Belive

შოთა არველაძე: "ჩვენთან უფრო ადვილია, გახდე პრემიერ-მინისტრი, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი. მირჩევნია პრემიერ-მინისტრი გავხდე"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
როგორც უკვე იცით, 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია. სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა ნაკრების დატოვების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა, ის საქართველოს ნაკრებს მომდევნო ორ შეხვედრაშიღა უხელმძღავნელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ რუსულ მედიას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისცა ინტერვიუ. 47 წლის სპეციალისტი ძალიან გულდაწყვეტილია საქართველოს ნაკრების მიერ განცდილი მარცხის გამო. "ვერცკი წარმოიდგენთ, რამდენად გულდაწყვეტილი ვარ, ძალიან მტკივნეულია. გუნდი ძალიან ეცადა, გამარჯვების მოპოვება სურდათ. ეს არ იყო უბრალოდ ერთი თამაში - ეს მთელი გზაა, რომელიც 30 წლის წინ დავიწყეთ". თუმცა, არველაძე თვლის, რომ დადებითიც უნდა დავინახოთ. "ჩვენ პირველად ვიყავით ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან. ეს დიდი გამოცდილებაა. საქართველომ ჯერ ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო, შემდეგ ნახევარფინალი. ფინალი წავაგეთ, თუმცა არა თამაშით. ორივე გუნდი დაბნეულად გამოიყურებოდა. მოხდა ის, რაც მოხდა. დასკვნების გამოტანაა საჭირო". შოთამ ისაუბრა იმაზეც, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოეთ მაკედონიასთან წარუმატებლობის მთავარი მიზეზები. "ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვეთამაშა ხუთი მცველის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩემთვის მარტივია მსჯელობა, რადგან თამაშს ტელევიზორით ვადევნებდი თვალს. შეტევაში თითქმის არაფერი გამოგვდიოდა. შეხვედრისთვის როგორ მზადაც არ უნდა ვყოფილიყავით, სამი საკვანძო მოთამაშის გამოკლებამ გუნდური და კომბინაციური ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა. როცა მეტოქე ხუთი მცველით კონტრშეტევებზე აწყობილ ფეხბურთს გეთამაშება, მაშინ ინდივიდუალური შემსრულებლები გესაჭიროება". "არავის დადანაშაულება არ მინდა, მაგრამ საქართველოს მთავრობას და ფეხბურთის ფედერაციას უნდა ეზრუნათ სტადიონზე გულშემტკივრების დაშვებაზე. თუნდაც მცირე რაოდენობით, სოციალური დისტანციის დაცვით. ჩვენ გვჭირდებოდა მხარდაჭერა, ხმაური, სულისკვეთება. არ ვიცი, ეს საკითხი რა დონეზე გადაწყდა, თუმცა ადამიანები, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, შესაძლოა ვერ ერკვეოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს მხარდაჭერა". არველაძემ ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული შეხვედრა კოვიდ-19-ის გამო გამოტოვა. "რა თქმა უნდა, კავარცხელია გუნდს ძალიან აკლდა. გვაკლდა არაორდინალურობა. ის მეტოქეს ერთი-ერთზე ატყუებს, მის წინააღმდეგ ჯარიმდებიან და იღებენ გაფრთხილებებს, მისი მოქმედებები გუნდს თავდაჯერებულობას მატებს. ასეთი მოთამაშეები მატჩის ბედს წყვეტენ". "ხვიჩა ევროპაში სათამაშოდ წავა. რომელ ჩემპიონატში? ვისურვებდი, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში. დიდი ხანია იქ აღარავინ გვყოლია. თუ "ბაიერნი" წაიყვანს, მაშინაც არავინ არ განაწყენდება". არველაძეს აზრის გამოთქმა ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებითაც სთხოვეს. " მე მესმის იმ ადამიანის, რომელმაც სული ჩადო, ორი წელი იმუშავა, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია, მაგრამ ერთ დღესაც ეს ყველაფერი იმსხვრევა. ჩვენთან ასეა: დღეს გმირი ხარ, ხვალ - ანტიგმირი. და როგორც ყოველთვის, სამი მილიონი ქართველიდან ყველა მწვრთნელია - არასწორად იქნა შერჩეული შემადგენლობა, ცვლილებები დააგვიანა და არ იყო სწორი და ა.შ." "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელს საქართველოს ნაკრებში შესაძლო მუშაობის პერსპექტივაზეც ჰკითხეს. " არა, ეს ძალიან მტკივნეული თემაა. არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ინერვიულონ. ჩევნთან უფრო მარტივია პრემიერ-მინისტრი გახდე, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი, უმჯობესია, პრემიერ-მინისტრი ვიყო".      

სხვა სტატიები