Belive

სასწრაფო ოპერაცია და მინიმუმ 2 თვიანი მკურნალობა - პოგბას ტრავმა სერიოზულია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბში დაბრუნებულმა ფრანგმა ნახევარმცველმა - პოლ პოგბამ მუხლის მენისკის სერიოზული ტრავმა მიიღო. საქმეში ექიმების ჩარევა გახდა საჭირო, რათა ტრავმის სირთულის დადგენა სასწრაფოდ მოხდეს. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლიდან ექვსი წლის შემდეგ, პოგბა 2022 წლის ზაფხულში მეორედ დაბრუნდა ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფრანგი ნახევარმცველის "ბებერ ქალბატონებში" დაბრუნების შემდეგ, არაოფიციალური დებიუტი პარასკევს, "ჩივას გვადალახარას"  წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. "იუვე" შემდეგ ამხანაგურ მატჩს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს, თუმცა იტალიურმა გრანდმა დაადასტურა, რომ პოგბა მასში მონაწილეობას ტრავმის გამო არ მიიღებს.
"მარჯვენა მუხლის არეში დაფიქსირებული ტკივილის შემდეგ, პოლ პოგბას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც გამოავლინა გვერდითი მენისკის დაზიანება. მომდევნო საათების განმავლობაში ის გაივლის სპეციალურ ორთოპედიულ კონსულტაციას. პოგბას სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება და შესაძლოა მომდევნო ორი თვე გამოტოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან შესაძლოა კლუბში მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ ითამაშოს". - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, პოგბას ტრავმა გავლენას იქონიებს თუ არა მოახლოვებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ტრავმის შემდეგ პოგბას მსოფლიო ჩემპიონატამდე მოსამზადებლად მხოლოდ 1 თვე ექნება და არის იმის დიდი ალბათობა, რომ ფრანგი ნახევამრცველი ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდეს.

სხვა სტატიები