Belive

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან მატჩისთვის რაზგრადში ემზადება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში იმყოფება და უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის გასამართად ემზადება. ბულგარეთში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 3 ივნისს, ჩარტერული რეისით - თბილისი-ვარნა VBB5225 ჩაფრინდა და შემდეგ გეზი რაზგრადისკენ აიღო, სადაც 5 ივნისს, "ლუდოგორეცის" სტადიონზე, ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებმა 3 ივნისის დღე გიბრალტართან პირველი ტურის მოგებული (4:0) შეხვედრის შემდეგ აღდგენის პროცესისთვის გამოიყენა, ხოლო 4 ივნისიდან აქტიურ მოსამზადებელ პერიოდს განაახლებს. გუნდი  "ჰუვეფარმა არენაზე" თბილისის დროით 19:00 საათზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში საკმაოდ კარგი ამინდია, რაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს მატჩისთვის მოსამზადებელ პერიოდში უნდა დაეხმაროს. რაზგრადში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსია, ხოლო ვარჯიშის დაწყებისას, 22 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი. სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ გიბრალტართან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ტრავმირებული მოთამაშეები არ არიან. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, რომელიც ხსენებულ შეხვედრაში პირველ ტაიმში შეცვალეს, მისი დაზიანება სერიოზული არ არის და იგი გუნდთან ერთად ბულგარეთთან მატჩისთვის ემზადება. სხვა მხრივ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელები ბულგარეთთან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან და 2021 წელს ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის (1:4) რევანშის აღებით არიან მოტივირებულნი. თბილისის დროით, 19:30 საათზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს და მატჩის წინ გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.
Live.ge ბულგარეთიდან მუშაობას აგრძელებს და ყველა სიახლეს ოპერატიულ რეჟიმში შემოგთავაზებთ...
 

სხვა სტატიები