Belive

"საქართველომ რეალობაში დაგვაბრუნა, ესპანეთთან აღებული ქულა ნაგავში გადავაგდეთ" - როგორ ეხმაურება ბერძნული მედია ჯვაროსნებთან შეხვედრას 

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას, რომელიც სალონიკში გაიმართა და ტუმბა არენაზე, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ფრით დასრულდა, ბერძნული პრესა მწვავე კრიტიკით ეხმაურება. ბერძნული გამოცემა sport-fm.gr-ი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაში 3 ქულის ვერ მოპოვებით, მათი ქვეყნის ნაკრებმა ყატარში გასამართი მუნდიალის საგზურის მოპოვების შანის თითქმის დაკარგა, საქართველოს ნაკრების მისამართით კი საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
"1 კვირის წინ ჩვენს გუნდს ვაქებდით და შესაძლოა ზედმეტადაც კი. ალბათ ესპანეთთან ფრედ დასრულებული მატჩისა და ეროვნული დღესასწაულის გამო (25 მარტს, საბერძნეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს), ჩვენი ნაკრების ძალები გადამეტებულად შევაფასეთ.  სიმართლე ისაა, რომ გასულ ხუთშაბათს ყველას ამის უფლება გვქონდა, რადგან მიუხედავად ესპანეთის წინააღმდეგ, ჩვენს თამაშში, შეტევაში არარსებული კრეატივისა, მეტოქე კარგად შევაჩერეთ და საბოლოოდ, იღბლის დახმარებით, დიდებული შედეგი მოვიპარეთ. თუმცა, დღეს საღამოს ჩვენ საქართველომ ძლიერი დარტყმით დაგვაბრუნა რეალობაში და, სამწუხაროდ გრანადაში მოპოვებული ქულა, ნაგვის ყუთში გადავაგდეთ.  კიდევ ერთხელ, კარგია იმის თქმა, რომ ჩვენ არ წავაგეთ, რადგან მატჩის საერთო სურათიდან გამომდინარე, ეს ქულა ძალიან საპატიოა. თუ გამოვრიცხავთ პირველ 20 წუთს, როცა საბერძნეთს ბურთის ფლობა ჰქონდა და თამაშის სადავეებს აკონტროლებდა , და მე -8 წუთზე ცოლისის მიერ მატჩში შექმნილ ერთადერთ დიდი მომენტს არ გავითვალისწინებთ, საერთო სურათი გულდასაწყვეტი გამოდგა. საბერძნეთი უფერო, უფერული იყო. ვერ აკონტროლებდა რიტმს და როგორც აღმოჩნდა გრძელი და გამჭოლი გადაცემებით, მეტოქისთვის დამუქრება არ გამოუვიდა. ფორტუნისისა და იანულუსის ამბიციური ძალისხმევა დაიკარგა ანსამბლში, რომელიც დღეს ხასიათდებოდა ენერგიისა და ნებისყოფის ნაკლებობით. თითქოს, ეს გუნდი გრანადაში ჩატარებულ მატჩში მთლიანად დაიცალა. ესპანეთის წინააღმდეგ, ვანტ შიპის გუნდი შემოქმედებითად არ არსებობდა, მაგრამ შემდეგ ეს მეტოქის უპირატესობის გამო გავამართლეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსხვავებული მეტოქე გვყავდა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვერ ვთამაშობთ დომინირებულ ფეხბურთს და ინიციატივას მოწინააღმდეგეს ვუთმობთ. რაც თეორიულად ჩვენს ხასიათშია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან სანაკრებო შეხვედრაში, რომელიც მეორე ადგილზეც კი დაგვტოვებდა და ტურნირის ფინალურ ეტაპზე დაბრუნების პრეტენზიას გაგვიჩენდა, ჩვენ გარემოებებსა და მოლოდინებზე დაბლა ვიყავით.
მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეთმა დღეს თვალი აარიდა თავის თავს და ბედს მიენდო. ზარმა საქართველოდან, გუნდისგან, რომელიც მუდმივად იზრდება, დარეკა და გაგვახსენა ის დონე, რომელზეც ნამდვილად ვიმყოფებით, რაც ალბათ ესპანელებთან მიღწეული კარგი შედეგით მოწამვლამ დაგვავიწყა. გულწრფელები რომ ვიყოთ, თუ დიდ ტურნირზე დაბრუნების ამბიცია გაგვაჩნდა, ეს სწორედ დღეს უნდა დაგვემტკიცებინა. ამჟამად საბერძნეთი მესამეა ჯგუფში და საქმე სასაცილოდ ნამდვილად არ არის. არც დასკვნების გამოტანაა ნაადრევი. მათთვის კი, ვინც თვლის, რომ ჩვენი შანსი ისევ ცოცხალია, პასუხი იქნება ის, რომ ამ საქართველოსთან ერთი და კოსოვოსთან ორი მატჩი ისევ ჩასატარებელი გვაქვს. თითოეული წაგება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი ამბიციისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეს მოხდა დღეს ტუმბაში. რაც შეეხება საქართველოს, ვილი სანიოლის გუნდს რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავდა, რომელმაც ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო. რეგულარულად ძალიან კარგ გუნდს, ჰყავს დიდი ტალანტის მქონე კვარაცხელია, რომელიც დღეს მოედანზე საუკეთესო იყო, ასევე კანკავა, კაკაბაძე და ასევე დვალი, რომელიც შესანიშნავ მატჩებს ატარებს", - წერს sport-fm.gr-ი. საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები