Belive

"სანიოლს მწირი დრო ჰქონდა, ამიტომ ვაისის სტრატეგიით ვითამაშეთ" - ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შვედეთთან მატჩი შეაფასა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა, გიორგი ჩიხრაძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის თანაშემწე გახლდათ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" ეთერში, ეროვნულ გუნდში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურის შეხვედრაც შეაფასა, რომელიც სტოქჰოლმში შედგა და სადაც შვედეთის ნაკრებმა - 1:0 იმარჯვა.
"12 ნოემბრის მატჩის შემდეგ გუნდში ბევრი სიახლე იყო – ახალი სამწვრთნელო შტაბი, ახალი მოთამაშეები, ეროვნული ჩემპიონატიდან ორმა ფეხბურთელმა ითამაშა. მწვრთნელს მწირი დრო ჰქონდა, იყო ფეხბურთელებთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ ის თამაში, რაც სანიოლს სურდა ეჩვენებინა, სრულად არ გამოუვიდა და ძნელიც იქნებოდა. ამიტომ გუნდმა ითამაშა იმ სტრატეგიით და შემადგენლობით, რომლითაც ვაისის დროს თამაშობდა.  ძლიერ ჯგუფში ვართ, ორი გამოკვეთილი ფავორიტია, ესპანეთი და შვედეთი. შედარებისთვის ვიტყვი – ევროშესარჩევ ჯგუფში როდესაც მეტოქეებად ავსტრია და შვეიცარია გვყავდა, ვიძახდით, რომ შანსი არ გვქონდა. მაგრამ შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ მოგება ყველასთან შეიძლებოდა. ამიტომ, წინასწარ არ უნდა შევეგუოთ, რომ ვიღაც ფავორიტია და ვერ მოვუგებთ. ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო კარგი გუნდებია, მაგრამ ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ.
გიორგი ჩიხრაძე: “ევროთასებზე მოხვედრა ჩვენი მთავარი ამოცანაა”
პირველივე თამაშში დებიუტანტების დაყენებას არ მოერიდა, მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატიდან ჩაბრაძე დააყენა და გიორბელიძე, რომელსაც დიდი დრო გაუცდა და ავსტრიულ გუნდში ადგილს ახლა იმკვიდრებს. მეორე ტაიმში შეცვლებით მას ნახევარდაცვისთვის მეტი დინამიურობის მიცემა სურდა და მეორე ტაიმში მომენტებიც გვქონდა. ეს დასანახია. გიორბელიძეს დაცვაში ცუდად არ უთამაშია, შეტევებშიც აქტიურად ცდილობდა ჩართვას და საკმაოდ აქტიური იყო. მეორე ტაიმში უფრო აქტიურობდა და ერთი კარგი გადაცემაც გააკეთა. რაც შეეხება დაცვაში თამაშს, გასათვალისწინებელია მისი გამოუცდელობა და სათამაშო პრაქტიკა. როდესაც საჯარიმოში იბრაჰიმოვიჩი იყო, ფლანგიდან ჩაწოდებები მაქსიმალურად უნდა შეგვეზღუდა. აქ მცველს ნახევარმცველიც უნდა დაეხმაროს. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც კლუბში ადგილის დამკვიდრება სჭირდება და საკმაოდ კარგი მარცხენა მცველი გაიზრდება. ჩაბრაძემ კი დასაწყისში სტაბილურად, საიმედოდ და თავდაჯერებულად ითამაშა. მაგრამ ამ დონეზე თამაშს გარკვეული გამოცდილება სჭირდება, რადგან ეროვნული ნაკრებების დონეზე მეტი სისწრაფეები და სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვებია“, - თქვა გიორგი ჩიხრაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები