Belive

სეზონის 10 ტრანსფერი, რომლებმაც ყველაზე მეტად გაამართლეს

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
2018-19 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და სატრანსფერო პერიოდი კარს მოგვადგა. საინტერესოა რომელი გუნდი იაქტიურებს ყველაზე მეტად და რომელი ვარსკვლავი დატოვებს კლუბს. სეზონის ბოლოს შეგვიძლია შევაჯამოთ ზაფხულის ტრანსფერები, რომლებმაც ყველაზე მეტად გაამართლეს.

#10 ფაბინიო (მონაკოდან ლივერპულში)

ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში "ლივერპულმა" 50.4 მილიონ ევროდ "მონაკოდან" შეიძინა. ფრანგულ კლუბში ფაბინიო შეუცვლელი ფიგურა იყო. მერსისაიდელთა რიგებში სეზონის დასაწყისიდანვე ძირითადის მოთამაშედ არ ითვლებოდა, თუმცა სეზონის მიმდინარეობისას მან დაამტკიცა, რომ საჭირო მოთამაშეა. ფაბინიო დღეს "ლივერპულის" ძირითადი ნახევარმცველია და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, დიდი ალბათობით, სასტარტო თერთმეტეულში დაიწყებს. მან ახალ კლუბში 40 თამაში ჩაატარა. მისი პოზიციიდან გამომდინარე ბევრი ბურთის გატანა ვერ შეძლო, თუმცა მეტოქეთა შეტევებს დამაჯერებლად იგერიებდა.
skysports-fabinho-liverpool_4523840

#9 დუვან ზაპატა (სამპდორიადან ატალანტაში)

28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი, დუვან ზაპატა საოცარ სეზონს ატარებს. ის "ატალანტაში" "სამპდორიადან" იჯარით გადავიდა. ზაპატამ მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 27 ბურთის გატანა შეძლო. თუ "ატალანტა" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, რასთანაც ძალიან ახლოს არის, კოლუმბიელი თავდამსხმელი ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იქნება. "სერია ა"-ში მან 22 ბურთის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფაბიო კვალიარელას ჩამორჩება. 22 გოლთან ერთად, 7 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

#8 ლუკას ტორეირა (სამპდორიადან არსენალში)

23 წლის ტორეირა 31.1 მილიონ ევროდ "სამპდორიადან" "არსენალში" გადაბარგდა. ურუგვაელმა ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "მეთოფეების" ყურადღებაც მიიქცია. ტორეირამ მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთის გატანა შეძლო. "არსენალის" მაისური მან 42-ჯერ მოირგო. მას ტიტულის მოგებაც შეუძლია. "არსენალი" ევროპა ლიგის ფინალშია და ტორეირა ბაქოში ითამაშებს.

#7 აქსელ ვიტცელი (ტიანძინიდან დორტმუნდში)

ბელგიის ნაკრების მოთამაშე ევროპაში დაბრუნდა. ვიტცელმა გასული სეზონი ჩინეთში გაატარა. დორტმუნდის "ბორუსიამ" დრო იხელთა და ის 20 მილიონ ევროდ ევროპაში დააბრუნა. ვიტცელმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა, "ბუნდესლიგის" მოგებასთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა მცირე ჩავარდნამ გუნდს პირველობა დააკარგვინა და ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთიც გაიტანა.

#6 პაკო ალკასერი (ბარსელონადან დორტმუნდში)

"ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე, პაკო ალკასერი სეზონის დაწყებამდე დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა. ესპანელი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლება, თუმცა ბევრი ბურთის გატანა მაინც შეძლო. "ბორუსიამ" ის 21 მილიონ ევროდ შეიძინა. გერმანული გუნდის შემადგენლობაში ალკასერმა 27 თამაში ჩაატარა და 18 ბურთის გატანა შეძლო. ის "ბუნდესლიგის" ბომბარდითა დავაში მე-2 ადგილზეა და 4 ბურთით ჩამორჩება ლევანდოვსკის. მას ეკთვნის ასევე საინტერესო რეკორდი - ის არის ერთადერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც 1 სეზონში, 90-ე წუთის შემდეგ 5 გოლი გაიტანა.

#5 კშიშტოფ პიონტეკი (კრაკოვიადან ჯენოაში)

23 წლის პოლონელი ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში პოლონეთის ჩემპიონატიდან "სერია ა"-ში 4.5 მილიონ ევროდ გადავიდა, კერძოდ "ჯენოას" მაისური მოირგო. იტალიურ კლუბში მან საოცრად ითამაშა. ჩაატარა მხოლოდ 21 მატჩი და 19 ბურთი გაიტანა. სეზონის გარკვეული პერიოდი ის "სერია ა"-ს ბომბარდირიც კი იყო. ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ის იჯარით "მილანში" გადავიდა.

#4 არტური (გრემიოდან ბარსელონაში)

ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი "გრემიოდან" "ბარსელონაში" 31 მილიონ ევროდ გადაბარგდა. 22 წლის ფეხბურთელი სეზონის სტარტიდანვე "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც. ის ბუსკეტსთან და რაკიტიჩთან ერთად საკმაოდ ძლიერ ტრიოს ქმნის. ანდრეს ინიესტას გუნდიდან წასვლის შემდეგ, არტურმა 8 ნომრიანი მაისური მოირგო. მიმდინარე სეზონში 43 მატჩი ჩაატარა.

#3 კრიშტიანუ რონალდუ (რეალიდან იუვენტუსში)

სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საინტერესო ტრანსფერი კრიშტიანუ რონალდუს ეხებოდა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსში" 100 მილიონ ევროდ "რეალიდან" გადავიდა. გასაკვირი არ არის, რომ პროტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "სერია ა"-შიც უმაღლეს დონეზე ითამაშა და საკმაოდ ბევრი ბურთის გატანაც შეძლო. რონალდუმ მიმდინარე სეზონში 42 მატჩი ჩაატარა და 28 ბურთი გაიტანა. "იუვენტუსთან" ერთად "სერია ა" მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია.

#2 დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონიდან აიაქსში)

ვეტერანმა სერბმა ფეხბურთელმა საოცარი სეზონი ჩაატარა. დუშან ტადიჩი "აიაქსში" 11.4 მილიონ ევროდ "საუთჰემპტონიდან" გადავიდა. სერბი შემტევი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იყო და ჰოლანდიელებისთვის ეს სეზონი განსაკუთრებულად კარგი გამოდგა. ტადიჩმა მიმდინარე სეზონში "ერედივიზიონი" მოიგო, ჰოლანდიის თასის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გამოეთიშა ასპარეზობას. მიმდინარე სეზონში მან 52 მატჩი ჩაატარა და 36 ბურთის გატანა შეძლო. 31 წლის ასაკში ჰოლანდიის ჩემპიონატში 26 ბურთით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა.

#1 ალისონ ბეკერი (რომადან ლივერპულში)

სეზონის დასაწყისში "ლივერპულმა" გაძლიერება გადაწყვიტა და პოზიცია, რომელიც გუნდის აქილევსის ქუსლი იყო, რა თქმა უნდა მეკარე გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიუსის თამაშმა, გუნდის ხელმძღვანელობას ამ პოზიციის გაძლიერება გადააწყვეტინა. ყველაზე კარგი ვარიანტი კი "რომას" ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი იყო, რომელიც მერსისაიდელებს 75 მილიონ ევროდ შეუერთდა. ალისონმა მიმდინარე სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანსაც დაეუფლა. 27 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და პრემიერ ლიგაში კარის მშრალად შენახვა 21-ჯერ შეძლო.
 

სხვა სტატიები