Belive

შალვა გოგოლაძე: "სახლში გაჩერება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ემოცია გარეთ წესების დაცვით უნდა გამოვიტანოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ მოახლოებული, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია POS TV-ის გადაცემა "სპორტის" ეთერში ისაუბრა. "დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა იმაზე დიდი მოლოდინი, როგორიც ახლა, 12 ნოემბრის მიმართ ქართული ფეხბურთის და სპორტის გულშემატკივარს აქვს. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო. ასევე, მინდა სიხარული ვუსურვო ყველა ქართველ გულშემატკივარს, ის სიხარული, რომელსაც ჯერჯერობით პირადად მეც და მთლიანად ქართული ფეხბურთის ქომაგი ვერ ეზიარა. მე ოპტიმისტი ვარ და მჯეროდა და მჯერა ჩვენი ბიჭების, რადგანაც ვხედავ ფეხბურთის ფედერაციის კარგ მუშაობას, იმას, რომ გუნდი უნიკალურადაა შეკრული, ის, რომ გამოცდილი და ახალი თაობა ერთმანეთს კარგად შეერწყა. დღეს მაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ 12 ნოემბერს საქართველო იქნება ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორიც 1981 წლის 13 მაისს.  ჩემთვის ძნელი მისახვედრი არაა თუ რა მოხდება გამარჯვების შემთხვევაში არამხოლოდ თბილისში, არამედ სრულიად საქართველოში, ვინაიდან, თუ ვინმეს ჰყავს უდიდესი გულშემატკივარი, ჰყავს ქართულ ფეხბურთს. აქედან გამომდინარე, მესმის, რომ სახლში გაჩერება ძალიან რთული იქნება. თუმცა, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, რომელმაც არავინ და არაფერი არ იცის. ამიტომაც, შეიძლება ეს ემოცია გამოვხატოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ემოციები პირბადის ტარებით, დისტანციის დაცვით და ერთმანეთთან ზედმეტი ჩახუტების გარეშე გამოვიტანოთ გარეთ. თამაშის დაწყებამდე შეგვეძლება, რომ სოციალური ქსელით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ფეხბურთელებს და მათ ძალიან კარგი აურა და ატმოსფერო შევუქმნათ. არამხოლოდ იმ 50 000-მა ადამიანმა, რომელიც სტადიონზე უნდა მისულიყო, არამედ მილიონობით ადამიანმა სრულიად საქართველოდან. მინდა თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის და ფედერაციის წევრის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. მინდა მადლობა გადავუხადო იმ თაობას, რომელმაც ქართული პერიოდი მძიმე პერიოდში შეინარჩუნეს და დღემდე მოიტანეს, რისი დამსახურებითაც დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ, რასაც 1 ნაბიჯი გვაშორებს", - განაცხადა სპორტის მინისტრის მოადგილემ.  

სხვა სტატიები