Belive

შოთა არველაძე: "ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა გაიმარჯვებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
"ჰალ სიტის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ უკრაინულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ქვეყანაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა.
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ომი ახლა დაიწყო. დაპირისპირება წლები მიმდინარეობს. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიაში ჩაიხედავთ, ვნახავთ, რომ ეს არ დაწყებულა არც 24 თებერვალს და არც 2008 წელს საქართველოს შემთხვევაში. ეს დაიწყო დიდი ხნის წინ, მრავალი ათეული წლის წინ. 24 თებერვალი, უფრო სწორად თუ ვიტყვით, შემდეგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ ადრე თუ გვიან შეტევა მოხდებოდა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, მათგან არც თუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავ ვინმეს დაბადების დღეს? ან, მაგალითად, გილოცავთ აღდგომას. ჩემს მეგობრებს მუსლიმური ქვეყნებიდან ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. აღდგომის დღესასწაულზე თბილ სიტყვებს მეტყვიან. და ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი საკუთრება წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და არასოდეს გეკუთვნოდა, მერე კი ზოგს უკვირს, საიდან მოდის სიძულვილი. ბავშვობაში მასწავლიდნენ: "არასოდეს შეეხო სხვის საკუთრებას, რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს რამე. სიხარბისა თუ დიდების სურვილის მიუხედავად - არასოდეს". ეს ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში გაიზარდა დიდი ხე, ალუბალი. ამ ხის ტოტები ბებიის ეზოს თავზე ეკიდა. ჩვენ ბავშვებს ამ ალუბლის ჭამა ძალიან გვინდოდა, მაგრამ ბებიამ ამის ნება არ მოგვცა და აგვიხსნა: „ეს ჩვენი არ არის“. სულ მცირე, უნდა გეკითხა, შეგიძლია თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ კენკრაა, აქ კი ვიღაც სხვას სისხლს, სიცოცხლეს ართმევს.
საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც არასწორად ხდება. შეგვიძლია მათ გარეშე ცხოვრება. შვეიცარია როგორღაც ცხოვრობს გმირების გარეშე, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას, ისევე როგორც დღევანდელი გერმანია. მათ ჰყავთ სხვა გმირები - აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ყოველთვის ომს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივა ამის ყურება, მაგრამ გულში მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც შეუძლია ასე ძლიერ ბრძოლა.  შევჩენკოს ძალიან კარგად ვიცნობ და მესმის მისი. ვიცი, რა უჭირთ მათთვის - 2008 წელს მეც დამირეკეს მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ იქ დარჩნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები. ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ოჯახმა უარი თქვა. მე მაინც წავედი და გავიარე ტრაბზონი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს ყველა უკრაინელი. ყოველდღიური გამოცდილება, ახალი ამბების კითხვა... ჩვენც დაგვბომბეს, თვითმფრინავებიდანაც გვესროლეს, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25% ოკუპირებული იყო. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ძალიან ღელავს უკრაინაზე, ყველას ძალიან გვტკივა თქვენი მდგომარეობა. მე ვღელავ, ჩემი მშობლები 75 წლის არიან, განიოცდიან ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და გვერდიდან ყურება. ვიცი, რომ სიმართლე ერთია. მე ვიცი, რომ თქვენი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას. შეიძლება ამ ომში განიცადოთ წეერტილოვანი მარცხი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, ვერ წააგებს. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერსკის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს იგივე სალოცავია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი... იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ მალე ომი აღარ იყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, ყველანი თქვენთან ვართ. თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი და მშვიდად იცხოვროს თავის ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას", - თქვა საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას.  

სხვა სტატიები