Belive

სავარაუდოდ, ზაფხულში პოგბა "იუნაიტედს" დატოვებს - მისით 3 კლუბია დაინტერესებული

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავლთან დაკავშირებით მედიაში აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. პოგბა "წითელ ეშმაკებში" დიდი იმედებით მოიყვანეს, ის გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და საკვანძო ფიგურა უნდა გამხდარიყო. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონმა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და მისი თამაში ხშირად კრიტიკის საგანი ხდება. პოგბას შესაძლებლობები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, სწორედ ამიტომ მოითხოვენ მისგან უკეთესი შედეგების ჩვენებას, რადგან როცა პოლი ფორმაშია, ის პრემიერ ლიგის ნახევარმცველებში ერთ-ერთი საუკეთესოა. თუმცა "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდან პოგბა იმ ფეხბურთს ვერ თამაშობს, რასაც 89 მილიონი ფუნტი სტერლინგის სატრანსფერო ღირებულების მოთამაშე უნდა აჩვენებდეს. ფრანგი ფეხბურთელის აგენტის მინოა რაიოლას განცხადებამ ბევრის გაღიზიანება გამოიწვია, როცა მან თქვა, რომ პოგბას დრო კლუბში დასრულებულია. ამ განცხადებისთვის რაიოლამ არც თუ კარგი დრო შეარჩია. პოგბას აგენტმა განცხადება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ გააკეთა, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი გუნდი იასპარეზებდა მერვედფინალში. “იუნაიტედმა” შეხვედრა “ლაიფციგთან” 3:2 წააგო და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. სულშერის გუნდი თებერვლიდან ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას და არა ჩემპიონთა ლიგაზე. Tuttosport-თან საუბრისას რაიოლამ აღნიშნა:
“პოლი უკმაყოფილოა “იუნაიტედში” ყოფნით, ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას ისე, როგორც ეს თავად სურს და ისე, როგორც მისგან ელიან”. “მას გუნდის და გარემოს შეცვლა სჭირდება. მას გუნდთან აკავშირებს კონტრაქტი, რომელიც წელიწადნახევარში - 2022 წლის ზაფხულში ამოიწურება, მაგრამ ყველა მხარისთვის უკეთესი იქნება, თუ გუნდს უახლოეს მომავალში დატოვებს”.
უნდა აღინიშნოს, რომ რაიოლას განცხადება სიახლე არაა და პოგბას გუნდის დატოვება ადრეც უცდია, მაგრამ მის გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება და რთულია, მათგან რომელიმეს სარწმუნოობა დაიჯერო. თუმცა გაზეთი The Mirror-ი ამტკიცებს, რომ "იუნაიტედმა" პოგბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ამ ზაფხულს მისი გაყიდვით თანხის გამომუშავებას ეცდება. კლუბის გადაწყვეტილება ლოგიკურად მოჩანს, რადგან 27 წლის მოთამაშე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. პოგბას კონტრაქტი "იუნაიტედთან" 2022 წელს იწურება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პოგბას ტრანსფერით ევროპის სამი წამყვანი კლუბია დაინტერესებული - მადრიდის "რეალი", "იუვენტუსი" და "პსჟ". მას შემდეგ, რაც ბრუნო "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა, პორტუგალიელი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა, მან გააკეთა ის, რასაც პოგბასგან ელოდნენ, ამიტომ არ იქნება გასაკვირი, რომ "იუნაიტედი" ფრანგ სუპერვარსკვლავს შეელიოს და 2016 წელს მასში გადახდილი 89 მილიონი ფუნტი სტერლინგიდან ნაწილი ამოიღოს.  

სხვა სტატიები