სენეგალის ნაკრების ლეგენდა პაპა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

პრემიერლიგის ვეტერანი ვარსკვლავი პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

​სენეგელის ნაკრების ნახევარმცველი ხანგრძლივ ავადმყოფობასთან ბრძოლაში დამარცხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელის ყოფილი კლუბები, “ფულემი” და “ლენსი” ავრცელებენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წლების განმავლობაში, დიოპს ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “ფულემი“, “პორტსმუთი“, “ვესტ ჰემი” და “ბირმინგემია“. განსაკუთრებული წარმატებით ის ჰარი რედნაპის ფორმაციის “ფულემში” ირიცხებოდა, რომელთან ერთადაც 2008 წელს ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო და ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა.

აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შვეიცარიის ჩემპიონატში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშით დაიწყო, მოგვიანებით კი ჩამშლელ ნახევარმცველად გადაკეთდა და დაცვის ცენტრშიც თამაშობდა, სენეგალის ნაკრების ნამდვილ ლეგენდად იქცა. საკუთარ სამშობლოსთან ერთად მან ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა, მერე კი მეოთხედფინალშიც ითამაშა. 2002 წლის მუნდიალზე მიღწეულ ამ წარმატებაში დიოპს უდიდესი წვლილი მიუძღვის, მან ტურნირზე 3 გოლის გატანა მოახერხა, ერთ-ერთი მათგანი კი მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს შეუგდო და ჯგუფში ჩატოვა.

დიოპს გადაკვეთა საქართველოსთანაც ჰქონია, ის ათენის “აეკს” 2011 წელს თბილისშიც ახლდა, როცა “დინამო თბილისთან” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშა და გამარჯვებით დაასრულა.

(278)

სენეგალის ნაკრების ლეგენდა პაპა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-