Belive

სეზონის წინ - პრემიერ ლიგა

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2019/20 წლების სეზონი მოახლოვდა და გუნდებიც შეძლებისდაგვარად გაძლიერდნენ, ზოგი პირიქით, დასუსტდა. პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 9 აგვისტოს იწყება. სეზონს "ლივერპულისა" და "ნორვიჩის" დაპირისპირება გახსნის. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ტური კი 11 აგვისტოს ცენტრალური მატჩით, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" შეხვედრით დასრულდება. მოქმედი ჩემპიონი, "მანჩესტერ სიტი" კი 10 აგვისტოს "ვესტ ჰემთან" სტუმრად ჩაატარებს თავის მატჩს.

პრემიერ ლიგის გასული სეზონი

პრემიერ ლიგის გასული სეზონი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა "სიტისა" და "ლივერპულს" შორის ბოლო ტურამდე გაგრძელდა და საბოლოოდ მანჩესტერელებმა მხოლოდ 1 ქულით გაასწრეს მეტოქეს. დაძაბული გამოდგა ოთხეულისთვის მებრძოლთა სიაც. ბოლო ტურამდე "ჩელსის", "ტოტენჰემსა" და "არსენალსა" შეეძლოთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", გუნდი ამ ბრძოლას 36-ე ტურში გამოეთიშა და საბოლოოდ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ინგლისის სახელს მომავალ სეზონში "სიტი", "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" დაიცავენ. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასევე ინგლისური "ტოტენჰემის" დამარცხება შეძლო. ჩემპიონშიპში დაქვეითებულ გუნდებს რაც შეეხებათ, სეზონის შუა ნაწილშივე გამოიკვეთა ის სამეული, რომლებიც რანგით მეორე ლიგაში განაგრძობდნენ ასპარეზობას. "ფულემსა" და "ჰადერსფილდს" საშინელი სეზონი ჰქონდათ, ხოლო "კარდიფმა" ბოლო ტურებში დაკარგა პრემიერ ლიგაში დარჩენის შანსი.

რას უნდა ველოდოთ პრემიერ ლიგის მომავალ სეზონში?

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი კიდევ უფრო დაძაბული უნდა გამოდგეს. "მანჩესტერ სიტი" კვლავ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ასევე "ლივერპულს" აქვს ჩემპიონობის რეალური შანსი. მითუმეტეს, რომ იურგენ კლოპმა გასული სეზონის ბოლოს დააანონსა ჩემპიონობა. "მანჩესტერ სიტიმ" რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომელიც გუნდმა შეიძინა როდრია. "ქალაქელებმა" ის "მადრიდის ატლეტიკოდან" 70 მილიონ ევროდ იყიდეს. "პსვ"-დან ანგელინო შეიძინეს. გუნდიდან წასულთა სია უფრო შთამბეჭდავია. "სიტი" დატოვეს ფაბიან დელფმა, ვენსან კომპანიმ, პატრიკ რობერტსმა. მომავალი სეზონის ბოლოს მანჩესტერელებს ლიდერი, დავიდ სილვა გამოაკლდებათ.
fdb5e2b0d0f05c31fba5af81c95917c6
"ლივერპული" აქტიურად უმიზნებს ჩემპიონობას. მერსისაიდელებს განსაკუთრებული ტრანსფერი არ განუხორციელებიათ. მათ დაიბრუნეს რამდენიმე მოთამაშე, თუმცა ისევ გაანათხოვრეს. რაც შეეხება წასულთა სიას, "ლივერპული" დატოვეს დენი ინგსმა, ალბერტო მორენომ, თავისუფალი აგენტი გახდა დენიელ სტარიჯი. გუნდის ბირთვი კი უცვლელია.
"ტოტენჰემმა" 1 წლიანი პაუზის შემდეგ განახორციელა ტრანსფერები. ლონდონელებმა "ლიონიდან" ნდომბელე 60 მილიონ ევროდ შეიძინეს. ასევე იყიდეს ახალგაზრდა, 18 წლის ჯეკ კლარკი. გუნდი კი ერთ-ერთმა ლიდერმა, კირან ტრიპიერიმ დატოვა და "ატლეტიკოში" გადავიდა. წავიდა სათადარიგო მეკარე ვორმი. რაც შეეხება ფერნანდო ლორენტეს, ესპანელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.
ლონდონის "არსენალი" წელს მაიცნ ეცდება ოთხეულში მოხვედრას. უნაი ემერის მომზადებულმა გუნდმა განსაკუთრებული აქტიურობით ვერ გამოიჩინა თავი. რამდენიმე მოთამაშე დაიბრუნდა, თუმცა ისევ გაანათხოვრა. გუნდიდან წავიდა პეტერ ჩეხი, რომელმაც კარიერა დაასრულა. იჯარის შემდეგ "ნაპოლიში" დარჩა მეკარე დავიდ ოსპინა. კლუბის გარეშე დარჩნენ დანი უელბეკი, შტეფან ლიხშტაინერი. იჯარა დაუმთავრდა დენის სუარესს.
"ჩელსი" ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. გუნდი გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა და შესაბამისად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ლონდონელებმა გამოისყიდეს მატეო კოვაჩიჩი. გუნდში დაბრუნდა კრისტიან პულიშიჩი. მომავალ სეზონში "არისტოკრატთა" შემადგენლობაში იქნება ბაკაიოკო. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ჩელსიმ" მთავარი ლიდერი დაკარგა. ედენ აზარი "რეალის" ფეხბურთელი გახდა. კლუბის გარეშე დარჩა გარი კეჰილი, ხოლო გონსაკო იგუაინი "იუვენტუსში" დაბრუნდა. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდმა "კრისტალ პალასიდან" შეიძინა აარონ ვან ბისაკა, "სუონსიდან" დენიელ ჯეიმსი და "კორტრიკიდან" ჟოელ პერეირა. მანჩესტერელებმა ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა და ჯეიმს ვილსონი გაუშვეს. გუნდის პროგრამა მინიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნება.
გასულ სეზონში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს "ვულვზმა", "ევერტონმა" და "ლესტერმა". სეზონის მეორე ნახევარი კარგად ჩაატარა "ნიუკასლმა". რაც შეეხება "საუთჰემპტონსა" და "ვესტ ჰემს", ამ გუნდებს უკეთ შეეძლოთ თამაში, თუმცა ეცდებიან, რომ მომავალ სეზონში სიურპრიზები შემოგვთავაზონ. 2019/20 წლების სეზონში პრემიერშიპიდან პრემიერ ლიგაში "ნორვიჩი", "შეფილდი" და "ასტონ ვილა" აღზევდნენ. "ნორვიჩმა" ჩემპიონშიპი მოიგო. "შეფილდი" მეორე ადგილზე გავიდა, რაც შეეხება "ასტონ ვილას", გუნდმა პლეი ოფში ითამაშა და "დერბი ქაუნთი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. 2019/20 წლების სეზონი დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს. ჩემპიონატში რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესო მწვრთნელია. გადრდა გუნდებისა, ეს იქნება მწვრთნელების დაპირისპირებაც. იურგენ კლოპი, პეპ გუარდიოლა, ფრენკ ლამპარდი, მაურისიო პოჩეტინო, უნაი ემერი, ოლე გუნარ სოლსკიაერი და მანუელ პელეგრინი. ეს ის მწვრთნელები არიან, რომლებიც ეცდებიან, რომ რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის იბრძოლონ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 9 აგვისტოს, 23:00 საათზე "ლივრპულისა" და "ნორვიჩის" თამაშით გაიხსნება და პირველი ტური 11 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩით დასრულდება.

სხვა სტატიები