივი უპირატესობა შესაბამისად ვერ გამოვიყენეთ. თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ დანიშნეს, თუმცა აქ დაცვის ხაზს მეტად ყურადღებით თამაში მართებდა. შესაძლოა, ვლადიმირ ვაისმა ამ შეხვედრებში მთავარი უპირატესობები „დამალა“. ფაქტია, რომ უკეთესი თამაში გვჭირდება პროგრესისთვის და იმედი მაქვს, ჩრდილოეთ მაკედონიას ფინალში მოვუგებთ". გეგი კიკაბიძე (POS TV): "მე ამ სანაკრებო პაუზით კმაყოფილი ვარ. ვაისმა ყველა ფეხბურთელი ნახა საქმეში, ნაყოფიერი მატჩები გამოვიდა. ფსიქოლოგიური კუთხით კარგია, რომ მარცხის გარეშე ვასპარეზობთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების და მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო! მჯერა, თუ ოპტიმალური შემადგენლობით ვიქნებით, მაკედონია წარმატების მიღწევაში ხელს ხელს ვერ შეგვიშლის!". გიორგი სანადირაძე (POS TV): "ბელორუსიით დავიწყოთ ახალი და მოულოდნელი ვაისს არაფერი შემოუთავაზებია, შედეგზე გათვლილი თამაში, რაც ჩემი აზრით ამ ეტაპზე მისასალმებელი იყო, რადგან ბევრი შეხვედრა გვახსოვს "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ", "ბევრი მომენტი გვქონდა და წავაგეთ", აქ ჩემი აზრით ასე ჯობდა, ზედმეტი რისკის გარეშე. რაც შეეხება ჯგუფის ორ შეხვედრას, მისასალმებელი იყო როტაცია, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ იგივე შემადგენლობით გვეთამაშა, რაც პირველ შეხვედრაში, გადაღლილობის ფაქტორი არ უნდა დაგვავიწყდეს, ამდენი თამაში, პლუს ფრენები და თუნდაც ის ემოციური დაღლილობა, რაც პირველი თამაშის მოგებას ახლდა. სამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ ამით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ფორვარდის პრობლემა, კაჭარავას უნდა გაეტანა სომხეთის კარში, სამომავლოდ, ბუდუსთვის იმედია ნაკრების კარი გაიღება, იმსახურებს შანს. რაც შეეხება ფინალს, მცირე უპირატესობა ვფიქრობ გვექნება, მთავარია სწორი და გააზრებული თამაში ვითამაშოთ და ის მომენტები გამოვიყენოთ, რაც გვექნება. ტრავმების მხრივ იმედია გაგვიმართლებს და ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ვითამაშებთ". გიორგი ფულარიანი (სეტანტა სპორტს ჯორჯია, რადიო ენერჯი): "უპირველესყოვლისა, ყველას ვულოცავ 8 ოქტომბერს მოპოვებულ გამარჯვებას და მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ 12 ნოემბერს ორმაგად გვეზეიმოს! ზოგადად, არის გამოთქმა: "მთავარი ტაბლოა". შედეგი კი არის ის, რომ მოვიგეთ, მაგრამ თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილო ვარ. ჩვენი მეტოქის თამაშში და განსაკუთრებით, უკანა ხაზში, უამრავი ხარვეზი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და უნდა გამოგვეყენებინა. იმედია, ამ ყველაფერზე ვაისიც და გუნდიც საფუძვლიანად იმუშავებს, რადგან მაკედონიასთან შესაძლოა, ერთ მომენტსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. სომხეთთან და იმავე მაკედონიასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, კრიტიკული შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ორივე შემთხვევაში გადახალისებული შემადგენლობა ვნახეთ. ორივე შემთხვევაში ბოლო წუთებზე გაშვებული პენალტის გამო ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბოლო მატჩში, თერთმეტმეტრიანი ნამდვილად მოგონილია!!! წარმატებები ერს 12 ნოემბერს!". სალომე საგინაშვილი (სეტანტა სპორტს ჯორჯია): "ჩემი აზრით, ის, რომ დღეს საერთოდ ამ ეტაპზე ვართ და 12 ნოემბერს ველოდებით, უკვე დადებითად უნდა შეფასდეს, სხვა ყველაფერი, უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბელარუსთან შეხვედრაში მხოლოდ ერთი შედეგი განიხილებოდა და ეს გამარჯვება იყო. თუ გადავხედავთ და გავიხსენებთ, ასეთი განწყობა იყო როგორც ნაკრებში, ისე გულშემატკივარსა და მედიის წარმომადგენლებში. შესაბამისად, მოლოდინი იმდენად დიდია, რომ აქამდე მოსულები ფინალურ ეტაპზე გამარჯვების გარდა, სხვა შედეგს არც ამ შემთხვევაში ველით. საერთოდ მგონია, რომ ბელარუსის და ჩვენი ნაკრების ნაჩვენები მატჩიდან გამომდინარე, ჩვენ მეტად ვიმსახურებდით ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, რადგან საბოლოო ჯამში, უკეთესი გუნდი ვართ და ინდივიდუალურად უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს. მაკედონიასთან მატჩების შემდეგ ვნახე გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილო კომენტარები, თუმცა ვთვლი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მატჩის წინ წნეხით, ტრავმირებული ლიდერების გარეშე, სახეშეცვლილი ფორმაციითა და ფრთხილი სტრატეგიით ჩატარებული ჩვენი ნაკრების მატჩები უფრო კარგად გაცნობის ხასიათის იყო, რადგან მთავარი ბრძოლა მაინც წინაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვლადიმირ ვაისის კრიტიკის საფუძველის მიზეზებს ვერ ვხვდები. ჩემი პირადი აზრით, ბელარუსის მსგავსად, ჩვენ მაკედონიაზეც უკეთესი გუნდი გუნდურად ვართ, თუმცა 12 ნოემბრის მატჩი მაინც უფრო მწვრთნელების დაპირისპირება მგონია. საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ, რეალურად, მაკედონიასთნ სტუმრად და ასევე, სომხეთთან გამარჯვების ქულები ბოლო წუთებში დავკარგეთ, თუმცა იმდენად ვართ ყველა ნოემბერზე გადართულნი, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა ალბათ არც აქვს".
No description available.
გიორგი დარჯანია (TV პირველი, sarbieli.com): "პირველ რიგში მადლობა უეფას, ზუსტად საჩვენო ფორმატის მოგონებისთვის. ვერც ვუშვებ, რომ გადამწყვეტი თამაში შეიძლება წავაგოთ. არ მჯერა, რომ მაკედონიას რაიმე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. მთავარია, ჩვენმა ნაკრებმა არ მოგვიწყოს ისეთი უსიამოვნო სიურპრიზები, როგორიც ოქტომბრის თამაშებში. ბელარუსთან თამაში მე-15 წუთზე მოგებული უნდა გვქონოდა. C ჯგუფში პირველი ადგილიც უკვე უნდა გაგვენაღდებინა. და ეს ყველაფერი თავს ზემოთ გადახტომის გარეშე. თუმცა ეს უკვე გუშინდელი დღეა და ახლა სრული კონცენტრაცია ქართული სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზეა საჭირო". მერაბ ყუფარაძე (TV ფორმულა): "დავიწყოთ ბელარუსით. მოლოდინი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვნახეთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებისგან და არა ზოგადად თამაშიდან.. ნაკრებს ეტყობოდა დაძაბულობა, ნერვიულობა და წნეხი, რაც ბუნებრივია, მაგრამ მგონია, რომ მწვრთნელმაც რაღაცები ვერ გათვალა. მატჩის საწყის წუთებზე ვაჯობეთ და რატომღაც შუა ტაიმში ბურთი დავუთმეთ, როცა შეიძლებოდა პირველივე ნახევარში მეორეს გატნა. საბოლოოდ გავედით ფინალში და რას ვჩივით... მეორე თამაში სომხეთთან ნეიტრალურ არენაზე​ გადახალისებული შემადგებლობა და რეალურად იმ გუნდით, რომელიც მოედანზე იყო, კარგად ვითამაშეთ. შეიძლება დადებითის დანახვა, თუმცა ბოლო წუთების სინდრომი ვერ მოვიშორეთ, საბოლოოდ კი უიღბლობამ დაგვღუპა. არაფრიდან პენალტი და ფრე... რაც შეეხება ბოლო მატჩს, პირველი ტაიმი ცუდი გამოვიდა, არანაირი მომენტი. მეორე ნახევარში პოზიტიური ძვრები დავინახე და შესაბამისად გავიტანეთ კიდეც, თუმცა მგონია, რომ აქაც ვაისმა დააგვიანა შეცვლები და ცოტა უაზრო ცვლილებები გააკეთა. პირადად მე ნავალოვსკის შემოვიყვანდი გვილიას ან ყაზაიშვილის მაგივრად, დვალს ცენტრში ჩამოვწევდი და ნავალოვსკის - ფლანგზე.. დაცვა უფრო გაძლიერდებოდა. შენგელიას შემოვიყვანდი აუცილებლად და კვარაცხელია შენგელია ფლანგებიდან კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოები იქნებოდნენ. მეტოქეს ისევ დავუთმეთ ბურთი და ისევ დავიწყეთ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში. გასაგებია, რომ თერთმეტმეტრიანი მოგონილი ყო და არაფერი იქ არ ყოფილა, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის გამო, დავისაჯეთ. თბილისში მაკედონიის ისე დამარცხება შეგვიძლია, რომ კითხვის ნიშნები არ დავტოვოთ.. თუმცა ამას ცოტა გამართლება და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადება სჭირდება". დავით კაპიტანოვი (TV იმედი): "დადებითად შევაფასებ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს და მაკედონიასთან ფინალური შეხვედრის წინ ოპტიმისტური განწყობა მაქვს. რაც მთავარია ჩვენი გუნდი ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთელები აცნობიერებენ თუ როდის სად უნდა იყვნენ და ტაქტიკურად გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვყავს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მალე გამოჯანმრთელდება და მათთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ". სოფო ერქვანია (TV მაესტრო): "საქართველოს ნაკრების მატჩებს რა თქმა უნდა დადებითად შევაფასებ, რადგან რაც მთავარი მიზანი იყო, მიღწეულია - ფინალში გასვლა. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა თამაშის ხარისხზე მეტად შედეგს აქვს და ფაქტია, ბელარუსის ნაკრები დავამარცხეთ. თუმცა განვლილ სამ თამაშში არც ხარისხი ყოფილა იმდენად ცუდი, რომ უკმაყოფილო ვიყო. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომლებიც გამოსასწორებელია და გუნდს სამუშაო აქვს. მაკედონიასთან მატჩამდე მცირე დროა და მისი გამოსწორება ძნელი იქნება, ამიტომ, მთავარი ისევ შედეგია და ხარისხს ამ ეტაპზე დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ თამაშს რაც შეეხება, აქ პირიქით, ხარისხი უკეთესი იყო, ვიდრე შედეგი და იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ. განსაკუთრებით ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედეგია გულდასაწყვეტი, რადგან პრაქტიკულად მოგებული თამაში ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. ვფიქრობ, ხარისხობრივად, სომხეთთან გუნდი ყველაზე კარგი იყო და რომ არა ორი უნებლიე შეცდომა და კონცენტრაციის დაკარგვა, 3 ქულას აუცილებლად მოვიპოვებდით. მთლიანობაში, გუნდი დასახული მიზნისკენ, ევროპის ჩემპიონატისკენ მიიწევს და უკვე ერთადერთი ნაბიჯი დაგვრჩა ისტორიულ შედეგამდე. ცალსახაა, რომ ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქეც ზუსტად ისევეა მოტივირებული და წარმატებას მოწყურებული, როგორც ჩვენ. დიდი მნიშვნელობა ექნება მწვრთნელების სტრატეგიას და იმედია, ვლადიმირ ვაისი ვიზავის აჯობებს". საბა საპანაძე (Adjarasport.com): "ოქტომბრის სანაკრებო პაუზას მეტწილად დადებითად შევაფასებდი, იმიტომ, რომ ფინალში გავედით, თუმცა, ამასთანავე, 4 ქულა დავკარგეთ. მიუხედავადა ამისა, ვაისმა ალბათ, საფინალოდ ყველა ის ფეხბურთელი გამოცადა, ვისი იმედიც შეიძლება ნოემბერში ჰქონდეს. კარგი იქნებოდა ჩრდ. მაკედონიასთან მოგვეგო, რადგან მეტოქე უფრო მეტი შიშით ჩამოვიდოდა ფინალის სათამაშოდ, ახლა კი ნახეს, რომ ორივე შემთხვევაში 10 კაცით არ წააგეს ქართველებთან. რაც შეეხება ფინალს, მჯერა, თითოეული ფეხბურთელების მოტივაცია იმაზე მაღალზე იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასადაც კი, არცერთი თავს არ დაზოგავს. ტაქტიკური თამაში და ჩვეულებრივი ომი იქნება ფინალში. იმედია, მაკედონია გაასამებს და კიდევ კაცნაკლული დარჩება, ჩვენ კი უკვე მესამე ცდაზე დავამარცხებთ ჩრდ. მაკედონიელებს". ირაკლი იმედაძე (Adjarasport.com, ეროვნული ლიგა): "ოქტომბრის სანაკრებო თამაშები ორ ნაწილად იყოფა - ბელარუსამდე და ბელარუსის შემდეგ და ეს ყველასთვის გასაგები და მისაღებია. ფეხბურთთან შედარებით უფრო ახლოს მყოფმა გულშემატკივრებმა ისიც კარგად გაიგეს, თუ რა მოხდა ბელარუსთან. ნაკრებმა ბელარუსის დასამარცხებლად გააკეთა ზუსტად იმდენი, რამდენიც საკმარისი იყო. მთავარი პოზიტივი - სწრაფი გოლი იყო. ამან ჯვაროსნებს ნერვული ფონი ნაწილობრივ მოუხსნა და ფლეი-ოფის ფინალში გასვლის შანსი გაუზარდა. აქვე ბარემ სამივე თამაშში გამოკვეთილი პოზიტივიც ვახსენოთ - ნახევარდაცვასა და შეტევაში გააზრებული თამაში. სამივე მატჩში სისტემურობა იგრძნობოდა და ამ სისტემურობაში ჩვენების ტექნიკურობის და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოყენება. ბელარუსთან დაცვის თამაშიც გამორჩეული იყო, მოკლედ რომ ვთქვათ, ბიჭებმა ამ გადადებულ თამაშში ყველაფერი დადეს (მწვრთნელის დავალების შესაბამისად) და ფინალში გავიდნენ. სომხეთთან შემადგენლობის გადახალისება ყველაზე მეტად დაცვის ხაზს დაეტყო და ეს გაშვებულ ორ გოლშიც აისახა. მიუხედავად ტაიმის წაგებისა, თამაშით მეტოქეს რომ ვაჯობეთ, ყველამ ნათლად დაინახა, თადარიგში დატოვებული ფეხბურთელებით თუ ვიმსჯელებთ, ვაისს თამაშის მოგება მეორე ტაიმში ჰქონდა დაგეგმილი, ასეც ხდებოდა, რომ არა უიღბლობა. მომენტების რეალიზების პრობლემა და ცხრიანის პოზიციაზე ე.წ. ფინიშინგის, დაგვირგვინების პრობლემა ამ მატჩში ყველაზე ნათლად გამოჩნდა. აქ ერთ დეტალსაც უნდა გავუსვათ ხაზი, ნაკრებთან ერთად გულშემატკივარიც იზრდება, თუმცა აქა-იქ შოვინისტური გამოხტომები მაინც იყო და უნდა გვახსოვდეს, რომ შოვინიზმის ადგილი არც ფეხბურთში და არც დღევანდელობაშია. ზემოტივირებულ სომხეთთან თამაშს მოსაგები იერი რომ მივეცით და თანაც ნაკრების „უახლოესი რეზერვით“ ძალიან კარგი სიგნალი იყო. ჩვენი ნაკრების კვალობაზე (ისტორიას თუ გადავხედავთ), შემადგენლობის სიღრმემ თავი ჩრდ. მაკედონიასთანაც შეგვახსენა. ორივემ დანაკლისით ვითამაშეთ, მაგრამ იმასაც ვერ იტყვი, ერთმა მეორეს თამაში დაუმალაო. ჩვენც და მაკედონიელებმაც ვითამაშეთ იმ სტილით რა სტილის თამაშიც იქნება ერთ თვეში, თუმცა უფრო შემართული და ოპტიმალური გუნდით. აქაც კარგი იყო შეტევა, ბურთის გაგორება და ვაისის გეგმა - კარტ ბლანში მეორე ტაიმზე გაეთამაშებინა. სკოპიეშიც წითელი ბარათი, სკოპიეშიც რიცხვობრივი უპირატესობა, ხვიჩას ინდივიდუალიზმი, თავისი ფლანგიდან და კვლავ ასაღები სამი ქულა, რომელიც კვლავ ქარმა წაიღო, არადა ქარის მოტანილი ნაღდად არ იყო, თანაც აქ დაუმსახურებელი პენალტით. მოკლედ, რა არის აქ პოზიტივი - მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის ორი გუნდის ორ შეხვედრაში, თბილისსა და სკოპიეშიც საქართველოს ორივე მოსაგები ჰქონდა, მაგრამ ორივე ფრედ დასრულდა, ჯამში მაკედონიისგან მივიღეთ ორი დასანანი გოლი, რაც რა თქმა უდნა, ოთხი ქულის დაკარგვად დაგვიჯდა, მაგრამ მგონია, რომ ჭკუა ვისწავლეთ, მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ. ღრმად მწამს, რომ ამ „წკიპურტების“ გამო, 12 ნოემბერს ჩრდ. მაკედონია შემთხვევით/არაშემთხვევით გოლს ვეღარ გაგვიტანს.  შეჯამებისთვის, ახლანდელი ვაისი სასტარტო წლის ვაისთან შედარებით უკეთესია, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მის ქართულ კარიერას ლეიტმოტივად გვიანი ცვლილებები გასდევს. ნაკრებში არის ახალი თაობა, რიგი ფეხბურთელების თამაშის ხარისხი და კლასი თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებთან უფრო მიახლოებულია ვიდრე ეს თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. ის პატარა ბიჭები, რომელთაც თავი სხვადასხვა ქართული კლუბის აკადემიაში, თუ ასაკობრივ ნაკრებში გამოიჩინეს, დღეს პირველი ნაკრების ბირთვს წარმოადგენენ და ამ ბიჭების თამაში, თანაც ზემოტივირებულებისა და ზეკონცენტრირებულების - როგორ, ჩრდილოეთ მაკედონიის დასამარცხებლად საკმარისი არ უნდა იყოს?! - რა თქმა უნდა დიახ“.
No description available.
დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge): "საერთო ჯამში დადებითად შევაფასებ. ვთვლი, რომ სამივე მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ იყო ცოტა უიღბლობა. ბელარუსთან გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი და ამიტომ ყველანაირი ფორმით მოგება მისაღები იყო. თუმცა, იყო რა თქმა უნდა, დაგვიანებული ცვლილებები, რომელიც ვაისის მთავარი პრობლემაა. სომხეთთან და მაკედონიასთან გამართულ შეხვედრებს რაც შეეხება, როტაცია საჭირო იყო. ვნახეთ ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ნაკრების გაძლიერება ნამდვილად შეუძლიათ. 12 ნოემბრის შეხვედრას რაც შეეხება, წუთებს და წამებს ვითვლი. ჩვენ ყველამ ეს დღე ისტორიული უნდა გავხადოთ. იმედია ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება. ძალიან რთული მატჩი გველის და ამიტომ მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ სტადიონზე მაყურებელი დაუშვან. მე მჯერა, რომ ჩემი ნაკრები ძირითად დროში გაიმარჯვებს". დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge): "ბელარუსთან მთავარი შედეგი იყო და შედეგი მივიღეთ, მაკედონიასთან მსაჯის შეცდომის გამო ვერ მოვიგეთ, ხოლო სომხეთთან ვერმოგების მიზეზი, მომენტების რეალიზაციის პრობლემაა. საერთო ჯამში 5 გოლის გატანა მაინც შეგვეძლო და მხოლოდ 2 გავიტანეთ. ორი პრობლემაა, ცენტრფორვარდებს გოლების გატანა უჭირთ: კაჭარავამ შემოდგომაზე 2 გოლი გაიტანა ესტონეთთან და სომხეთთან, მაგრამ უფრო მეტი უნდა შეეგდო. მაგალითად, სომხეთთან მეკარესთან პირისპირ გავიდა და ვერ გაიტანა. ფორვარდის პოზიციაზე ნაკრებში საუკეთესოა, მაგრამ მომენტების რეალიზაციის კუთხით თამაში უნდა გააუმჯობესოს. ზოგჯერ ძალიან ორიგინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და მაკედონიასთან შეხვედრებში უმჯობესი იქნება მარტივად ითამაშოს. მეორე პრობლემა ისაა, რომ გამთამაშებელი არ გვყავს, კიტეიშვილს ბელარუსთან უკეთ თამაში მართებდა, თუმცა თუ ვაკო გვილია ფორმაში შევა, მისი დაყენება ოპტიმალური ვარიანტია. ნაკრების თითქმის ყველა მოთამაშე კლუბში რეგულარულად თამაშობს, ეროვნულ გუნდში ყველა პოზიციაზე კონკურენციაა. ფეხბურთელებში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდი სურვილი იგრძნობა. მთავარია, 12 ნოემბრამდე ტრავმების გარეშე მივიდეთ და კიტეიშვილი ერთადერთი გამონაკლისი იყოს. მაკედონიასთან თამაშის შემდეგ ვაისი იმედია დარწმუნდა, რომ ოქრიაშვილს პოზიცია უნდა შეუცვალოს და მარცხნიდან კვარაცხელიამ უნდა ითამაშოს. მის გარეშე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, დღეს მთავარი ფიგურა ხვიჩაა. რთულ მომენტებში შეუძლია გოლი მარტომ შექმნას, როგორიც იყო ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძე ან უფრო შორეულ წარსულში ოქრიაშვილი, მაგრამ ახლა ნომერ პირველი მოთამაშე კვარაცხელიაა და მისთვის საუკეთესო პოზიციაზე უნდა ითამაშოს. ინდივიდუალური თუ გუნდური თვალსაზრისით, საქართველო მაკედონიაზე ძლიერი გუნდია. სახლში ვთამაშობთ, ფავორიტები ჩვენ ვართ, მნიშვნელოვანია, მთავრობამ ქომაგების სტადიონზე დასწრების გადაწყვეტილება მიიღოს, დისტანციის დაცვით, გულშემატკივართა დასწრებით, ვირუსის გავრცელების შანსი გაცილებით დაბალია, ვიდრე სტადიონის გარეთ დისტანციის გარეშე შეკრებილი ქომაგები. ამიტომ მთავრობამ ამჯერად მაინც უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება, რადგან შეკრება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, როგორც მაგალითად ბელარუსთან იყო". საბა საბანაძე (Leadersport.ge): "პირველი მატჩი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარი იყო მოგვეგო. სასიხარულოა, რომ ფინალის საგზური მოვიპოვეთ და რეალური შანსი გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, თუმცა შედარებით უკეთეს თამაშის ხარისხს ველოდი. რაც შეეხება სომხეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან თამაშს, კარგია, რომ სომხეთთან პირველ წუთებზე გაშვებულმა გოლმა გუნდი არ დააბნია და კვლავ შეუტია. როცა დავწინაურდით, ვაისმა უმალ შეცვლებს მიმართა და ამით ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი, არადა - 2:1 ის ანგარიში არაა, საქმე მოთავებული გეგონოს. სამწუხაროდ ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით და სომხეთთან ქულას დავჯერდით. ჩრდ. მაკედონიასთან პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი იყო, რაც ორივე გუნდის ბრალია. მეორე ნახევარში რიცხობრივ უპირატესობაში დავრჩით და კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლით დავწინაურდით. კვლავ ერთბურთიანი უპირატესობა და ვაისი ისევ ამის შენარჩუნებას შეეცადა, ბოლოს 2 მცველი ჩართო თამაშში და ისე მოხდა, რომ კვლავ პენალტით გაგვითანაბრეს. ცალკე საკითხია პენალტი უნდა დანიშნულიყო თუ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასთან 12 ნოემბერს ფავორიტია. შანსებს 60/40-ზე შევაფასებდი ჩვენს სასარგებლოდ. სამწუხაროდ ტრავმის გამო კიტეიშვილი არ გვეყოლება, იმედია, ამ მხრივ სხვა პრობლემა არ იქნება". ილია ნანობაშვილი (Leadesport.ge): "საერთო ჯამში, დადებითად ვაფასებ. მთავარი მატჩი მოვიგეთ. ბელარუსს ყველაფერში ვაჯობეთ, თამაშის დიდი ნაწილი კატა-თაგვობანას უფრო ჰგავდა. უბრალოდ, ვერ გავიგე, მინდორზე სრიალისგან მხოლოდ ქართველები რატომ ეცემოდნენ და ბელარუსები რატომ არა. ...იმედს მაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრები გუნდური, კომბინაციური და თანამედროვე ფეხბურთთან მიახლოებული გახდა. ამ მხრივ ადრინდელთან შედარებაც არაა. თვითკმაყოფილება ჩემგან შორს და სხვებისგან მეჯავრება ეს თვისება, მაგრამ პროგრესი ჩანს. მწვრთნელის როლი თუნდაც ოქრიაშვილის სომხეთთან გატანილი მეორე გოლით ჩანდა. რატომღაც ვერ ვიხსენებ ასეთ კომბინაციურ გოლს ჩვენი ნაკრების ისტორიაში. ეს ნამუშევარია ვარჯიშზე. სხვა კარგის ჩამოთვლაც შეიძლება, უბრალოდ, ყველაზე ნათელი მომენტი გამოვარჩიე ...გამიკვირდა სომხეთთან კანკავასა და აბურჯანიას ერთად შეცვლა, მითუმეტეს აბურჯანია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზოგადად არ მომეწონა, რომ სამივე მატჩში ბოლო 5-10 წუთი ჩავატარეთ სუსტად და დაღლა იგრძნობოდა. ალბათ, ამას გაითვალისწინებენ, თუ რა იყო მიზეზი. მეორე მხრივ, უიღბლობაზეც შეიძლება ლაპარაკი: ორივეჯერ პენალტი არაფრისგან. ...რაც არ მომწონს და 30 წელია ვერ ხერხდება საქართველოს ნაკრებში: თითქმის ნულია სტანდარტულების ეფექტი, არადა, ბევრი ნაკრები თუ გუნდი ამით იგებს თამაშებს. ...ზოგადად, ყურადღებას გავამახვილებდი კვარაცხელიას ფაქტორზე. შემტევებიდან საუკეთესოა გინდ მარჯვნიდან, გინდ მარცხნიდან. ჩაკვეტაძე 2018-ის როლი სწორედ მან შეითავსა, ოღონდ სხვა კუთხით. ჩაკვეტაძე განსხვავებული ფეხბურთელია, ნათელი გონებითა და შინაარსით. საწყენია, რომ ალბათ, სასურველ ფორმაში ვერ შეხვდება გადამწყვეტ შეხვედრას. თუმცა წუწუნის დრო არაა: მივიღოთ მოცემულობა, რაც არის. ...12 ნოემბრის თამაში? მაკედონიელებზე ნუ ვიმსჯელებთ ბოლო მატჩით. თითქოს სუსტად გამოჩნდნენ, მაგრამ ვინც მათ თამაშს უყურა კოსოვოსთან, სხვა აზრის იქნება: სწრაფი და აგრესიული გუნდია, მაგარი მეორე ტაიმი ჩაატარეს. დარწმუნებული ვარ, ამ ბოლო ურთიერთშეხვედრაში ბევრი რამ ანგელოვსკიმ დამალა, ბევრიც - ვაისმა. მოგების იმედი კი, რა თქმა უნდა, მაქვს". მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია): "შედეგის მხრივ საქართველოს ნაკრების ოქტომბრის გამოსვლას ცალსახად დადებითად ვაფასებ. ბელარუსთან გამარჯვებამ ჩვენს ნაკრებს თავის არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობის უფლება მოუტანა და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. თამაშის ხარისხი ამ მატჩში მეათეხარისხოვანი იყო - მნიშვნელობამ და შედეგმა ყველა სხვა თემა გადაფარა. რაც შეეხება მიმდინარე ერთა ლიგაზე ჩვენი ნაკრების ორ გასვლით შეხვედრაში მოპოვებულ 2 ქულას, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მატჩში ვიგებდით და სულ ბოლო წუთებზე საკმაოდ საკამათო პენალტების შემდეგ (განსაკუთრებით ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ვერ გავიმარჯვეთ, გარკვეული იმედგაცრუების გრძნობა ყველას დაგვრჩა. თუმცა, სუფთა პრაგმატულად, ნაკრებმა უშუალო კონკურენტებთან გასვლით შეხვედრებში ქულები დააგროვა, თანალიდერია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად და აბსოლუტურად საკუთარ თამაშზეა დამოკიდებული. თუ ორივე დარჩენილ შეხვედრას საჭირო ანგარიშებით მოვიგებთ და მაკედონიაზე უკეთესი ბურთების შეფარდებით დავასრულებთ ტურნირს, ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ და B დივიზიონში ავინაცვლებთ. შესაძლოა, ამ საქმეში მეზობელი სომხებიც დაგვეხმარონ, რომლებსაც მაკედონიასთან საშინაო თამაში აქვთ დარჩენილი. მთავარი მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, 12 ნოემბერს უკავშირდება. პირადად ჩემი საფეხბურთო ცნობიერება 1979 წელს, დინამოს სტადიონზე, პირველ იარუსზე, თავსხმა წვიმაში მოპოვებული დიადი გამარჯვებით იწყება, როცა ჩვენმა "დინამომ" ჩემპიონთა თასის მატჩში "ლივერპული" 3:0 გააცამტვერა. მაშინ 8 წლის ვიყავი და იმ მატჩიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის მთავარ არენაზე არცერთი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი თამაში არ გამომიტოვებია. ახლა რომ ვუფიქრდები, 12 ნოემბრის შეხვედრა თავისი არსით ყველა იმ წინამორბედზე მნიშვნელოვანია. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ "პირველი მერცხალიდან" და ბორის პაიჭაძიდან მოყოლებული, ეს თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის, ყველა თაობის გარჯის შედეგი და მასში გამარჯვება - ამ თაობების ოცნების ასრულება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ეს ფანტასტიური შანსი არ გამოვიყენოთ. სხვა შედეგს არ განვიხილავ: მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძლიერი და ანგარიშგასაწევი მეტოქე გვყავს, ჩვენ მესამე ცდაზე (ბოლო 3 თვის განმავლობაში) აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ჩრდილოეთ მაკედონია და ოცნებას ხორცი შევასხათ. მესამე და სამართალი!!!". კობა ინასარიძე (sarbieli.com): "ბოლოდან დავიწყებ და სათქმელს მოკლედ ვიტყვი: ნაკრების თამაშით და მით უმეტეს, შედეგით, კმაყოფილი ვერაფრით ვიქნები, როცა ერთი მეორეზე პრინციპული ორი თამაშიდან, ორივეს იგებ და საბოლოოდ ტაბლოზე ფრე ისახება. არც ჩრდ. მაკედონია არის ის გუნდი ჩვენებმა ვერ აჯობონ და მით უმეტეს, არც სომხეთი. საქართველო ჩრდ. მაკედონიას ორჯერ ეთამაშა, მეტოქეს ორივე შეხვედრაში ფეხბურთელი გაუძევეს, ორივე მატჩის ჯამში 90 წუთი ჩვენების წინ კაცნაკლული მეტოქე იდგა, მაგრამ ვერც ერთი მოიგეს, ვერც - მეორე. თითქმის განაღდებული ექვსი ქულა ამ ორი მატჩის ბოლოს ორი ქულა გახდა და ობიექტური შეფასებით, ეს დამაკმაყოფილებელი შედეგიც კი ვერაფრით იქნება. და ყველაზე ცუდი იცით რა არის?! ქართული ფეხბურთის საქმე უკვე ისეა, უსუსტეს ესტონეთთან, სომხეთთან და ორჯერ კაცნაკლულ ჩრდ. მაკედონიასთან მოგება ქომაგს უკვე საკითხავად და სავარაუდოდ გაუხდა. თუმც, მთავარი წინაა, 12 ნოემბრის მატჩი, ყველაზე დიდი მნიშვნელობის შეხვედრა. ჩვენებს ციდან ვარსკვლავები არც ბელარუსთან ფლეი ოფის მატჩისას მოუწყვეტიათ, მაგრამ მოიგეს. ორივე ხელით თანახმა ვარ საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიასთან ისტორიაში ყველაზე უსახური ფეხბურთი ითამაშოს, ოღონდ  ტაბლოზე ბოლოს საჩვენო ანგარიში დაფიქსირდეს. ვლადიმირ ვაისის მისამართით კითხვებიც იმ მატჩის შემდეგ იყოს. ბიჭებო, მოიგეთ 12 ნოემბერს! გაიხარეთ! გაგვახარეთ! წარმატებები!" . გიორგი ნოზაძე (sarbieli.com): "თითქოს რა უნდა გქონდეს სასაყვედურო, როცა შენი ეროვნული გუნდი მიჯრით ოთხ თამაშს არ წააგებს, მაგრამ მეტოქეებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? მაკედონიასთან ორჯერვე და სომხეთთანაც უბრალოდ, ვალდებულნი ვიყავით, მოგვეგო. მაკედონიას კაცნაკლულს ვერ მოვერიეთ და სომხეთის ნაკრები კი ისეთი უსუსური აღმოჩნდა, 12 კაცითაც რომ ეთამაშათ, უნდა მოგვეგო. ქულები და სატურნირო მდგომარეობა ერთია, პერსპექტივა კი მეორე. ამ ბიჭების გამოყენება და კარგი გუნდის გაკეთება ნამდვილად შეიძლება. კარგი დირიჟორია საჭირო". მეგი კუაპატაძე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია): "მცირე შეცდომების მიუხედავად, სამივე მატჩს დადებითად შევაფასებდი. ემოციურად დატვირთული ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც საბედნიეროდ ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა, ვფიქრობ მომდევნო თამაშების ჩატარება ცოტა რთული იქნებოდა, თუმცა სომხეთთან და მაკედონიასთანაც უპირატესობას ვფლობდით და სამწუხაროდ 4 ქულა დავკარგეთ. ახლა დაკარგულ ქულებზე ფიქრის დრო არ გვაქვს. ჩვენ ყველას ერთი მისია გვაქვს, ჩვენი წილი მუხტი გადავცეთ საფინალო თამაშისთვის ეროვნულ ნაკრებს". ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge): "ოქტომბრის ყველა, სამივე თამაშში, მათ შორის ორივე გასვლით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფავორიტად მიმაჩნდა იმიტომ, რომ დღეს ვაისის გუნდი უკეთესია, ვიდრე ბელარუსი, სომხეთი და ჩრდილოეთი მაკედონია. აქედან გამომდინარე, ბელარუსებთან გამარჯვების და ორი საგარეო ფრეს მიუხედავად, უკმაყოფილო ვარ. ჩვენ გუნდს სამივე თამაში უნდა მოეგო! ვფიქრობ, სომხებთან და მაკედონიელებთან მთავარი მწვრთნელის ტაქტიკური შეცდომების გამო დავკარგეთ 2-2 ქულა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სხვა შემთხვევაში, ეგებ გამხარებოდა ორ საგარეო მატჩში ფრე, მაგრამ მეტოქეებიდან და ჩვენი გუნდის რეალური ძალიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჯვაროსნებს ეს მატჩებიც უნდა მოეგოთ. რაც შეეხება 12 ნოემბრის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, საქართველო ფავორიტად მიმაჩნია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაში თბილისშია. ჩვენ დღეს მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს, გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, რომლებსაც შედეგის მოტანა შეუძლიათ, მეტოქის შემადგენლობაში კი იგივე კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის ან ოქრიაშვილის მონაცემების მქონე მოთამაშეს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს". ხვიჩა ყაზაიშვილი (Sportall.ge): "სამივე მატჩს ცალსახად დადებითად შევაფასებდი. სამივე თამაშში ვაჯობეთ მეტოქეებს, მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, გააზრებულად და სწორად ვთამაშობდით. ბელარუსთან თავიდანვე დავწინაურდით და თავის გასაგიჟებელი არაფერი გვქონდა. ლამაზი ფეხბურთით საფრანგეთის ნაკრებს არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი და ჩვენ ევრო 2020-ზე პრაგმატული ფეხბურთით რომ გავიდეთ, გვეპატიება. ამ თამაშზე ზედმეტი ლაპარაკი უკვე ლაყბობაა, მოვიგეთ და მორჩა. სომხეთის ნაკრებთან დაყენებულ შემადგენლობაზე ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ ცუდად ითამაშა გუნდმა?! სომხეთსაც ვაჯობეთ, ყველაფერში. პირველი გოლი კაცნაკრულებმა გავუშვით, მეორე არ გაგვიმართლა. იმ შემადგენლობითაც გუნდმა გამართული ფეხბურთი ითამაშა. მაკედონიისთვისაც არაფერი დაგვიკლია, ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, პანდევმა თავით რომ ააცილა და მეტი არაფერი. საერთო ჯამში მათაც ვაჯობეთ, თანაბარი შემადგენლობითაც ჩვენზე უკეთესები არ იყვნენ. აბსურდული პენალტი რომ არა... ცალკე აღნიშვნის ღირსია ვლადიმირ ვაისი. იდეალური მწვრთნელია საქართველოს ნაკრებისთვის. ფრთებშესხმულად თუ არ მივფრინავთ შეტევაში და გოლებს გოლებზე არ ვიტანთ, ეს ვაისის ბრალი კი არაა, ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო დონით არის გამოწვეული. ჩვენი კალიბრის გუნდებს რაც ვეთამაშეთ, ყველას ვაჯობეთ, პრაგმატული მწვრთნელია, საქმე იცის. კარში ვერ გვირტყამენ ბოლო შეხვედრებში, ნებისმიერი შემადგენლობით გუნდს გამართულ ფეხბურთს ათამაშებს და ვიღაცები წერენ, გასაშვებია ვაისიო. იტალიელებს აქვთ გამოთქმა: "დაე მეტოქემ ლამაზად ითამაშოს და ჩვენ მოვიგოთ. ესეც რომ ავიღოთ, უკანასკნელ პერიოდში ვისაც შევხვდით, ჩვენზე ლამაზი ფეხბურთი რომელმა გუნდმა ითამაშა?! არა და მაკედონიას ჩვენზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს... ბოლო წუთებზე რომ გოლები გავუშვით ვაისის ბრალიაო, როდის იყო აქამდე ეგრე, რომ ზედიზედ ორ მატჩში ვიგებდით და ანგარიშის შესანარჩუნებლად გვქონდა საქმე?! ესეც უცხოა ჩვენი ნაკრებისთვის და ისწავლიან ბიჭები. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, ჩრდილო მაკედონიას თბილისში უნდა ვაჯობოთ და ევროპის ჩემპიონატზეც გავიდეთ. თუ ბოლო მატჩში რომელიმე ფეხბურთელმა საოცრებები არ ჩაიდინა, ამ უდიდეს მიღწევას ორი შემოქმედი ეყოლება: გიორგი ჩაკვეტაძე და ვლადიმირ ვაისი!".
No description available.
ბაჩო ცალუღელაშვილი (Goal.ge): "საბოლოო ჯამში დადებითად შევაფასებ, რადგან ჩვენი მიზანი ბელარუსთან გამარჯვება იყო და ეს მიზანი შესრულებულია. თუ რამდენად ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, ეს მეორეხარიხოვანია.  ვფიქრობ, ხარისხის პრობლემა იმიტომ დადგა, რომ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები ჯანმრთელები იქნებიან და გუნდის დახმარებას მოახერხებენ, ჩრდ. მაკედონიის დამარცხებას მოვახერხებთ. გულშემატკივრის დასწრება სტადიონზე აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, მიმაჩნია, რომ მთავრობამ მაინც უნდა გაითვალისწინოს ამ შეხვედრის პრინციპული მნიშვნელობა და თუნდაც 5 ან 10 ათასი ქომაგი ტრიბუნაზე დაუშვას, ვინაიდან ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვლადიმირ ვაისმა მაკედონიასთან მატჩში არ გარისკა და შესაძლოა ითქვას, თამაში დამალა და საკმაოდ უცნაური შემადგენლობით ითამაშა. ეს იმითაა განპირობებული, რომ მთავარი მწვრთნელი სრულად ფინალურ მატჩზეა გადართული. სამწუხაროდ, ვერც სომხეთთან და ვერც მაკედონიასთან გამარჯვება ვერ შევძელით, დასანანი გოლები გავუშვით ბოლო წუთებში. ვიტყვი იმასაც, რომ მაკედონიასთან მატჩში პენალტი დასადები არ იყო. ლორია- კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, დვალი - კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ოქრიაშვილი. თუ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრები სტაბილურად ითამაშებს, როგორც ფინალში მეტოქის დამარცხებას, ისე C დივიზიონში წარმატებასაც მოვახერხებთ". მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge): "ეროვნული ნაკრების ოქტომბრის მატჩების შედეგებს თუ გადავხედავთ და ასევე, სათამაშო ხარისხის, ბუნებრივი, რომ უკეთესის სურვილს ტოვებს ვლადიმირ ვაისის გუნდი, თუმცა, სასიხარულოა ის, რომ ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი, წინა წლებისგან განსხვავებით, სათამაშო პრაქტიკით არიან და აღარ გვესმის წუწუნი, რომ ქართველ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. ბელარუსთან შეხვედრაში მთავარი შედეგი იყო, ჩვენ მოვიგეთ და ერთა ლიგის ფინალში ვართ, რაც უმნიშვნელოვანესია. ბელარუსთან დაპირისპირებაში, დამრჩა აზრი, რომ ვაისის გუნდი ქაოტურად თამაშობდა, არაორგანიზებული იყო ყველა რგოლში და ეს შეკითხვა დავუსვი კიდევაც მთავარ მწვრთნელს, მატჩის შემდგომ. ბუნებრივია, რომ ამას თან მატჩის მნიშვნელობით გამოწვეული მღელვარებაც ახლდა. სომხეთთან დაპირისპირებაში დაცვის ხაზი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა, ამასაც აქვს თავისი რაციონალური ახსნა, რადგან გადახალისებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. რაც სომხეთის წინააღმდეგ მომენტები გვქონდა, ალბათ, ვაისის ხელმძღვანელობით გამართულ არცერთ სხვა შეხვედრაში. დასანანია, რომ მსაჯის ბუნდოვანი გადაწყვეტილებით დანიშნული 11-მეტრიანი 2 ქულის დაკარგვის ტოლფასი გამოდგა ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ვერაფრით მივცემ დადებით შეფასებას იმას, რომ ორ მატჩში, 10 კაცით დარჩენილ გუნდს ორიდან ვერცერთი შეხვედრა ვერ მოვუგეთ და აქაც, პოლონელმა არბიტრმა ისევ საკამათო 11 მეტრიანი დანიშნა საქართველოს კარში. იმის თქმა, რომ ვაისის თავკაცობით ეროვნულ ნაკრებს პროგრესი არ აქვს, არასწორია და ადეკვატური შეფასება არ იქნება. მთავარია, რომ ფეხბურთელებმაც სწორად შეაფასონ ის ვითარება, რაშიც ახლა ვიმყოფებით. უეფას გადაწყვეტილება ერთა ლიგის დაარსებაზე, ჩვენნაირი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ფაქტია, რომ ეს შანსი, რომელიც ახლა გვაქვს, შეიძლება მრავალი წელი აღარ მოგვეცეს. არ მგონია, არსებობდეს ქართველი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის დაპირისპირებას პესიმისტურად უყურებდეს. მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს ის ისტორიული შანსი და მნიშვნელობა, რაც ქართულ ფეხბურთს აქვს და მაყურებელი დაუშვას სტადიონზე. ვფიქრობ, ვლადიმირ ვაისს საკუთარი ტაქტიკის გადახედვაც მოუწევს. ბოლო ორ თვეში მაკედონიელებს მესამედ ვხვდებით და აქედან ორ დაპირისპირებაში რიცხვობრივი უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. მან ისე უნდა დაგეგმოს ეს თამაში და ისე უნდა შეასრულონ მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვონ საეჭვო 11-მეტრიანების შემთხვევაშიც კი და ეს მატჩი მოიგონ. მე მაქვს იმედი და მჯერა, რომ 12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და ჩვენ ევრო 2021-ის ფინალურ ეტაპზე ვიასპარეზებთ". ალეკო კაკაურიძე (გაზეთი ლელო): "საქართველოს ნაკრებმა შეასრულა ორიდან ერთი მთავარი ამოცანა და მოუგო ბელარუსს, რითაც მოიპოვა ფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება. ასევე არ წააგო ორი გასვლითი მატჩი სომხეთთან და იმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელიც ჩვენი მეტოქე იქნება ქართული ფეხბურთისათვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. შედეგის თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გვინდა რა, რომ მაკედონიას უსათუოდ მოვუგოთ თბილისში, უნდა დავინახოთ ის ხარვეზები, რომლებიც გუნდში არის. ბოლო ორი თამაშის მიწურულს ჩვენ ორი გოლი გავუშვით და ორივე თერთმეტმეტრიანით. როცა ფეხბურთში ორჯერ ზედიზედ რაღაც ხდება, ეს უკვე აღარ არის შემთხვევითობა. ამდენად, საქმე გვაქვს ორ მოვლენასთან: ვლადიმირ ვაისი, როგორც ზედმეტად ფრთხილი მწვრთნელი, ბოლო წუთებზე ძალიან უკნიდან ათამაშებს გუნდს. მეორე - საქართველოს ნაკრები კარგავს კონცენტრაციას. გავიხსენოთ ისიც, რომ ბელარუსთან ბოლოს მაგრად გადავრჩით. კი, საქართველოს ნაკრებს ჰყოლია ვლადიმირ ვაისზე ფრთხილი მწვრთნელებიც, მაგრამ ჩვენი სლოვაკიც გვარიანად „უეჭველისტია“. ფეხბურთს ხანდახან მაინც უხდება რისკი და მითუმეტეს მაშინ, როცა მეტოქე განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს, ან სულაც რიცხობრივ უმცირესობაშია. კაცმა რომ თქვას, ბევრიც არაფერი იყო გასარისკი... მაგალითად, მაკედონიასთან შეხვედრაში ზუსტად ასეთი რამ მოხდა. თანაც, ვაისმა მაკედონიელთა გოლამდე ორი ცვლილება გააკეთა. ამ დროს, როცა თამაშის ბოლომდე აღარაფერია დარჩენილი, დაცვას ბევრი მწვრთნელი არ ეხება. რჩება კიდევ ერთი პრობლემა: ვაისის ხელში საქართველოს ნაკრები თითქმის ვერასოდეს ატარებს ორ თანაბარ ტაიმს. ოდნავ მაღალი კლასის მეტოქესთან კი ეს შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ასევე უნდა გავიტანოთ გასატანი. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიასთან გადამწყვეტ მატჩს: რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე და ვაისის გვარი ჩაიწეროს ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. ამისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რასაც ზემოთ შევეხეთ. მაკედონიის ძალაზე სკოპიეში გამართული შეხვედრით ვერ ვიმსჯელებთ. ბარდისთან, ელმასთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ეს ნაკრები გაცილებით ძლიერია. გვჯერა, ჩვენც მოვუმატებთ თუნდაც იმ ფეხბურთელების ხარჯზე, რომლებიც ბოლო შეხვედრებში გვაკლდნენ. თუ მაკედონიის დამარცხება გვინდა, იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბოლო სამ შეხვედრაში. ორიენტირად რომ ავიღოთ ბელარუსთან ნაჩვენები თამაში, ჩემი აზრით, ეს ბალკანელთა დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება. ჩრდილოეთ მაკედონია ბელარუსზე მაღალი კლასის გუნდია და თუ „თეთრმა რუსებმა“ გვაპატიეს ცუდი მეორე ტაიმი, ისინი ნამდვილად არ გვაპატიებენ". თამარ ჯიშკარიანი (TSFF.GE): "მაშინ, როდესაც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში, პირველი რეალური შანსი აქვს იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე, რასაც განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი, რომლებიც ამ შანსს, თითქმის 30 წელია ველი და ოცნებასთან, ასე ახლოს ვართ, ვთვლი, რომ უპირველესად, ჩვენი ყველას მოვალეობაა, ნაკრებს მორალურად დავუდგეთ გვერდში. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენს ბიჭებს, სწორედ ერთიანობა და ამ სახით გვერდში დგომა სჭირდება. კრიტიკა უნდა იყოს, თუმცა, გამოზომილი და გუნდის საერთო ფსიქოლოგიურ განწყობაზე, რომ საზიანო არ იყოს ისეთი. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ დღემდე გაურკვეველია 12 ნოემბრის შეხვედრაზე, „დინამო არენაზე“, გულშემატკივრის ყოფნა, არყოფნის საკითხი. არადა, ფინალზე, მცირე რაოდენობით, იმაზე მცირე, რასაც უეფას მიერ დაშვებული, 30% შეადგენს, გულშემატკივრის სტადიონზე მოსვლა, ის მე-12 მოთამაშე იქნებოდა, რომელიც, ყველა გუნდს ეხმარება. თუმცა, იგივე ძალა, ცარიელ სტადიონზე ამდენი ჩატარებული მატჩის შემდეგ, შესაძლოა ზედმეტი პასუხისმგებლობაც იყოს. თუმცა, ჩვენი ნაკრების შემთხვევაში ამას გამოვრიცხავ, რადგან ვიცი, რომ თუნდაც ის დახვედრა, რაც 8 ოქტომბერს მოუწყეს გუნდს ქომაგებმა, როგორი დიდი სტიმული იყო მთელი თამაშის მანძილზე. მესმის, რომ იდეალური შეფასებით, ჩვენი ნაკრების გარშემო ვერ და არ შემოვიფარგლები, რადგან ყოველთვის მეტი გვინდა და თუნდაც, სომხეთისა და ჩრდ. მაკედონიის თამაშებიდან, საიდანაც 6 ქულის ნაცვლად, ბოლო წამებში გაფლანგული შედეგი და მხოლოდ, 2 ქულა წამოვიღეთ. ეს, ბევრზე მეტყველებს. ვაისს, გუნდში 12 ნოემბრამდე, ბევრი აქვს დასალაგებელი, განსაკუთრებით, არასტაბილური ორი ტაიმი (ერთი კარგი, მეორე შედარებით სუსტი ან პირიქით), გამოუყენებელი საგოლე მომენტები (ან სულ არ გვაქვს კარის ჩარჩოში დარტყმული, ან „ვმაზავათ“), რაც საქართველოს ნაკრების „აქილევსის ქუსლი“ გახდა. ის შენიშვნები, რომლებიც ოქტომბრის თამაშების ირგვლივ ითქვა, ბევრი კარგი შეფასების პარალელურად, მჯერა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გაგონილი აქვთ. თუმცა, უჩვენოდაც, კარგად ხედავენ და აანალიზებენ. ბურთის გაგორება და დაჭერა კარგია, მაგრამ ნოემბერში ეს აღარ გამოგვადგება. უპირველესად, ვლადიმირ ვაისი, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ვალდებული იყო გადამწყვეტი „ორი ნაბიჯისთვის“ თამაშიც და ძალებიც დაემალა. პირადად, მე ამით ვხსნი, სამივე მატჩის სხვადასხვა შემადგენლობით თამაშის დაწყებას. თუმცა, აქ კიდევ ერთი მომენტია. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ 2020 წელი, COVID 19-ის გამო, საკმაოდ არაორდინალურად ტარდება. ამას გარდა, კორონავირუსი, პირდაპირ „ებრძვის“ ფეხბურთს, განურჩევლად ქვეყნისა და სტატუსისა. დღეს, ის მომენტია, როცა ტრავმაზე და ყვითელ ბარათებზე მეტად, უკვე ამ ვითარებასაც ექცევა ყურადღება და რა მომენტში, ვის რას „ამოგიგდებს“ და ვინ, სად დაგჭირდება, არ იცი. შესაბამისად, სათამაშო გამოცდილების გარდა, ოქტომბრის სამი თამაშით, ვაისს ამ კუთხითაც, ხელში რაღაც გარანტიები უნდა აეღო. ვფიქრობ, რომ ოქტომბრის თვე, საქართველოს ნაკრებმა, თავის ბელარუსთან თამაშიანად, კარგად გამოიყენა ფინალური „ომისთვის“. გულხელდაკრეფილი არც ანგელოვსკია, ბუნებრივია. ამიტომ, ვიტყვი, რომ მძიმე ბრძოლა გველის, წაქცევამდე. ეს იქნება, ფსიქოლოგიური ბრძოლა გაძლეობაზე, მწვრთნელების ტაქტიკური ბრძოლა და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერში, ჩვენ, საშინაო კედლების, სავსე თუ ცარიელის ტრიბუნების გარდა, იმ პატარა „ჯოკრებსაც“ გამოვიყენებთ, რომლებიც ორზე მეტი გვაქვს. აქ გვარების ჩამოთვლა მინდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან საბოლოოდ, მაინც გუნდმა უნდა ითამაშოს და მოიგოს. მჯერა, რომ მოვიგებთ, იმიტომ რომ მერე, თავაწეულებმა ვიაროთ ყველამ!". გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ დიდი ხანია ასეთი გულ-ნატკენი და თან გახარებული არ ვყოფილვარ. თავისთავად, შედეგის მხრივ დადებითად ვაფასებ, რადგან ოქტომბრის მთავარი მიზანი მიღწეული და ფინალში ვართ. თუმცა გული მწყდება, რომ ერთა ლიგაზე იმის ნაცვლად, რომ ახლა 10 ქულა გვქონდეს და B დივიზიონის საგზური ჯიბეში გვედოს, მხოლოდ 6 ქულა გვაქვს და ჩვენს თავზე არ ვართ დამოკიდებული. ბელარუსთან მატჩში მხოლოდ შედეგით დავრჩი კმაყოფილი, ვფიქრობ, თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა წნეხიც იყო და რა ნერვიულობაც მოუწიათ ფეხბურთელებს, ყველაფერი მესმის. მთავარია, რომ ფინალში როგორმე მოვახერხოთ ცივ-სისხლიანობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მენტალური მდგრადობა, თორემ წმინდა სათამაშო კუთხით მაკედონიას რომ ვჯობივართ, ეს ამ გუნდთან ჩატარებულმა ორმა თამაშმა მე პირადად დამანახა. რაც შეეხება ერთა ლიგას, მაკედონიაში პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლით გუნდმა გამართული ფეხბურთი აჩვენა. თუმცა, ორი პრობლემა ისევ რჩება გუნდში და ეს დამაფიქრებელია, როგორმე მაკედონიასთან ფინალში მაინც ორივე უნდა გადავლახოთ - ბოლო წუთების სინდრომი, რაც კონცენტრაციის დაკარგვით და მეტოქისთვის დათმობილი სათამაშო უპირატესობით აიხსნება და გამოუყენებელი მომენტები. თანამედროვე ფეხბურთში იგებს ის, ვინც საგოლე შანსებს უფრო კარგად იყენებს და არაფერს ნიშნავს, ვინ უფრო მეტი  მომენტი შექმნა. აუცილებელია ამაზე მუშაობა, ჩვენნაირ პატარა ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 100%-იანი საგოლე მომენტები ასე ანიავოს. ეს რომ არა, ფაქტია, რომ სომხეთსაც და მაკედონიასაც ადვილად მოვუგებდით და ახლა იდეალურ ვითარებაში ვიქნებოდით. თუ მოვახერხებთ თამაშების ადრე „დახურვას“, რაშიც ვგულისხმობ, მაგალითად, როცა 1:0-ს ვიგებთ, მეორე ბურთის გატანას, ძალიან მაგარი იქნება და ამას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ბელარუსთანაც ვერ შევძელით ამის გაკეთება, მაგრამ საბედნიეროდ, მეტოქემ ვერ მოახერხა შეტევაში კარგი თამაში, რაც ჩვენი დაცვის ხაზის დამსახურებაცაა. ვლადიმირ ვაისის ხელი ვფიქრობ ნაკრებს უკვე კარგა ხანია ეტყობა, აქვს სათამაშო დისციპლინა, გუნდმა იცის რისთვის გადის მოედანზე და ყველა ფეხბურთელს აქვს დავალება, რომელსაც მეტ-ნაკლებად ასრულებენ. უბრალოდ, სლოვაკი სპეციალისტი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს. მაკედონიაში მას იდეალური გათვლა ჰქონდა, როდესაც ბევრი ფეხბურთელის არყოფნაში ცენტრალური ნახევარმცველებით სცადა მეტოქისთის ნახევარდაცვაში გასაქანი არ მიეცა, ხოლო მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია ან თუნდაც ლევან შენგელია, რომელიც არ გამოიყენა, იდეალური იარაღი იყო მეტოქის დაღლილ მცველებთან და როდესაც ისინი კაცნაკლულნი დარჩნენ, დავინახეთ, ხვიჩა ჩართო თამაშში და შედეგიც მიიღო. შემდეგ ორი მაგარი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, როცა შეგვეძლო თამაშის დახურვა. მერე კი ვაისი შეცდა, დაცვის ხაზის ცვლილებას, მითუმეტეს, როცა ყველა ძალიან კარგად თამაშობდა და იმ დროს, არავითარი აზრი არ ჰქონდა. თან, ტანმაღალი დვალის ნაცვლად ტანდაბალი ნავალოვსკის გამოყვანა, პენალტის ეპიზოდშიც საჰაერო ორთაბრძოლა ნავალოვსკიმ წააგო იმ ელემენტალური მიზეზი გამო, რომ სიმაღლე არ ეყო... ვფქრობ, ამაზე ვაისმა საკუთარ თავთან უნდა იმუშაოს. მთლიანობაში, სკოპიეში ფრე და მეორე ტაიმის თამაშის ხარისხი, იმის მიუხედავად, რომ რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, ფსიქოლოგიურად მაინც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მეტოქეს ვაჩვენეთ, რომ ადვილად ვერაფერს მიიღებენ. მართალია, მაკედონიელებს 4-5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდათ, მაგრამ ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვიყავით. ახლა ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 12 ნოემბერს, იმედია ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იქნება, როგორც ტრავმებისგან, ისე კორონავირუსისგან დაცულები, რადგან ძალიან არაპროგნოზირებად პერიოდში ვცხოვრობთ. დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ 12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერება".
No description available.
ლევან ქობალია (Blogsport.ge): "საქართველო - ბელარუსი, ეს მატჩი რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან კარგი იყოს ის, რომ ბიჭებმაც შეძლეს ამის გათვითცნობიერება და საკუთარი თავის ირწმუნეს. ამაში ერთგული ქართველი ქომაგიც დაეხმარა თავისი ორიგინალური და დამატებითი მუხტის მიმცემი დახვედრით. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხით დიდად არ გამოვიჩინეთ თავი მეტოქეს მაინც ვჯობდით და შედეგით კმაყოფილი დავრჩი მეც და მთელი ერიც. სომხეთი - საქართველო, ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობაში ბევრი ცვლილება შეიტანა, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი მთლიანად გადაახალისა, რამაც თამამად შემიძლია ვთქვა წაგვაგებინა პირველი ტაიმი. მიუხედავად ამისა დაცვის ხაზში დებიუტანტი მამუკა კობახიძე მინდა გამოვრაჩიო. მას ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ბოლო პერიოდში ნიკა კაჭარავას მნიშვნელოვანი გოლები გააქვს ნაკრებში და სომხეთთანაც ეს დავინახეთ, რომ მას შეუძლია იყოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი. მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებებმა მატჩი ფაქტიურად მოგვაგებინა, რომ არა ის უიღბლობა, როცა დაუშვლის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ თორნიკე ოქრიაშვილის როლი საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებულია. ჩრდ. მაკედონია - საქართველო, ამ მატჩისთვის ორივე გუნდი ძალიან ფრთხილად მოემზადა. ორივე გუნდი ძალიან კარგად აცნობიერებს ერთა ლიგის ფინალის მნიშვნელობას, აქედან გამომდინარე მწვრთნელებმა ერთმანეთს ძალიან ბევრი რამ "დაუმალეს". ერთი კოზირი, რასაც ვაისი ვერავის ვერ დაუმალავს ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავი თავისი სტილით, დრიბლინგით და შესანიშნავი დარტყმით. ის ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა. როგორც ყოველთვის, ამ მატჩშიც უკვე ქართველების სენად იქცა ბოლო წუთებზე გოლის გაშვება. მიუხედავად იმისა, იყო თუ არა იქ პენალტი და მე ვფიქრობ რომ საერთოდ არ იყო - მაინც გოლი გავუშვით და ტაბლოზეც 1:1 აისახა. ფინალი... ყველას ძალიან კარგად ესმის მომავალი მატჩის მნიშვნელობა. ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა და ალბათ მაკედონიელებისთვისაც. გასულ მატჩებში იყო გარკვეული მომენტები სადაც შეიძლებოდა პასის გაკეთება და ფეხბურთელმა არ გააკეთა პასი, რამაც გოლები დაგვაკარგინა. მინდა ფეხბურთელებს ვუთხრა, რომ არ ააქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, ამ მატჩის უკან მთელი საქართველო, ერი დგას, ხო და ის გოლიც საქართველოსი იქნება. იმ გოლს მთელი საქართველო გაიტანს. მე ამის მწამს და მჯერა, რომ 12 ნოემბერს მთელი საქართველოს ერთად იზეიმებს გამარჯვებას და მჯერა ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის და ზოგადად საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებიან". დიტო დოლიძე (Live.ge): "ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ნაკრების საქმე წინ მიიწევს, იმედისმომცემი ფეხბურთელებიც საკმაოდ გვყავს. ბოლო 3 მატჩში ეპიზოდურად საკმაოდ მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ, სხვა სიმაღლეებზე ასასვლელად საჭიროა, რომ ეპიზოდური თამაში ძირითად სტილში გადავზარდოთ. დასანანი იყო ბოლო ორ შეხვედრაში დაკარგული ქულები, მაგრამ სწორედ მსგავს მომენტებში იღებ საჭირო გამოცდილებას. D დივიზიონის ფინალურ მატჩში ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს და ვფიქრობ შედეგიც არ დააყოვნებს. ყოველ შემთხვევაში, მე იმედი მაქვს, რომ 12 ნოემბრის ღამეს სწორედ თბილისის ქუჩები იხმაურებს". ბაკურ გელაძე (Live.ge): "ბოლო სამ სანაკრებო მატჩს საერთო ჯამში 10-ბალიანი სისტემიდან 6.5-ზე შევაფასებდი, რადგან ბევრი პრობლემა გამოჩნდა. ბელარუსს ბევრი ფეხბურთელი აკლდა, რის ფონზეც იმ მატჩში გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო. ვფიქრობ, რომ თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს. მაკედონიას ამ მხრივ უფრო მობილური შემტევები ჰყავს, ჩვენი გუნდის თამაში კი დამრტყმელი ძალის ნაცვლად შემტევ ნახევარმცველებზე უფროა დამოკიდებული. გამოჩნდა კონცენტრაციის პრობლემაც, რადგან სომხეთთან და ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გავუშვით. ეს ცუდი ჩვეულება წარსულს უნდა ჩაბარდეს. ბოლო 30 წელია, საქართველოს ნაკრების თამაშისას ბოლო წუთებს ვუფრთხით, ვლადიმირ ვაისმა ამ საკითხის გადაჭრა უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინალში ძალიან გაგვიჭირდება. რაც შეეხება 12 ნოემბერს, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ 30-წლიანი ლოდინის შემდეგ, საშინაო კედლებში (იმედი მაქვს გულშემატკივრის თანდასწრებით) საქართველოს ნაკრები შეძლებს გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მეტოქისთვისაც ანალოგიური შანსია, თანამედროვე ფეხბურთში კი მასპინძლის სტატუსზე მეტად ფსიქოლოგიურად კარგ მომზადებას ეთმობა. მჯერა, რომ გუნდი მატჩს გამარჯვებისთვის მზად შეხვდება. უნდა ვირწმუნოთ, რომ მოგება შეგვიძლია. ჩვენი ნახევარდაცვის დიდი იმედი მაქვს, რის ხარჯზეც ვიტყვი, რომ შანსები - 55/45-ზე იქნება".
No description available.

სხვა სტატიები