Belive

შემტევი ფეხბურთი და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება - რა უნდა ვიცოდეთ ნაკრების დროებით მწვრთნელზე?

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
ერთ კვირაზე ცოტა ხნის წინ, ქართულ საფეხბურთო ოჯახში და მთლიანად ქვეყანაში სრულიად სხვა მოლოდინი, განწყობა და ატმოსფერო იყო, დღეს კი სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. როგორც საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენ ან გმირები გავხდებოდით ან "ლუზერები". სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი აღმოვჩნდით... რატომ და როგორ მოხდა, რამ გამოიწვია ჯერ ცხოვრების უმთავრეს მატჩში, სამ დღეში კი პრინციპულ მეტოქე სომხეთთან ფაქტობრივად უშანსო მარცხი, ამას სანაკრებო პაუზის დასრულების მერე, ცივი გონებით უფრო უკეთ გავაანალიზებთ, იქამდე კი მოდით იმაზე ვისაუბროთ, რაც ზედიზედ ორ საშინაო მატჩში წაგებამ გამოიწვია. ცხადია, სამწვრთნელო შტაბის ცვლილებას ვგულისხმობთ.
No description available.
ვლადიმირ ვაისმა წასვლის გადაწყვეტილებაზე 12 ნოემბერსვე გვაცნობა, თუმცა ვიცოდით, რომ სლოვაკ სპეციალისტთა გუნდი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ორი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვტოვებდა, სომხეთთან მატჩმა კი ეს პროცესი დააჩქარა. ესტონეთთან გასამართი წლის ბოლო და შესაძლოა ითქვას პრესტიჟის მატჩამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გვამცნო, რომ გუნდს დროებით 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებდა. მოდით, ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტის განვლილ კარიერას გავეცნოთ და ის ყველაფერი გავიგოთ, რაც 39 წლის მწვრთნელის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
No description available.
იქიდან დავიწყოთ, რომ რამაზი "დინამო თბილისის" 1981 წლის ლეგენდარული ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი წევრის ზაურ სვანაძის ძმისშვილია და მის მსგავსად საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაუკავშირა. მარჯვენა მცველის საფეხბურთო კარიერა ხანგრძლივი არ ყოფილა, თუმცა ამ პერიოდში ბოლნისის "სიონში", ფოთის "კოლხეთსა" და თბილისის "ლოკომოტივში" ითამაშა. სვანაძეს პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთი ათ წელიწადზე მეტხანს არ უთამაშია, თუმცა შვედეთში ლეგიონერად ყოფნაც მოასწრო. რაც შეეხება სამწვრთნელო საქმიანობას, სვანაძე 2013 წელს "დინამოში" დასაქმდა და იქ 2 სეზონი ასისტენტის რანგში გაატარა. ამ დროში სვანაძეს ისეთ მწვრთნელებთან მუშაობა მოუწია, როგორებიც გია გეგუჩაძე, მალხაზ ჟვანია, მიხაილ ბილეკი და კახი გოგიჩაიშვილი არიან. შემდეგ იყო ბაქოს "ინტერი", სადაც ხსენებული ზაურ სვანაძის თანაშემწე გახლდათ, 2019 წლიდან კი დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. პირველი დიდი სამწვრთნელო გამოცდის ჩაბარება სვანაძეს 2019 წლიდან უწევს, რაც საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების საჭე ანდეს. ახალგაზრდულ გუნდში გატარებულ ერთ წელიწადში სვანაძემ 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ოთხში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სვანაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი ჩაიშალა. არადა, ახალგაზრდებმა იქამდე მისასვლელად შთამბეჭშდავი გზა განვლეს, დაამარცხეს რა ყაზახი (3:1), უნგრელი (4:2) და ხორვატი (2:0) თანატოლები. მაშინ გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემტევები ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ირიცხებოდნენ.
No description available.
სვანაძე უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს, რაზეც ხსენებული შედეგები და ის ფაქტი მეტყველებს, რომ მისმა გუნდმა 13 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ისე, აწი ეს სტატისტიკა აღარად გამოგვადგება, თუმცა სიმბოლურია, რომ სვანაძემ კარიერაში ბოლო ორი მატჩი ჩრდილო მაკედონიელთა 19-წლამდელთა გუნდთან გამართა და ორივეში დამაჯერებლად იმარჯვა (4:3 და 5:1), თანაც მეტოქის მოედანზე. ფოტო: საქართველოს პირველი არხი

სხვა სტატიები