Belive

„საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა“ – ვინ არის 19 წლის მცველი, რომელმაც რუსეთში, კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშა

3 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინმა" "ტამბოვი" სტუმრად - 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 90 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის წინააღმდეგ დამაჯერებლადაც ითამაშა 19 წლის ქართველმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა. გიგაშვილი უკვე 1 წელია "ტამბოვის" შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა მთავარ გუნდში ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და მონაწილეობა ჯერ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო, მაგრამ თავი იმდენად კარგად წარმოაჩინა, რომ მალე პირველ გუნდში სრულფასოვნად დამკვიდრებას უნდა ველოდოთ. გიგაშვილს, რომელიც თურქული "ანკარაგიუჯუს" აკადემიის აღზრდილია, რუსეთის პრემიერლიგამდე მისასვლელი საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა აქვს გავლილი. ახალგაზრდა ქართველ უკანახაზელს Live.ge რუსეთში დაუკავშირდა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ესაუბრა, რომელთაც ჩვენს ინტერვიუში გაეცნობით.
No description available.
პირველ რიგში, ფეხბურთისადმი შენი დაინტერესებით დავიწყოთ. როგორ და რატომ გადაწყვიტე რომ ფეხბურთელი გამხდარიყავი? ფეხბურთის თამაშიც და ყურებაც ბაბუაჩემმა შემაყვარა. მას ფეხბურთი უზომოდ უყვარდა, დამსვამდა და ყველა მატჩს ერთად ვუყურებდით. მოგვიანებით ფეხბურთისთვის თვალის დევნება დამოუკიდებლადაც დავიწყე. შემდეგ, დაბადების დღეზე ლონდონის „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მაჩუქეს და ამ კლუბის მატჩების ყურება დავიწყე, მერე კი ამ გუნდისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. ამაში თავისი უდიდესი წვლილი ჯონ ტერიმ და დიდიე დროგბამაც ითამაშეს. ასაკის მატებასთან ერთად, ოცნებად და მიზნად დავისახე, რომ ამ გუნდში და ზოგადად, ინგლისის პრემიერლიგაში მეთამაშა. ფეხბურთის თამაში პატარა ასაკიდანვე, სახლში დავიწყე. ვთამაშობდი ყველაფრით: წინდებით, თაბახის ფურცლებით და სახლში ყველაფერს ვაფუჭებდი... შედეგად, მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ფეხბურთზე შევეყვანე, ასე დაიწყო ჩემი კარიერა. მახსოვს, პირველ ვარჯიშზე მწვრთნელის გაკვირვება ჩემი სათამაშო უნარ-ჩვევებით, თავიდან ვერც იჯერებდა, რომ იქამდე ფეხბურთზე არ დავდიოდი. მოგვიყევი განვლილი გზის შესახებ, ვიცით, რომ სამშობლოს დატოვება ადრეულ ასაკში მოგიწია, "ტამბოვამდე" კი გრძელი გზა გაიარე. საქართველოდან ოჯახთან ერთად ადრეულ ასაკში წასვლა მომიწია. მიხარია, რომ თურქეთში მოვხვდი და არა სხვა ქვეყანაში. ის, რა დონეზეც ვარ, ყველანაირი კუთხით, თურქეთის დამსახურება. ამ ქვეყანამ როგორც თავისი შვილი ისე მიმიღო და ძალიან ბევრი რამ მომცა და მასწავლა. მადლობელი ვარ, რომ კარიერა სწორედ თურქეთში დავიწყე, ეს განვითარებაში ძალიან წამადგა. საბუთების პრობლემების გამო, საქართველოში დაბრუნება მომიწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და მინდოდა, რომ უცხოეთში ისევ წავსულიყავი. მოგვიანებით, რუსეთის ვარიანტი გამოჩნდა, თავიდან გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. „ტამბოვში“ მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. პირველ რიგში, ნდობის გამო. მე ცენტრალური მცველი ვარ და ფეხბურთში ეს ისეთი პოზიციაა, რომელზეც უმეტესად გამოცდილი მოთამაშეები ირჯებიან, 19 წლის ახალგაზრდისთვის შანსის მიცემას კი დიდი გამბედაობა სჭირდება. მადლობელი ვარ, რომ ჯერ მოსკოვის „სპარტაკთან“, შემდეგ კი ყაზანის „რუბინთან“ ძირითად შემადგენლობაში თამაში მომიწია, მინდა, რომ ეს ნდობა გავამართლო და მთავარ გუნდში დამკვიდრებისთვის ბრძოლა გავაგრძელო.
No description available.
ამჟამად რუსეთში ცხოვრობ. იქ მარტო ხარ თუ ოჯახთან ერთად? როგორ პირობებში ახერხებ ვარჯიშს და განვითარებაზე ზრუნვას? „ტამბოვის“ სავარჯიშო ბაზა ქალაქ სარანსკში მდებარეობს და მეც აქ ვცხოვრობ. გუნდში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც კლუბის მიერ გამოყოფილ სახლებში ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. ასეთი საცხოვრებელი კლუბის ხელმძღვანელობამ მეც შემომთავაზა და ამიხსნეს, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ ვარჩიე, რომ კლუბის ბაზაზე დავრჩენილიყავი. ჩემთვის, როგორც ფეხბურთელის განვითარებისთვის ეს უკეთესი გადაწყვეტილებაა. ბაზაზე სავარჯიშოდ უკეთესი პირობები მაქვს: მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი და ყველა ის პირობა, რაც საშუალებას მაძლევს, რომ დამეტებით ვივარჯიშო. რუსეთის ლიგა საკმაოდ მომთხოვნია და აუცილებელია, რომ კარგ ფორმაში ვიყო, თანაც, მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და ჯერ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და დასამტკიცებელი, ამრიგად, მიმაჩნია, რომ ასეთ ადგილას ყოფნა, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფლად ცხოვრება. მეორე შემადგენლობიდან მთავარ გუნდში მოულოდნელად აღმოჩნდი. ალბათ განსაკუთრებული ემოციები დაგეუფლა. მეორე შემაგდენლობაში ვირიცხებოდი და დუბლების მაისურით „სოჭის“ წინააღმდეგ ვითამაშე. თამაშის დასრულების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩში განაცხადში ვიყავი. ეს ის უპირველესი მიზანი იყო, რომლისთვისაც ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და ჩემი თითოეული ქმედება ამ მიზნის მიღწევას ემსახურებოდა. შესაბამისად, როცა მწვრთნელმა ეს სიახლე მაცნობა, ენითაღუწერელი ემოციები დამეუფლა. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა იგებ, რომ შენი შრომა ფასდება. იქამდე სოჭში გვქონდა ნათამაშები და დიდი მანძილის გავლა დაგვჭირდა. მოსკოვში თამაშის წინა დღეს ჩავედი. სამატჩო განაცხადში ბევრი ჩემზე გამოცდილი მცველი იყო, მაგრამ თამაშის დაწყების წინ მწვრთნელისგან გავიგე, რომ ის ჩემს შესაძლებლობებს კარგად იცნობდა და მზად იყო, რომ ძირითადი შემადგენლობიდან დამეწყო. გამამხნევა და მითხრა, რომ არ უნდა მენერვიულა და ეს შანსი გამომეყენებინა, რაც ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა.
ორი მატჩი ჩაატარე და საკმაოდ დამაჯერებლადაც, ამით მთავარ გუნდში დამკვიდრების პერსპექტივა გაიზრდებოდა. ხომ არ გისაუბრია შესაბამის პირებთან ამ საკითხზე? ჯერ „სპარტაკთან“, შემდეგ კი „რუბინთან“ სასტარტო თერთმეტეულში ვითამაშე, რის მერეც მწვრთნელმა მაცნობა, რომ შტაბისა და ხელმძღვანელობის მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტილება მიიღეს და ამიერიდან მთავარი გუნდის წევრი ვიქნები. მალე მთავარი გუნდის შეკრება იქნება და მეც იქ ვიქნები. წინა ტურში „რუბინს“ და ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდი. რამდენად რთულია მის წინააღმდეგ თამაში? წინა ტურში „რუბინის“ წინააღმდეგ ვითამაშე, პოზიციებიდან გამომდინარე, მე და ხვიჩა ერთმანეთის უშუალო კონკურენტები აღმოვჩნდით. მატჩამდე, მწვრთნელმა კვარაცხელიას შესახებ ძალიან ბევრი მესაუბრა, ამიხსნა თუ რაოდენ ძლიერი ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს. მასზე მეც ძალიან ბევრი მსმენია და მინახავს მისი თამაშები, ვიცოდი, რომ უდიდესი რესურსი ჰქონდა და შევეცადე, რაც შეიძლება ყურადღებით და ფრთხილად მეთამაშა. ვთვლი, რომ ხვიჩა უნიჭიერესი ახალგაზრდაა, ძალიან კარგი ტემპით ვითარდება, იმედი მაქვს ასე გააგრძელებს და თავის მიზანს მიაღწევს.
  ტამბოვში“ წარმოშობით ქართველი და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ კობახიძე ირიცხება, მასთან ურთიერთობა გუნდთან ადაპტაციაში დაგეხმარებოდა. კობახიძე ძალიან კარგი ადამიანია და ამასთანავე კარგი ფეხბურთელიც. გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ის გვერდში მიდგას. სწორედ მან გამაცნო გუნდის წევრები, ამიხსნა და შემაჩვია არსებულ ატმოსფეროს და იმ დღიდან მოყოლებული ვმეგობრობთ. ერთმანეთში ხშირად ვსაუბრობთ და რა საკვირველია, საქართველოზეც აქტიურად ვლაპარაკობთ. ის მეუბნება, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს, თუმცა ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ საქართველოდან მოწვევა მიიღოს. მიუხედავად ამისა, ის თავისი ოცნების მისაღწევად შრომას აგრძელებს და იმედი მაქვს, დაუფასდება. ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა ოფიციალურად რუსეთის მოქალაქედ იწოდება. შენი აზრით, რატომ ამბობენ ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს? ყველა ფეხბურთელი გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობას იღებს, თუმცა ვფიქრობ, იოლად არ უნდა გავაკრიტიკოთ ისინი, რადგან არ ვიცით რამ უბიძგათ მათ ამისკენ, რა მიზეზით დათმეს მათ საქართველოს მოქალაქეობა. თუ შენი სამშობლოდან ყურადღებას ვერ გრძნობ, ხოლო სხვა ქვეყანაში შენს შესაძლებლობებს აფასებენ, შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ შორიდან საუბარი მარტივია, მაგრამ არამართებული.
No description available.
უშუალოდ შენ რა დამოკიდებულება გაქვს სამშობლოს და საქართველოს ნაკრების მიმართ? ძალიან ბევრჯერ მითქვამს და ამის თქმა არც მომბეზრდება, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელი მსოფლიოში, ბავშვობიდან მეც ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ვითამაშო. ეს ჩემთვის არამხოლოდ სურვილი და ოცნება, მიზანია. კლუბსა და ნაკრებს შორის სხვაობა არსებობს. შესაძლოა საკლუბო ასპარეზზე უმაღლეს დონეზე ითამაშო და მწვერვალები დაიპყრო, მაგრამ ნაკრების მაისურის მორგება სრულიად სხვა პასუხისმგებლობა და ემოციაა. ბოლო ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, შენს მიმართ ინტერესი გაიზარდა. როგორ ფიქრობ, რა იქნება შენი შემდეგი კარიერული ნაბიჯი?ტამბოვში“ ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ განვვითარდე. ყველასგან სითბოს და განვითარებაში დახმარების სურვილს ვგრძნობ. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ჩემთვის საუკეთესო გარემოა, სადაც შეიძლება ვიყო. ჩემი უპირველესი მიზანია, რომ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დავმკვიდრდე, შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერი გავხდე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ისე კი, ბავშვობიდან მოყოლებული, საკლუბო დონეზე ჩემი მთავარი ოცნებაც და მიზანიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია.
No description available.

სხვა სტატიები