Belive

საქართველო 1:0 ინგლისი - სად არიან ახლა ფეხბურთელები?

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით ინგლისი დაამარცხა. ამ თაობამ თბილისში გამართულ შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და ინგლისის ჯგუფში ჩატოვება მოახერხა, ევრო 2012-ზე კი, გერმანიასთან და საფრანგეთთან მოხვედრის მიუხედავად, პლეი-ოფში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაზე ნიდერლანდების 17-წლამდე ნაკრებთან ბოლო წუთებზე დავმარცხდით. ახლა კი, დავუბრუნდეთ ინგლისთან მატჩს. საინტერესოა, თუ სად არიან ის ქართველი ფეხბურთელები ახლა, რომლებმაც ძალიან ძლიერი ნაკრების დამარცხება მოახერხეს. მეკარე, ალექსანდრე ადამია დაბალლიგელ "მაჭახელაში" ასპარეზობს. კაპიტანმა, ნიკა ჭანტურიამ მძიმე ტრავმები გადაიტანა და ახლა "ლოკომოტივის" შეუცვლელი წევრია. ჭანტურიას მეწყვილე დაცვის ცენტრში, ლაშა დვალი 2012 წელს "რედინგში" წავიდა, შემდეგ იჯარით თამაშობდა "ქასიმფაშაში". ახლა ის "ფერენცვაროშის" ფეხბურთელია. მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ მოახერხა და ფეხი ეროვნულ ნაკრებშიც მოიკიდა. "ლუცერნის" მარჯვენა მცველი ვაისის გუნდის შეუცვლელი წევრია. მარცხენა მცველი, გიგა სამხარაძე საქართველოს არ გასცილებია. ის მეორელიგელ "რუსთავშია". გიორგი გოროზია ნორვეგიულ "სტაბეკში", აზერბაიჯანულ "ზირასა" და მალტაში თამაშობდა. შემდეგ "ლოკომოტივს" დაუბრუნდა, ამჟამად კი, უგუნდოდაა. ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი სხვადასხვა ქართულ გუნდში თამაშობდა, 2018 წლიდან ფოთის "კოლხეთშია". მარჯვენა ვინგერის, ალეკო მზევაშვილის კარიერაც კარგად ვერ განვითარდა - ის "ჭიათურაში" თამაშობს. იგივეს თქმა შეიძლება მარცხენა ვინგერ, ვანო წილოსანზეც - 24 წლის ფეხბურთელი მარტვილის "მერანშია". გოლის ავტორი, გიორგი პაპუნაშვილი შედარებით კარგ გუნდებში მოხვდა. "დინამო თბილისის" აღზრდილი ჯერ "ვერდერში" წავიდა, ახლა კი - "სარაგოსას" "რასინგში" ჰყავს განათხოვრებული. გიორგის ხელს ხშირად ტრავმები უშლის. თავდამსხმელ, დავით ჯიქიასგანაც ქომაგი გაცილებით მეტს მოელოდა. ის ახლა ქობულეთის "შუქურაში" ირიცხება. ვასილ მაისურაძეს ინგლისთან მატჩის სათადარიგო სკამზე გიორგი აბურჯანია ჰყავდა. ის ახლა "ტვენტეში" თამაშობს და ეროვნულ ნაკრებშიც იღებს შანსს.

სხვა სტატიები