Belive

საფრანგეთი - ჰოლანდია (მატჩის პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, საფრანგეთი პირველ საშინაო მატჩს გამართავს. UEFA -ს ერთა ლიგის A-დივიზიონის, A1 ჯგუფის შეხვედრა, 9 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება. დიდიე დეშამის გაწვრთნილი ნაკრები, სასტარტო შეხვედრაში, გერმანიას დაუზავდა (0:0). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეჯგუფში პოზიციების გასამყარებლად, საფრანგეთს გამარჯვება ესაჭიროება. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფრანგთა სათამაშო სტილი არ შეცვლილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგები მარცხისგან ალფონს არეოლამ გადაარჩინა. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული სადებიუტო შეხვედრა მეკარისათვის წარმატებული აღმოჩნდა, მან გერმანიის მწვავე შეტევები არაერთი ბრწყინვალე სეივით გაანეიტრალა. საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლ პოგბამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლითაც შეიძლება ითქვას რომ ლურჯების გულშემატკივარი დააფრთხო. პოგბა მიიჩნევს, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მენტალურად და ფიზიკურად მზად არ არის და მუნდიალის ტრიუმფით დასრულებით გამოწვეული ეიფორიიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა. საფრანგეთისაგან განსხვავებით, ჰოლანდიის ნაკრები მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება. ნარინჯისფერებმა, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში პერუ დაამარცხეს (2:1) და უესლი სნეიდერს საპატიო გაცილება მოუწყვეს. მიუხედავად გამარჯვებისა, ჰოლანდია უკანასკნელ პერიოდში ვერ ბრწყინავს, რაზეც თუნდაც ის ფაქტიც მიუთითებს რომ 2016 წლის ევროპისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატებმა ჰოლანდიელთა გარეშე ჩაიარა. პერუსთან დრამატული ქამბექით გამარჯვება, ჰოლანდიელებს დაიმედების საშუალებას ნამდვილად არ აძლევს. ჰოლანდიასთან დაპირისპირება, უმრავლეს შემთხვევებში საფრანგეთის სასარგებლოდ სრულდება. ლურჯების დადებითი ბალანსი უკანასკნელი 4 წლის მანძილზე კიდევ უფრო გამოიკვეთა. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში, საფრანგეთმა ოთხივეჯერ დაამარცხა ჰოლანდია. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაც კატასტროფულია. ბოლო ოთხ შეხვედრაში, ფრანგებმა ათჯერ აიღეს მეტოქის კარი, ჰოლანდიამ კი საფრანგეთის კარში მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო. დამატებით მოტივაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ საფრანგეთი - ჰოლანდიის დაპირისპირება, ფრანგთათვის საკულტო სტადიონზე, "სტად დე ფრანსზე" გაიმართება. მატჩის დაწყებამდე, საფრანგეთის ნაკრების თითოეულ წევრს პერსონალურად წარადგენენ და მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების აღსანიშნავი ცერემონიალი ჩატარდება.

სხვა სტატიები