Belive

საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში რეკორდის გამეორების შანსი აქვს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება, რაც ნაჩვენებ შედეგებშიც აისახება. ვილი სანიოლის გუნდს ზედიზედ 4 გამარჯვება აქვს, ბოლოს კი გოლი 7 ტაიმის წინ, ანუ 2021 წლის 12 ოქტომბერს, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და ეს 1997-98 წლებში მოხდა, როცა "ჯვაროსნებმა" მიჯრით მოლდოვის, პოლონეთის, ლატვიის, ალბანეთისა და მალტის ნაკრებები დაამარცხეს. იმ შემთხვევაში, თუ 29 მარტს, ტირანაში გასამართ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ალბანეთს დაამარცხებს, მაშინ თავისსავე რეკორდს გაიმეორებს. გამოსარჩევია 2018 წელიც, რომელიც სტატისტიკის თვალსაზრისით, ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაშინ, ეროვნულმა გუნდმა 10 შეხვედრიდან 8 მოიგო, 1-ში დამარცხდა, ერთ მატჩში კი ფრეს დასჯერდა. რომ არა 5 ივნისს, ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგის წინააღმდეგ მარცხით (0:1) გამოწვეული წყვეტა, საქართველოს ნაკრები ზედიზედ 8 მატჩის მოგებას მოახერხებდა. საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები