საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 

საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

“ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია”, – წერს სფფ.

„მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“, – თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

საინტერესოა, რომ ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ნაკრებთან საქართველოს არასდროს უთამაშია, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (14) და ყველაზე მეტი გამარჯვება (8) მოპოვებული.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში გამოსვლას ივნისის თვეში დაიწყებს და მეტოქეებად ბულგარეთის, ჩრდ. მაკდეონიის და გიბრლატარის ნაკრებები ეყოლება.

საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს 

სტატიის ავტორი
-