Belive

სეზონის წინ - ლა ლიგა

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ
ესპანეთის "ლა ლიგის" 2019/20 წლების სეზონი სტარტს 16 აგვისტოს აიღებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, "ბარსელონა" ახალ სეზონს გახსნის. კატალონიელებს პირველსავე ტურში საკმაოდ რთული მატჩი ელით. ერნესტო ვალვერდეს მომზადებული გუნდი სტუმრად "სან მამესზე" "ბილბაოს" დაუპირისპირდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. პირველი ტური კი 19 აგვისტოს "ბეტისისა" და "ვალიადოლიდის" შეხვედრით დასრულდება. ის თამაში 23:59 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ზინედინ ზიდანის მომზადებული გუნდი 17 აგვისტოს სტუმრად "ბალაიდოსზე" "სელტას" დაუპირისპირდება.

ლა ლიგის გასული სეზონი

"ლა ლიგის" გასული სეზონი საინტერესო იყო, თუმცა "ბარსელონამ" ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლო ჩემპიონობა. კატალონიელებმა ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე იზეიმეს ჩემპიონობა. უფრო დაძაბული სიტუაცია ცხრილის შუა და ქვედა ნაწილში იყო. ოთხეულისთვის ბრძოლაში სეზონის სტარტიდან შუა ნაწილამდე ჩართული იყო მადრიდის "რეალი". გუნდი საკმაოდ ცუდად ასპარეზობდა. ამაზე სეზონში 12 წაგებული თამაშიც მეტყველებს. საბოლოოდ მათ სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულეს. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, მე-2 ადგილზე გავიდა "ატლეტიკო". მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში კი რამდენიმე გუნდი იყო ჩართული. "ხეტაფე", "სევილია" და "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. კონკურენციას ბოლოს ვეღარ გაუძლეს ანდალუსიელებმა და შესაბამისად, სევილიური კლუბი ზემოთ ჩამოთვლილ კლუბებს ჩამორჩა. "ხეტაფეს" შეეძლო ისტორიის დაწერა და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გასვლა, თუმცა მადრიდელებმა ეს საგზური ბოლო ტურში დაკარგეს და ევროპა ლიგაზე გავიდნენ. მათი ადგილი კი "ვალენსიამ" დაიკავა. რაც შეეხებათ "ლა ლიგა 2"-ში დაქვეითებულ კლუბებს, ესპანეთის მეორე ლიგაში მომავალ სეზონში "რაიო ვალეკანო", "უესკა" და "ჟირონა" ითამაშებენ. "რაიო" და "უესკა" მთელი სეზონის განმავლობაში გამოკვეთილი აუტსაიდერები იყვნენ. რაც შეეხება "ჟირონას", კატალონიელებმა ბოლო ტურებში დაკარგეს "ლა ლიგის" საგზური.

რას უნდა ველოდოთ "ლა ლიგის" მომავალ სეზონში?

"ლა ლიგის" 2019/20 წლების სეზონი საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. მთავარ ფავორიტებად ისევ "ბარსელონა", "რეალი" და "ატლეტიკო" ითვლებიან. სხვა კლუბები კი ეცდებიან მათ კონკურენცია გაუწიონ. "ბარსელონა", როგორ უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. კატალონიელებმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელეს. "ატლეტიკოდან" ანტუან გრიზმანი შეიძინეს. "აიაქსიდან" გადმოიყვანეს ფრენკი დე იონგი, ხოლო "ვალენსიადან" მეკარე ნეტო გადმოიბირეს. გუნდიდან წავიდნენ იასპერ სილესენი. ჰოლანდიელმა "ვალენსიას" მიაშურა. კევინ-პრინც ბოატენგი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა. ტომას ვერმაელენი იაპონურ "ვისელ კობეს" შეუერთდა, რომლის ღირსებასაც ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია იცავენ. საუბარია ნეიმარის დაბრუნებაზე, თუმცა ჯერჯერობით ახალი არაფერი ისმის. მისი გადმოსვლის შემთხვევაში, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზენიტმა" მალკომის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
FC_Barcelona_AP
მადრიდის "რეალი" "ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ზინედინ ზიდანის მომზადებულმა გუნდმა შარშანდელი სეზონი ჩააგდო. ხულენ ლოპეტეგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ და ზიდანისა და რონალდუს გუნდიდან წასვლამ, საკმაოდ დიდი დაღი დაასვა კლუბის თამაშს. სეზონი მადრიდელებმა მესამე ადგილზე დაასრულეს და ჩემპიონ "ბარსელონას" 21 ქულით ჩამორჩნენ. წელს რეალი გაძლიერდა. მთავარ მწვრთნელად ისევ ზიდანი მოვიდა. გუნდმა "ჩელსიდან" ედენ აზარი შეიძინა. ასევე გადმოიყვანა ედერ მილიტაო, ლუკა იოვიჩი, ფერლანდ მენდი და როდრიგო. გუნდიდან კი მატეო კოვაჩიჩი, ტეო ერნანდესი, ხესუს ვალეხო და დანი სებალიოსი წავიდნენ.
"ატლეტიკო" გასულ სეზონში მე-2 ადგილზე გავიდა და ლიდერ "ბარსელონას" 11 ქულით ჩამორჩა. მადრიდელებმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში საკმაოდ იაქტიურეს. "ბენფიკადან" ამომავალი ვარსკვლავი, ჟოაო ფელიქსი შეიძინეს. "ტოტენჰემიდან" კიერან ტრიპიერი იყიდეს. "პორტოდან" კაპიტანი და ლიდერი, ფელიპე და ერთ-ერთი ლიდერი ექტორ ერერა გადმოიბირეს. გუნდმა ლუჩიანო ვიეტო დაიბრუნა, თუმცა "სპორტინგში" გაანათხოვრა. გუნდიდან წავიდა ლუკას ერნანდესი. მან "ბაიერნს" მიაშურა. "ინტერში" გადაბარგდა დიეგო გოდინი, ხოლო გრიზმანი და როდრი "ბარსელონასა" და "სიტიში" წავიდნენ. ხუანფრანი კი უკლუბოდ დარჩა.
"ვალენსიასთვის" გასული სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გუნდმა ბოლო ტურში გაიფორმა მე-4 ადგილი. გარდა ამისა, ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული გახდა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა, სადაც "არსენალთან" გამოეთიშა ასპარეზობას. მომავალ სეზონს გუნდი უკეთესი იმედით იწყებს. "ღამურებმა" "ბარსელონასთან" მეკარე გაცვალეს. ნეტო წავიდა და იასპერ სილესენი შეუერთდა გუნდს. "სელტადან" მაქსი გომესი იყიდეს, "ვილიარეალიდან" დენის ჩერიშევი შეიძინეს.
"სევილია" მომავალ სეზონში ეცდება ოთხეულში მოხვედრას. გუნდს ამის ამბიცია და შესაძლებლობა გააჩნია. გასული სეზონი წარმატებულად ვერ ჩაითვალა. ანდალუსიელებმა "პსვ"-დან ლუკ დე იონგი შეიძინეს. "პორტოდან" ოლივერ ტორესი გადმოიყვანეს. "გალათასარაიდან" კი ფერნანდო იყიდეს. გუნდმა დაკარგა პაბლო სარაბია, რომელიც "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდა. ქუინსი პრომესი "აიაქსში" გადავიდა. "ატალანტამ" ლუის მურიელი შეიძინა. ყატარში წავიდა გაბრიელ მერკადო. ალეიშ ვიდალი კი იჯარის წესით "ალავესის" ფეხბურთელი გახდა.
გასული სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარეს "ხეტაფემ" და "ესპანიოლმა". "ბილბაო" და "ვილიარეალი" სეზონის სტარტზე გასავარდნ ზონაში იყვნენ, თუმცა შუა ნაწილიდან გამოასწორეს თამაში. საბოლოოდ, "ბილბაო" მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო "ვილიარეალმა" ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულა. როგორც უკვე მოგახსენეთ, "ლა ლიგა" დატოვეს "რაიო ვალეკანომ", "უესკამ" და "ჟირონამ". "ლა ლიგა 2"-დან კი "ოსასუნა", "გრანადა" და "მალიორკა" აღზევდნენ. საინტერესოა ზინედინ ზიდანის "რეალში" დაბრუნება. შეძლებს თუ არა ფრანგი სპეციალისტი გუნდის დიდების დაბრუნებას. მისი მწვრთნელობის პერიოდში მადრიდელებმა ზედიზედ სამჯერ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება. შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" 2019/20 წლების სეზონი 16 ივლისს "ბილბაოსა" და "ბარსელონას" მატჩით გაიხსნება. ტური კი 19 ივლისს "ბეტისისა" და "ვალიადოლიდის" შეხვედრით დაიხურება.

სხვა სტატიები