Belive

სანიოლი: "საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. "ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს."

წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები