Belive

საქართველოს თასის ფინალში თბილისური დერბი შედგება

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა და ფინალისტებიც ცნობილი გახდა. ლიგა 4-ის წარმომადგენელმა გარეჯმა შინ, თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და 2:3 დამარცხდა. საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სპორტული კომპლექსის არენაზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გოლით გაიხსნა - ილია გუჯარაიძემ "გარეჯი" მე-13 წუთზე დააწინაურა. მეორე ნახევარში გამოცდილმა თბილისელებმა მატჩის სცენარი სათავისოდ შემოაბრუნეს. ორწუთიან მონაკვეთში, 57-ე და 59-ე წუთებზე, შესაბამისად, ირაკლი სიხარულიძის და ნიკა ჭანტურიას გოლებით "რკინიგზელები" წინ გავიდნენ. მასპინძლებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს. ცვლილებაზე რამდენიმე წამის შემოსულმა საბა თავაძემ 62-ზე წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ, თბილისურმა კლუბმა გამოცდილების ხარჯზე მეტოქის დაჯაბნა მაინც მოახერხა. შტატიანმა პენალტისტმა თეიმურაზ შონიამ 67-ე წუთზე, 11 მეტრიანი დისტანციიდან მიღებული შანსი გამოიყენა. რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე წყვილის დაპირისპირებას, "მიხეილ მესხზე", "საბურთალომ" ქუთაისის "ტორპედოს" 2 უპასუხო გოლი გაუტანა. მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქუთაისელებმა რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრის ანალოგიურად, მოქმედ ჩემპიონს პირველ ნახევარში გაუძლეს, თუმცა მეორე ტაიმში გაძლიერებული შეტევების და აგრესიული თამაშის მოგერიება ვერ მოახერხეს. თბილისელთაგან ანგარიში 48-ე წუთზე, გიორგი კოხრეიძემ შორეული დარტყმით გახსნა. 69-ზე კი, ცვლილებაზე შემოსულმა ოგნიენ როლოვიჩის დარტყმული ბურთი რიკოშეტის შედეგად "ტორპედოს" კარში აღმოჩნდა. ამრიგად, თბილისურ ფინალში ერთმანეთს თბილისური გუნდები დაუპირისპირდებიან. "ლოკომოტივი"-"საბურთალოს" დაპირისპირების ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები