Belive

საფრანგეთი Vs. გერმანია | ყველაფერი, რაც მატჩის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
დადგა დღე, როდესაც ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი მატჩი უნდა ვიხილოთ: თბილისის დროით 23:00-ზე, საფრანგეთი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ვარსკვლავებითაა დახუნძლული და "მამლებისგან" გულშემატკივარი მორიგ სანაკრებო ტიტულს ელოდება. არცაა გასაკვირი: ფრანგების სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები სხედან, რომლებიც ნებისმიერი სხვა გუნდის ძირითად შემადგენლობას დაამშვენებდა. ფრანგებისგან ყველა მაქსიმუმს ელოდება, თუმცა ხშირად მომხდარა ისე, რომ უპირობო ფავორიტს დიდ ტურნირზე იმედები არ გაუმართლებია. სწორედ ესაა ფეხბურთის ხიბლი, რადგან არავინ იცის, რა მოხდება - ისტორია გვეუბნება, რომ შეიძლება ჩემპიონად საბერძნეთის დონის გუნდიც კი მოგვევლინოს. ამასთან, აღსანიშნავია ერთი ფაქტორი: ნაკრებში ენზემას მოულოდნელმა დაბრუნებამ, ერთი მხრივ, გუნდის შემტევითი პოტენციალი საგრძნობლად გააძლიერა, თუმცა გუნდში გარკვეული დისონანსიც შეიტანა. ფაქტია, რომ მსოფლიო  ოლივიე ჟირუ - ადამიანი, რომელსაც ტიერი ანრის რეკორდის მოხსნამდე 6 გოლი აკლია, სკამზე დაჯდომით კმაყოფილი ვერ იქნება. მეორე მხრივ, შეიძლება ამ ყველაფერმა კონკურენცია იმდენად გააძლიეროს, რომ "მამლების" შეტევა კიდევ უფრო მრისხანე გახდეს. ვერ ვიტყვით, რომ ფრანგებს იოლი გასეირნება ელოდებათ: თითქოსდა, ლიოვის ეპოქა დასრულებულია, მაგრამ გერმანიის ნაკრები, ერთობლივად, ახალგაზრდა ტალანტებითა და გამოცდილი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, გაცოცხლებას და ლიოვის ბოლო გაბრძოლებას ველოდებით.

სავარაუდო შემადგენლობა

საფრანგეთი: ლორისი; პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი; პოგბა, კანტე, რაბიო; გრიზმანი, ბენზემა, მბაპე. გერმანია: ნოიერი; გინტერი, რიუდიგერი, კიმიხი, გიუნდოგანი, კროოსი, გოსენსი; ჰავერცი, მიულერი, გნაბრი.

მწვრთნელების განცხადებები

დიდიე დეშამი: "ტურნირს დიდი თამაშით ვიწყებთ. ისევე როგორც ჩვენ, ასევე გერმანელებს, რთული მატჩი გველოდება, რადგან ორივე ტოპ გუნდს წარმოადგენს. მთავარია, ორივე საჯარიმოში ეფექტურად ვითამაშოთ - ყველაფერი სწორედ აქ გადაწყდება." იოახიმ ლიოვი: "პოზიტიური ატმოსფეროა შექმნილი, როგორც იქნა, ავტობუსში ჩავსხედით და აქ მოვედით. თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობთ, ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ. ბოლო 14 დღის განმავლობაში, გუნდი კარგად მოემზადა და ჩვენი შესაძლებლობები მოედანზე უნდა დავამტკიცოთ".

სხვა სტატიები