Belive

სერხიო რამოსს "რეალის" მაისურით მე-100 გოლამდე ერთი გოლი აკლია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მადრიდის რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი უდავოდ გამორჩეული მცველია კლუბის ისტორიაში და არა მხოლოდ კლუბის ისტორიაში, არამედ მთლიანად ფეხბურთის ისტორიაშიც. ესპანელი მცველი "რეალს" 2005 წელს შეურთდა "სევილიიდან" და უკვე 16 წელია იცავს სამეფო კლუბის ღირსებას. 16 წლის განმავლობაში რამოსმა მრავალი ტიტული მოიგო გუნდთან ერთად და მისი დამსახურება კლუბის წინაშე ნამდვილად განუსაზღვრელია. რამოსი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერია, მოთამაშე, რომელსაც რთულ მომენტებში შეუძლია სიტუაციის საკუთარი გუნდისთვის სასარგებლოდ შემოტრიალება. გუნდის კაპიტანმა არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში, მაგრამ ალბათ ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი "მადრიდის ატლეტიკოს" კარში ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების ფინალში 93-ე წუთზე თავური დარტყმით გატანილი გოლი იყო, რომლითაც რეალმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც რეალმა თერთმეტწლიანი ლოდინის შემდეგ კვლავ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.

2019-20 წლის სეზონში ესპანელმა მცველმა პირადი რეკორდი დაამყარა - მან ესპანეთის ჩემპიონატის 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. 24 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ელ კლასიკო გაიმართა, სადაც "ბარსელონა" "რეალთან" ანგარიშით 1:3 დამრცხდა. შეხვედრაში თავისი გოლი მადრიდელთა კაპიტანმაც გაიტანა, ელ კლასიკოში გატანილი გოლი რამოსისთვის "რეალის" მაისურით 99-ე გამოდგა, ასე რომ, ესპანელ ცენტრალურ მცველს მე-100 გოლამდე მხოლოდ 1 გოლი აკლია. დიდი ალბათობით ასგოლიან ნიშნულს სერხიო რამოსი ამავე სეზონში მიაღწევს, რაც ნამდვილად დიდი შედეგია. 99 გოლის გასატანად რამოსს 656 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.

სხვა სტატიები