Belive

შეთანხმება მიღწეულია: რუდიგერი რეალში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თანახმად, ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური მცველი, ანტონიო რუდიგერი, ზაფხულიდან მადრიდის "რეალის" რიგებს შეუერთდება. რომანოს სიტყვებით, მადრიდულმა გრანდმა გერმანელ მცველთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია, თუმცა კონტრაქტზე ხელი ჯერ მოწერილი არაა. ცნობილია ისიც, რომ ორივე მხარე გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზეა თანახმაა. რაც მთავარია, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს, "მადრიდის რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ დაიმატებს. რუდიგერს, რომლის სატრანსფერო ფასიც 35 მილიონ ევროს შეადგენს, "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. რუდიგერის გუნდიდან წასვლის შესახებ ცნობა ტომას ტუხელმაც დაადასტურა. "ვესტ ჰემთან" 1:0 გამარჯვების შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ რუდიგერს გუნდიდში დარჩენა აღარ სურდა.
"ეს მისი გადაწყვეტილებაა. მე და კლუბმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ანტონიო გუნდში დარჩენილიყო, თუმცა გამოსავალი აღარ არის. რომ არა სანქციები, ჩვენ ბრძოლას მაინც შევძლებდით, თუმცა ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. რუდიგერი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ის ძალიან დაგვაკლდება. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გასახდელში ენერგიას მატებს, რომელიც სეზონში 50-55 მატჩს უშეცდომოდ ჩაატარებს. ჩვენ პრობლემის წინაშე ვდგებით და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ", - თქვა ტუხელმა.
3361377-68707808-2560-1440

რეალურად, რუდიგერის წასვლა "ჩელსის" უდიდეს პრობლემას უქმნის. უკრაინაში უკანონოდ შეჭრის გამო, ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რომელიც ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენების სანქცირებასაც ითვალისწინებდა. რომან აბრამოვიჩს "ჩელსი" ჩამოერთვა, ლონდონურ კლუბს კი, ახალი მფლობელის გამოჩენამდე, ბევრი რამ აეკრძალა - მათ შორისაა ახალი ფეხბურთელების შეძენა და კონტრაქტების გაფორმება. "ჩელსის" შეძენით რამდენიმე მხარეა დაინტერესებული. გუნდის გაყიდვის სავარაუდო ფასი 2.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს.

"რეალისა" და რუდიგერის გზები აქამდე 5-ჯერ გადაიყარა (2 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი), თუმცა ყველაზე დრამატული და დასამახსოვრებელი, უდავოდ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი იყო. 29 წლის გერმანელი მცველი მთელი მატჩის განმავლობაში ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობდა და გოლის გატანაც შეძლო, თუმცა "რეალის" სასამარცხებლად ეს საკმარისი არ გამოდგა.

სხვა სტატიები