Belive

შაბათ-კვირა ლეგიონერებისთვის: 6 გოლი, გაზრდილი სანაკრებო კონკურენცია

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გასული შაბათ-კვირა ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული გამოდგა. ქვეყნის ფარგლებს მიღმა მოთამაშე ექვსმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა. MLS-ის მეორე ტურში, სეზონის პირველი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. ქართველების "სან ხოსე" საშინაო არენაზე "მინესოტა იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 2:5 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 53-ე წუთზე, რიკოშეტის შედეგად ბურთი მეტოქის კარში გაგზავნა. მოედანზე იყო და 64 წუთი ითამაშა ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გურამ კაშიამ. პირველ ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულით, კალიფორნიული გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
  კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა და გუნდები საჩემპიონო თუ გასავარდნ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ქართველებით დაკომპლექტებულმა "ანორთოსისმა" "აეკ ლარნაკა" მიიღო და 3 უპასუხო გოლი გაუტანა. გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ნიკა კაჭარავას კი თემურ ქეცბაიამ სათამაშოდ 20 წუთი მისცა. მატჩის 51-ე წუთზე ფამაგუსტელები წინ ორი ბურთით გავიდნენ, ამჯერად თავი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. "ანორთოსისს" 46 ქულა აქვს და ლიდერობას "ომონიასთან" იყოფს, შედეგ ტურში ქართველების გუნდს საჩემპიონო გამოცდა ელის - "ანორთოსისი" ტიტულის მოქმედ მფლობელ "აპოელს" სტუმრად დაუპირისპირდება.
  უნგრეთის ჩემპიონატში "მეზოკოვეშდმა" "კაპოშვარს" სტუმრად 4 უპასუხო გოლი გაუტანა, საიდანაც უკანასკნელი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე იყო. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და ძირითადი დროის ბოლო წუთზე სოლო-რეიდი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. 25 წლის თავდამსხმელისთვის ეს ზედიზედ მეორე, მიმდინარე სეზონში კი მეათე გოლი გახლდათ. ამ შედეგით, ზივზივაძე თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. "მეზოკოვეშდი" 44 ქულით მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად იბრძვის.
  ყაზახეთის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებულად დაიწყო. პირველ ტურში ყიზილორდიიის "კაისარმა" პავლოდარის "ირტიში" საშინაო კედლებში, მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძემ სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გაიტანა. შეხვედრაში ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა თავდამსხმელმა ლევან კუტალიამაც, ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და ანგარიშის გათანაბრების შანსი გააცუდა. 11-მეტრიანი დისტანციიდან ქართველს მეკარემ აჯობა.
  ყაზახეთში დებიუტი გოლით აღნიშნა ლუკა ზარანდიამ, რომელიც ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის მსგავსად "ტობოლის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს გატანილი გოლით "შახტართან" მისი გუნდის გამარჯვება გარანტირებული გახადა - 3:1. გოლიდან ერთ წუთში მწვრთნელმა ქართველი ათიანის შეცვლა გადაწყვიტა.
  აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურში, "ზირამ" "საბაილი" 3:1 დაამარცხა. შეხვედრის პირველი გოლის ავტორი დავით ვოლკოვი იყო. "დინამო თბილისის" და "საბურთალოს" ყოფილმა შემტევმა "გაბალადან" გადასვლის შემდეგ ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები